Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერი მელონი ერევნიდან ბაქოში გაემგზავრა და ალიევს შეხვდა

ჯორჯა მელონიმ ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა.
ჯორჯა მელონიმ ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, რომელიც ორშაბათს, 4 მაისს, ერევანში დაესწრო „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ სამიტს, იმავე საღამოს ერევნიდან ბაქოში გაემგზავრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შესახვედრად.

მისმა ადმინისტრაციამ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ ჯორჯა მელონი ორივე ქვეყანას ეწვეოდა.

უკვე გაიმართა ალიევისა და მელონის ორმხრივი შეხვედრა. გაიმართა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც.

მელონის თქმით, ეს იტალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში 2013 წლის შემდეგ.

ალიევის თანახმად, იტალია და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ მელონი ბაქოში ერევნიდან ჩავიდა.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, იტალიაში გაზისა და ნავთობის ექსპორტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ - წარმოვადგენ დიდი სიამაყით. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კავშირების განმტკიცებაზე“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

  • იტალია აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მათ შორის ვაჭრობის მოცულობამ 2025 წელს 11 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
  • ორ ქვეყანას მჭიდრო კავშირები აქვს ენერგეტიკის სფეროში - იტალიის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 16% აზერბაიჯანიდან არის იმპორტირებული.

მელონი არ არის ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც მიმდინარე პერიოდში სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანას ეწვია.

აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ერევნიდან ბაქოში მიემგზავრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.

4 მაისს ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც განუცხადა, რომ ილჰამ ალიევს პირადად შეხვდება. ალიევი ვიდეოზარით ჩაერთო სამიტს.

ჯერჯერობით მაკრონი კვლავ სომხეთშია. ორშაბათ საღამოს მან და ფაშინიანმა ერთმანეთი ღირსების მედლითა და ორდენით დააჯილდოვეს.

სამშაბათს, 5 მაისს, დაგეგმილია მაკრონის ვიზიტი ქალაქ გიუმრიში, სადაც გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ.

გიუმრიში მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG