საკითხზე მომხსენებელმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სახალხო პარტიიდან“, რასა იუკნევიჩიენემ, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები წლებია, აკრიტიკებენ, მათ შორის, მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით, კენჭისყრამდე მოკლე სიტყვით ისარგებლა.
მისი თქმით, ანგარიშს იღებენ ერევანში მიმდინარე სპეციალური ფორუმის პარალელურად. "დიახ, არ მეშლება - ერევანში, თუმცა კენჭს საქართველოს საკითხს ვუყრით", - თქვა იუკნევიჩიენემ.
5 მაისს ერევანში გაიხსნა სომხეთისა და ევროკავშირის პირველი სამიტი, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები, ანტონიუ კოშტა და ურზულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობენ.
სომხეთი-ევროკავშირის სამიტის წინ, 4 მაისს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს უმასპინძლა.
„ვფიქრობ, თითოეულ პროევროპელ ქართველს უხარია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროპული პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამ პროცესის მიღმა დარჩა. მაგრამ კვლავინდებურად მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივისა“, - თქვა ლიეტუველმა დეპუტატმა.
რა წერია ანგარიშში
ესაა მეორე ანგარიში საქართველოზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაზე, რომელიც მომზადებულია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ
„ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით“.
ანგარიშის პროექტის თანახმად, ევროპის პარლამენტი კვლავ გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის, დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“. მასში მორიგ ჯერზე განცალკევებულია ხალხი საქართველოს მთავრობისაგან, - რაზეც თბილისი მწვავედ რეაგირებს.
ამავე დოკუმენტის ავტორები მიესალმებიან ეუთოს 24 წევრი ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის საფუძველზე მომზადებულ ასევე კრიტიკულ ანგარიშს.
დოკუმენტის პროექტის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“.
პროექტში ხაზგასმულია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციების მნიშვნელობა და მათ მოიხსენიებენ, როგორც პასუხისმგებლებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე.
"დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია", - ნათქვამია ანგარიშის პროექტში.
- ანგარიშის მიხედვით, ევროპარლამენტის დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დანერგოს ანგარიშვალდებულების დამოუკიდებელი მექანიზმები დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად,
- გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მეშვეობით,
- გადაჭრას დეოლიგარქიზაციის საკითხი და გააუქმოს რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები.
მასში ასევე ვკითხულობთ მოწოდებას "პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა" გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებთან.
შესწორებების ვერსიები
ანგარიშის პირვანდელ ვერსიას თან ერთვის ათობით შესწორების პროექტი, რომელთა უმეტესობაც ასევე კრიტიკულია ხელისუფლებისადმი, თუმცა ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მთავრობას. მათ უმეტესობას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ბიძინა ივანიშვილი ტექსტსა და შესწორებების პროექტებში 28-ჯერ არის ნახსენები - კრიტიკულ კონტექსტში.
ევროპარლამენტარების, რასა იუკნევიჩიენესა და მირიამ ლექსმანის შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გმობს „იმედისა“ და „პოსტივის“ მიერ „ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებას“ და აქებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაეწესებინა ფინანსური სანქციები ამ ორი მაუწყებლისთვის.
შესწორების კიდევ ერთ პროექტში, „იმედთან“ და „პოსტივისთან“ ერთად ნახსენებია „რუსთავი 2“, - სამივე ტელეარხი მოხსენიებულია, როგორც „ქართული ოცნების" რეჟიმის დე ფაქტო კომუნიკაციების დეპარტამენტი“.
აღნიშნული შესწორების ინიციატორები არიან კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა.
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე „პასუხისმგებელი „ოცნება“ იქნება“ - შესწორება
ანგარიშის მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს ერთ-ერთი შესწორება ასეთია:
- ხაზგასმულია ევროკომისიის გადაწყვეტილება, შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს;
- 2025 წლის 30 დეკემბერს ევროკავშირის ყველა წევრმა მიიღო უფრო მოქნილი „სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი“;
- გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ „დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების შეზღუდვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო“;
- აღნიშნულია, რომ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მიერ „ძირითადი კრიტერიუმებისა და წინა რეკომენდაციების შეუსრულებლობას“;
- მითითებულია გაფრთხილება, რომ „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იქნება „ქართული ოცნება“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და აცხადებენ, რომ რეზოლუციებს, - მათ შორის ისეთებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, -„ჩალის ფასი აქვს“.
ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაუჭირა მხარი, შემდგომში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება საბოლოო კენჭისყრისთვის.
ფორუმი