Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა

7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა "საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე" დაკავებულ გიორგი უძილაურს.

"ვფიქრობ, საქმეში არც საქართველოს ინტერესების საზიანო და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის დამადასტურებელი ინფორმაციაა, - განუცხადა მედიას სხდომის დასრულების შემდეგ ჯაშუშობის გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა.

უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი კი აცხადებდა, რომ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან, მისი განცხადებით, საქმეში, რომელსაც ის უკვე გაეცნო, “არ დევს ადეკვატური მტკიცებულებები”.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა სახის მტკიცებულებებია საქმეში, ბექა გულედანმა თქვა, რომ მათ შორის არის აუდიო და ვიდეო მასალაც.

გიორგი უძილაური, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა, ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

საქმეს კი გრიფი “საიდუმლო” ადევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სხდომებიც დახურული იქნება და ადვოკატსაც გაუთქმელობის ვალდებულება აქვს.

ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს, პროკურატურამ ბრალდება 6 მაისს წარუდგინა - საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე.

რას ედავება პროკურატურა უძილაურს

პროკურატურის თანახმად, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას".

გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა).

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

5 მაისს, როცა ეს ამბავი გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, თუმცა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელა ცნობა, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.

რა დაადგინა გამოძიებამ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დაადგინეს, რომ გიორგი უძილაური „თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას“.

უძილაური 5 მაისს საგამოძიებო სამსახურის შენობაში დააკავეს.

ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე, გიორგი უძილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG