Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანიკო ხაზარაძე: „იმედთან“ თანამშრომლობა დამთავრდა

ნანიკო ხაზარაძე.
ნანიკო ხაზარაძე.

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე აცხადებს, რომ აღარ არის ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ითხოვა, არავინ დაუკავშირდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ, ამაზე მეტს ჩემგან ვერაფერს გაიგებთ. ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება გრძელდება“, - ამბობს ის და დასძენს, რომ აღარ თანამშრომლობს არც სატელეკომუნიკაციო კომპანია Globalcell-თან.

ნანიკო ხაზარაძემ თანამშომლობის შესახებ გადაცემის დასრულების შემდეგ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, თუმცა მიზეზები არ განმარტა.

ნანიკო ხაზარაძე ტელეიმედში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დასაქმდა. მაშინ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ახლა კი „ქართული ოცნებაა“. მაშინაც და ახლაც არხი პროსახლისუფლებო პოლიტიკას ატარებს.

პროსახელისუფლებო „იმედი“ და „პოს ტვ“ დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ დაასანქცირა.

ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:

„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.

სანქციების ეფექტი

სანქციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასებს ნაღდი ფულის სახით იღებენ.

„კონვერტით არიგებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ 27 თებერვალს, ხელფასის აღების დღეს.

27 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულმა BBC Studios-მა "იმედს" „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა. ეს პროგრამა პროსახელისუფლებო არხზე წლების განმავლობაში გადიოდა და პოპულარობით სარგებლობდა.

13 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა არხს ერთი წლით აუკრძალა საქმიანობა.

„იმედის“ ცნობითვე, მოლდოვამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია მათ მსგავსად არ მისცა არც „რუსთავი 2-სა" და „პოსტივის". სამივე არხი ქართული პროსახელისუფლებო ტელევიზიაა.

კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური პლატფორმის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პროსახელისუფლებო ტელეარხ „იმედს“ 2026 წლის პირველ კვარტალში სამი ყველაზე მსხვილი დამკვეთი ჰყავდა.

500 000 ლარზე მეტის რეკლამა მიიტანეს:

  • შპს „ანაგმა“;
  • შპს „ავენიუ ბაი ორბმა“;
  • შპს „მეამამ“.

2026 წლის იანვარ-მარტში „იმედმა“ ბოლო წლებში (პირველ კვარტალში) რეკორდულად დიდი თანხა მიიღო - 10 829 042 ლარი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG