Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესში უვადო მოსამართლეობა 6 კანდიდატს სურს, მათგან 2 ბესელიას „შეჩერებულ სიაში“ იყო

დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ალანია
დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ალანია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს უვადოდ განსაწესებელი მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტების მიღება დაასრულა. საბჭო პარლამენტს ექვს კანდიდატს წარუდგენს, მათგან ყველა მოსამართლეა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში უვადოდ მუშაობის უფლება აქვთ.

ექვსკაციან სიაში ორს (თამარ ალანია და დიმიტრი გვრიტიშვილი) უზენაეს სასამართლოში უვადოდ მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს სურდა. მაშინ ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თანამდებობა 10-კაციანი სიის „შესაჩერებლად“ დატოვა. ბესელია ამბობდა, რომ ეს იყო „ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი“.

ათკაციანი სია

2018 წელს საქართველოსი დაიწყო პროცესი, რომლითაც პირველად უნდა აერჩიათ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები. ათკაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია. მათ შორის იყვნენ თამარ ალანია და დიმიტრი გვრიტიშვილი. დანარჩენი რვა კანდიდატიდან ოთხი ამ თანამდებობაზე მოგვიანებით აირჩიეს:

დანარჩენი ოთხი კანდიდატი სასამართლო სისტემაში მუშაობდნენ, თუმცა სხვა თანამდებობაზე:

ვის უნდა ახლა მოსამართლეობა?

ალანიასა და გვრიტიშვილის გარდა სიაში არიან: გიორგი გოგინაშვილი, ლიანა კაჟაშვილი, დავით მამისეიშვილი და სალომე სამხარაძე.

  • თამარ ალანია სასამართლო სისტემაში 2006 წლიდან მუშაობს, 2017 წელს ის უვადო მოსამართლე გახდა. მან 2019 წლის სექტემბერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გასაუბრების დროს თქვა, რომ ის წინა ხელისუფლების დროს წნეხის ქვეშ არ ყოფილა, თუმცა აღნიშნა, რომ „არსებობს ანგარიშები, სადაც ამაზე [პოლიტიკურ ზეწოლაზე] არის საუბარი... მსმენია ამ ანგარიშებიდან, აი, ასეთი გზით“.
  • დიმიტრი გვრიტიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა არაერთხელ სურდა. 2020 წელს გასაჯაროებულ მის ავტობიოგრაფიაში ეწერა, რომ 2008 წლიდან მისი კარიერა „თავბრუდამხვევად განვითარდა“. სწორედ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო მისი სამოსამართლეო კარიერა: 2008 წლიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, 2017 წელს კი გახდა უვადო მოსამართლე. უკვე 2020 წლიდან მუშაობას აგრძელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

    2020 წელს მან თავის ბიოგრაფიაში ჩაწერა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა მისი ოცნება და კარიერის პიკია.
  • გიორგი გოგნიაშვილი საქალაქო სასამართლო მოსამართლედ 2006 წელს იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით დაინიშნა. 10 წელში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გახდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2018 წლიდან კი არის უვადო მოსამართლე.
  • ლიანა კაჟაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლიდან მუშაობს. მან 24 აპრილს შეწყვიტა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სარჩელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, ცილისწამების შესახებ იყო. მისი ქმარია ამირან ძაბუნიძე, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, და გულიკო კაჟაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
  • დავით მამისეიშვილი წინა ხელისუფლების დროს ჯერ საგამოძიებო უწყებებში მუშაობდა, შემდეგ კი რაიონულ სასამართლოებში განიხილავდა საქმეებს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, 2017 წელს უვადო მოსამართლე გახდა. უკვე 2021 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილავს საქმეებს. მათ შორის ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის საქმე იყო
  • სამოსამართლეო საქმიანობის ყველაზე მცირე სტაჟი აქვს სალომე სამხარაძეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეებს 2021 წლიდან განიხილავს.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლო საქართველოში ბოლო ინსტანციაა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება. მოსამართლეები უვადო წესით აირჩევა.

  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს (ნინო ქადაგიძე) ხელფასი 14 600 ლარია;
  • თავმჯდომარის პირველი მოადგილის (გიორგი მიქაუტაძე) - 13 432 ლარი;
  • მოადგილის (ლევან თევზაძე) - 13 140 ლარი;
  • სხვა მოსამართლეების (ყველა მოსამართლე, რომლებსაც არ უკავიათ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა) – 12 410 ლარი.

ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად ორი ძირითადი ეტაპია გასავლელი:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა - საბჭოს უმრავლესობა თავად მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული;
  • შემდეგ კი პარლამენტში დამტკიცება.

დღევანდელი მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლეა. ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაამტკიცეს. ამ თანამდებობას ყველა უვადოდ იკავებს.

„სასამართლო კლანი“

სასამართლოს „კლანზე“ უკვე წლებია ლაპარაკობენ სისტემიდან წასული მოსამართლეები, არასამთავრობო სექტორი, უფლებადამცველები, საერთაშორისო პარტნიორები. „კლანის“ არსებობას უარყოფენ მოქმედი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

მაგალითად, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ჰყვებოდა, თუ რა ხერხებითა და წნეხით აიძულებდა „სასამართლოს კლანი“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას:

„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი. ასე საჯაროდ დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა, ისეთი ზეწოლის და სტრესის ქვეშ ვიყავი“.

სასამართლოს „კლანის“ ლიდერად, ლევან მურუსიძესთან ერთად ხშირად სახელდება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაუწესა სავიზო შეზღუდვა. მურუსიძეს ნათქვამი აქვს, რომ ის თავს არა „კლანის“, არამედ სასამართლო სისტემის ლიდერად მიიჩნევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG