წერილში მიტროპოლიტი გრიგოლი წარმოადგენს თავის ხედვას, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს ეკლესია და უკეთ უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.
ხედვის ძირითადი საკითხები
ეკლესიის წესდების განახლება – საჭიროა არსებული დებულების დახვეწა, რათა სრულად შეესაბამებოდეს ტრადიციასაც და თანამედროვე რეალობასაც, იყოს მკაფიო და თავიდან აიცილოს გაუგებრობები.
კრებსითი მმართველობის გაძლიერება – სინოდის მუშაობა უნდა გახდეს უფრო აქტიური და ეფექტიანი, უნდა ჩატარდეს მეტი სხდომა, იყოს მეტი ჩართულობა და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება.
მღვდელმსახურთა სოციალური მდგომარეობა – მიტროპოლიტი წერს, რომ ხშირად იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს სასულიერო პირთა სოციალური მდგომარეობა დალხენილია. სინამდვილეში კი მღვდელმსახურთა მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, ვინც პატარა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მოღვაწეობენ და თან ოჯახური პასუხისმგებლობაც აკისრიათ, შეჭირვებულ პირობებში ცხოვრობენ. ამიტომ, მისი ხედვით, საჭიროა სამართლიანი და გამჭვირვალე ფინანსური მხარდაჭერის სისტემა.
სოციალური მსახურების განვითარება – ეკლესიამ უფრო ორგანიზებულად უნდა იმუშაოს სოციალურ პრობლემებზე (სიღარიბე, მიგრაცია, ახალგაზრდობა) და შექმნას ერთიანი სოციალური დოქტრინა, მათ შორის თანამედროვე ეთიკურ საკითხებზე.
განათლება და მისიონერობა – საჭიროა საღვთისმეტყველო განათლების გაუმჯობესება, მონასტრების საგანმანათლებლო როლის გაძლიერება და უფრო აქტიური მისიონერული საქმიანობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
ახალგაზრდების ჩართვა - მიტროპოლიტი წერს, რომ თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდობის ნაწილი რჩება ეკლესიური ცხოვრების მიღმა ან მასთან მხოლოდ ფორმალურ კავშირში, რაც გამოწვეულია როგორც სეკულარიზაციის გავლენით, ისე განპირობებულია სულიერ-საგანმანათლებლო მუშაობის სიმცირით. შედეგად სუსტდება მათი მონაწილეობა ეკლესიის ლიტურგიკულ, საგანმანათლებლო და სოციალურ ცხოვრებაში.
ამ საკითხის გადაჭრის გზად კი ის ხედავს ლოკალური საგანმანათლებლო ჯგუფების, შემეცნებითი პროგრამების, ციფრული პლატფორმების შექმნას, რათა ახალგაზრდობის მონაწილეობა გადაიზარდოს საეკლესიო ცხოვრებაში.
საეკლესიო ტრადიციის დაცვა – მნიშვნელოვანია ტრადიციის სწორად გააზრება და გადაცემა, რათა არც დაიკარგოს მისი არსი და არც ფორმალურად იქცეს.
დიასპორასთან ურთიერთობა – უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან კავშირი უნდა გაძლიერდეს, მხარდაჭერა გაეზარდოს იქ არსებულ ეპარქიებს და შენარჩუნდეს ეროვნული იდენტობა.
დასკვნის სახით კი მიტროპოლიტი წერს, რომ ეკლესიის გაძლიერება უნდა მოხდეს ერთობის, ტრადიციის ერთგულებისა და თანამედროვე საჭიროებებთან ადაპტაციის გზით, საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილის) ხედვის სრულ ტექსტს ფოთისა და ხობის ეპარქია ავრცელებს სოციალურ ქსელში.
2026 წლის 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა. მათ შორისაა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში - გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილიც. მან შვიდი ხმა მიიღო.
ყველაზე მეტი ხმა მიიღო სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ შიომ (მუჯირი) – 20 ხმა.
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) კი - შვიდი ხმა.
როდის აირჩევენ ახალ პატრიარქს?
2026 წლის 17 მაისამდე ახალი პატრიარქი უკვე არჩეული უნდა იყოს.
ახალი პატრიარქი გამორჩეული სამი კანდიდატურიდან ირჩევა.
გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა - კრების მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი.
საერთო კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე უნდა გაიმართოს, თუკი საბოლოო კენჭისყრით ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ხელმეორე კენჭისყრა გაიმართება.
აქ კენჭს უყრიან მხოლოდ ორი კანდიდატს, რომელთაც პირველ ჯერზე ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ფორუმი