ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი 13-15 მაისს შედგება. თარიღი 11 მაისს გამოაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მანამდე დასავლეთის მედიასაშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ჩინეთში ტრამპის ვიზიტი 14-15 მაისს შედგება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში ვიზიტს და ჩინეთის მეთაურ სი ძინპინთან შეხვედრას 2026 წლის მარტის ბოლოს გეგმავდა, თუმცა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, 16 მარტს განაცხადა, რომ ჩინეთს სთხოვა ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადება
დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ სი ძინპინთან და ჩინეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ და ამასთან, ჩინეთი არაერთხელ გაუკრიტიკებია ეკონომიკური პოლიტიკისა და გლობალური პოლიტიკური საკითხებისადმი დამოკიდებულების გამო.
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ტრამპი ჩინეთისგანაც მოითხოვდა საწვავის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი და თეირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში ჩართვას.
სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი ჩინეთში სი ძინპინთან შეხვედრისას სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების გარდა განიხილავს ირანის და რუსეთის თემას, მათ შორის შემოსავლებს, რომლებიც ამ ქვეყნებს ჩინეთთან ვაჭრობით აქვთ და მათთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების პრობლემას.
თავად ჩინეთისთვის აშშ-თან მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემაა ტაივანი - ნაწილობრივ აღიარებული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ჩინეთი თავის მეამბოხე პროვინციად მიიჩნევს.
ფორუმი