Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა შეტევა იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

22 მაისის დილიდან გავრცელებული ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს რუსეთის ქალაქ იაროსლავში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის იაროსლავის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ იაროსლავში აფეთქებები გასულ ღამით იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ დროებით აკრძალა სატრანსპორტო მიმოსვლა იაროსლავიდან მოსკოვისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე.

22 მაისს გამთენიისას რეგიონის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მორიგი ზოგადი ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა მოიგერია, არავინ დაშავებულა და მოსკოვის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგა.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA წერდა, რომ უკრაინული დრონების სამიზნე სავარაუდოდ, იყო იაროსლავის ქარხანა „სლავნეფტ-იანოსი“, რომელიც რუსეთის ხუთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორისაა და წელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს.

22 მაისს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედების დრონების გამოყენების შესახებ არმიის მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის მოხსენების შემდეგ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გასულ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალები „მოქმედებდნენ იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმართულებით“, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 700 კილომეტრშია:

„ომს ვაბრუნებთ სახლში, რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია“.

იაროსლავის ქარხანაზე დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

  • რუსეთისთვის სულ უფრო პრობლემური ხდება თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევები ნავთობის საცავებზე, პორტების ტერმინალებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებსა და სხვა ობიექტებზე.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო კვირებში უკრაინული დრონებით შეტევების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პრაქტიკულად ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, წარმოება შეეჩერებინა ან შეემცირებინა.

მათ შორისაა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანაზე დრონებით მორიგი შეტევა 20 მაისს მიიტანეს.

Reuters-ის წყაროთა ცნობით, შეტევის შედეგად მუშაობა შეაჩერა ქარხნის მთავარმა გადამამუშავებელმა დანადგარმა.





ფორუმი

XS
SM
MD
LG