„ჩვენ ვხედავთ განზრახ მცდელობებს, გაგზავნონ დრონები ბალტიისპირეთის ქვეყნებში და შემდეგ გაავრცელონ პროპაგანდა და ცრუ ბრალდებები, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები მონაწილეობენ რუსეთში სამიზნეებზე თავდასხმებში“, მოჰყავს ბუდრისის სიტყვები LRT-ს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მოსკოვი და მინსკი პასუხისმგებელნი არიან ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევასა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მუქარისთვის.
მაისის დასაწყისიდან ლატვიისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეში მინიმუმ ოთხი დრონი შეფრინდა. მიმდინარე თვის დასაწყისში დრონის ინციდენტმა ლატვიაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია: პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინას მკაცრი კრიტიკის შემდეგ გადადგა თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი. შემდგომში მთავრობა დაიშალა და თავად სილინაც გადადგა.
19 მაისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ კიევი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დრონების გაშვებას გეგმავს. „მიუხედავად ლატვიის შიშისა, რომ მოსკოვის საპასუხო დარტყმის მსხვერპლი გახდება“, როგორც ამტკიცებენ, „კიევის ხელისუფლებამ რიგა დაარწმუნა ოპერაციის ჩატარებაზე დათანხმებულიყო“. საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესრელიზის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკვე განლაგდნენ ლატვიაში.
უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ დრონები ბალტიის ქვეყნებში რუსული ელექტრონული საბრძოლო სისტემების გამო შედიან.
ლატვიის ხელისუფლებამ რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას „ტყუილი“ უწოდა, ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებები „აბსოლუტურად აბსურდული და სასაცილოა და ეს თავად რუსეთმა იცის“. მან აღნიშნა, რომ დრონები ბალტიის ქვეყნებში იმყოფებიან „არა იმიტომ, რომ უკრაინას სურდა მათი იქ გაგზავნა“. „ისინი იქ რუსეთის უგუნური, უკანონო, სრულმასშტაბიანი თავდასხმის გამო იმყოფებიან, რომელიც 2022 წელს დაიწყო“, თქვა მან.
ფორუმი