გასულ ღამით, როცა რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ, რამდენიმე დრონი ლატვიის საჰაერო სივრცეში შევიდა. ორი ლატვიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ლატვიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ რეზეკნეს ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ერთი დრონი მოხვდა კომპანია East-West Transit-ის ნავთობის რეზერვუარს, რომელიც ცარიელი იყო. არავინ დაშავებულა.
ლატვიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დრონები ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან აღმოჩნდნენ. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის იყო თუ უკრაინის.
2026 წლის მარტში იყო შემთხვევა, როცა უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული დრონები კურსიდან გადახვევის გამო ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ფინეთის ტერიტორიებზე ჩამოვარდნენ, რის გამოც უკრაინამ ამ ქვეყნებს ბოდიშიც მოუხადა. უკრაინული დრონი ფინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა მაისის დასაწყისშიც.
2025 წლის სექტემბერში ლატვიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსული დრონის ფრაგმენტიც.
ფორუმი