12 მაისს მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ ტელეარხ „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ დზიადკო დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჟურნალისტს „ფეიკებად“ ჩაუთვალეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები უკრაინის ქალაქებში, ბუჩასა და ირპენში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ.
საპატიმრო სასჯელის გარდა ტიხონ დზიადკოს დაეკისრა 250 ათასი რუბლის ჯარიმა და ოთხი წლით აეკრძალა საიტების ადმინისტრირება. ბრალდების მხარე, რომელიც „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ბრალს სდებს „უცხოეთის აგენტების“ კანონის დაცვისთვის თავის არიდებაშიც, 8-წლიან პატიმრობას და 5,9 მილიონი რუბლით დაჯარიმებას ითხოვდა.
რუსეთის ხელისუფლებამ ტიხონ დზიადკო ძებნილად გამოაცხადა 2025 წლის აპრილში. ოქტომბერში დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. 2022 წლიდან დზიადკო „უცხოეთის აგენტების“ სიაშია, 2025 წლიდან კი - „ტერორისტების და ექსტრემისტების“.
- უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დოჟდი“ გამოაცხადა „არასასურველ ორგანიზაციად", ხოლო არხის არაერთი ჟურნალისტი, მათ შორის ეკატერინა კოტრიკაძეც - „უცხოეთის აგენტად".
- ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ლიცენზია ჯერ ლატვიისგან, ამ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი ნიდერლანდისგან მიიღო.
2026 წლის თებერვალში მოსკოვის სასამართლომ რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდებით 8-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა ტელეარხ „დოჟდის“ წამყვან ეკატერინა კოტრიკაძესაც.
რუსეთის პროკურატურამ და სასამართლომ „ფეიკებად" მიიჩნიეს ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც ეხებოდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და ოდესაზე ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი თვის გოგოს და მისი დედის დაღუპვას და „დოჟდის“ ეთერში უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ხელმძღვანელის ციტატის მოყვანა, რომელიც ეხებოდა კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის დროს მათ მიერ ჩადენილ წამებას და გაუპატიურებას.
- რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციის"(„ფეიკების“) გავრცელების მუხლი დაამატეს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში.
- „დანაშაულის" კატეგორიების მიხედვით მინიმალური სასჯელი ჯარიმაა, მაქსიმალური - 15 წლამდე პატიმრობა. „ფეიკების“ მუხლით უამრავი ადამიანია გასამართლებული.
ფორუმი