Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISIS-ის წევრობის ბრალდებით პანკისში 3 მოქალაქე დააკავეს

„სკრინები“ სუსის გავრცელებული კადრებიდან
„სკრინები“ სუსის გავრცელებული კადრებიდან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ პანკისის ხეობის სოფლებში სამი ადამიანი დააკავეს „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით. სუსის თანახმად, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრები იყვნენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს სუსის მიერ ISIS-სთან დაკავშირებული მეორე ოპერაციაა - ორი ადამიანი 2026 წლის 20 აპრილს დააკავეს.

19 მაისს გამართულ ბრიფინგზე სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ სამივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

ისინი დააკავეს სუსის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

ომალო, ბირკიანი და ჯოყოლო

ბრალდებულები დააკავეს პანკისის ხეობის სამ სოფელში - ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში - „ჩატარებული ღონისძიებების შედეგად“.

გამოძიების ვერსიით, ისინი

  • „გაერთიანდნენ ISIS-ის რიგებში;
  • ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს“.

კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან მოდიოდა დავალებები ან ვის მიერ, სუსს არ დაუსახელებია.

„ტერორიზმის პროპაგანდა“

„ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ „ჯამაათის“ ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ“, - განაცხადა მაღრაძემ.

ამ მიზნით ისინი „სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას“, - ასეთია სუსის ვერსია.

მაღრაძის თქმითვე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მათ და კიდევ სხვა პირთა მიმართ „მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები“.

„ამოღებულია“ იარაღი

სუსის თანახმად, გამოძიებამ ჩხრეკის შედეგად „ამოიღო“:

  • „რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი;
  • ასაფეთქებელი ნივთიერება;
  • საბრძოლო მასალა;
  • მობილური ტელეფონები;
  • კომპიუტერული ტექნიკა და
  • სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები“.
  • ასევე, ISIS-ის დროშა, მისი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.

10-დან 17 წლამდე პატიმრობა

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • 328-ე მუხლი - „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება“;
  • 236-ე მუხლი - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

მათ 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სუსი აცხადებს, რომ განაგრძობს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.

წინა შემთხვევა

ზუსტად ერთი თვით ადრე, 2026 წლის 20 აპრილს, სუსმა განაცხადა, რომ ბათუმში ორი ადამიანი დააკავა „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით - სუსის თანახმად, ისინიც „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრები იყვნენ.

მათგან ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, მეორე - „უცხო ქვეყნისა“ (კონკრეტულად რომელი ქვეყნის, სუსს არ დაუსახელებია).

ISIS და საქართველო

  • 2019 წელს აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა სირიელ მებრძოლთა ალიანსმა განაცხადა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში კონტროლის ქვეშ მყოფი ბოლო ტერიტორიული კერა დაკარგა;
  • თუმცა ამის შემდეგ ჯიჰადისტურმა ჯგუფმა რამდენიმე თავდასხმა მაინც განახორციელა.
  • გაეროს განცხადებით, ჯგუფს სირიასა და ერაყში კვლავ 5 000-დან 7 000-მდე მებრძოლი ჰყავს.
  • წლების წინ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იღებდა სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, არაერთი დაიღუპა, მათ შორის ბირკიანელი თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ-შიშანი).
  • ISIS-ის წევრობის ბრალდებით საქართველოში 2021 წელს ხუთი ადამიანი დააკავეს.
  • 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ISIS-ის ერთ-ერთი წევრი, აჰმედ ჩატაევი (მან თავი აიფეთქა).

სუსის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის თანახმად, - რომელიც 21 აპრილს გამოქვეყნდა, - „საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა“.

თუმცა ანგარიშში ასევე წერია, რომ „საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ყურადღება ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებულია“.

  • „ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს ტერორისტული თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ.
  • ძირითადი აქცენტი ქვეყნის ტრანზიტულ შესაძლებლობებზე და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა ორიენტირებული“, - წერს სუსი.
  • თუმცა იქვე დასძენს, რომ „არსებული ვითარება, ტერორისტული ორგანიზაციების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG