გამოცემის თანახმად, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სასმლისა და საკვების მწარმოებელმა კომპანიამ კომერციული ურთიერთობა შეინარჩუნა „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც თებერვალში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა.
ამ მედიასთან საუბარში „ნესტლეს“ წარმომადგენელმა განაცხადა:
„გვსურს დაგარწმუნოთ, რომ „ნესტლე“ იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას და ეს მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოში“.
„ნესტლე საქართველო“
საქართველოში რეგისტრირებულ „შპს ნესტლე საქართველოს“ შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „სოსიეტე დე პროდუი ნესტლე“ ფლობს.
„ნესტლე საქართველოს“ გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე დმიტრი ალექსეენკოა.
რადიო თავისუფლება 22 ივნისს, შიდა გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტელეფონით ესაუბრა დმიტრი ალექსეენკოს.
მან გვითხრა, რომ სათავო ოფისთან კონსულტაციის გარეშე კომენტარს ვერ გააკეთებს.
გამოცემა City AM-ის ინფორმაციით, Nestle-ს გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი უძღვება და მასში მონაწილეობს ამავე კომპანიის ლონდონის სამართლებრივი გუნდის წარმომადგენელი.
„ნესტლე“ TI-ს სიაში
ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების შემდეგ, 2026 მარტში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ „ნესტლე“ დაასახელა იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ტელეარხთან, სანქციების მიუხედავად, კავშირები შეინარჩუნეს.
„რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა TI-მ პუბლიკაცია 25 მარტს, - სანქცირებიდან ერთი თვის თავზე.
„ბრიტანული სანქციები, ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პროპაგანდისტული არხების სარეკლამო დროებს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი ყიდულობს“, - ეწერა პუბლიკაციაში.
ასეთ კომპანიებს შორის „ნესტლეც“ იყო დასახელებული.
„როგორც ჩანს, „ნესტლე“ „იმედის“ საშუალებით აგრძელებდა ისეთი ბრენდების რეკლამირებას, როგორიცაა „ნესკაფე“, „ნესკაფეს გოლდი“ და „ნესკვიკი“, - წერს გამოცემა City A.M-ი.
სანქციები „იმედს“
„ქართული არხი, რომელიც 2003 წელს მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა, გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ სანქციების სიაშია შეტანილი და აღწერილია, როგორც „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გამავრცელებელი“, - წერს გამოცემა.
2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ დაასახელა „დეზინფორმაცია“ უკრაინასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიუთითა, რომ:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
- სანქციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასებს ნაღდი ფულის სახით იღებენ.
- „კონვერტით არიგებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ 27 თებერვალს, ხელფასის აღების დღეს.
კიდევ რას წერს ბრიტანული მედია
City A.M-ი ასევე წერს, რომ „ტელეიმედთან“ დაკავშირებულმა ზოგიერთმა გლობალურმა ბრენდმა სანქცირების შემდეგ დაუყოვნებლივ გაწყვიტა კავშირი, - მათ შორის BBC-მ, რომელმაც „იმედის ტელევიზიას“ გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ლიცენზია შეუჩერა.
გამოცემის თანახმადვე, სანქციების რეჟიმზე პასუხისმგებელმა ორგანომ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა - „ნესტლეს“ შიდა გამოძიების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
კომპანია "ნესტლე" 2022 წელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა რუსეთთან საქმიანი კავშირების შენარჩუნების გამო.
- მაშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კომპანიამ ვერ შეძლო თავისი სლოგანის, „კარგი საკვები, კარგი ცხოვრება“ დაცვა.
- 2022 წლის ბოლოსვე კომპანიამ რუსეთში თავისი პროდუქციის უმეტესობის წარმოება და გაყიდვები შეაჩერა.
ფორუმი