27 ივლისს დილით აფეთქებები იყო რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში. რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარე რეგიონის ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა.
ერთ-ერთი სამიზნე ნავთობპოდუქტების სტრატეგიული საცავი იყო.
რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრ ბრეჩალოვმა დილის ცხრა საათისთვის სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვა „იგერიებს ბოლო დროის ყველაზე მასირებულ შეტევას უდმურტეთის რესპუბლიკის ობიექტებზე“. ბრეჩალოვს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დრონებით შეტევის გამო განგაში გამოაცხადა ოცამდე რაიონში, მათ შორის რესპუბლიკის დედაქალაქ იჟევსკში. საგანგებო სიტუაციების ადგილობრივი სამსახურის ცნობით, ამოქმედდა სიგნალიც „სარაკეტო საფრთხე“.
- ერთი წლის წინ, 2025 წლის ივლისში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ქალაქ იჟევსკის ელექტრომექანიკურ ქარხანა „კუპოლს“, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის აწარმოებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, „ტორს“ და „ოსას“ და უპილოტო საფრენ აპარატებს, „გარპია“.
რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ 27 ივლისს უდმურტეთში დარტყმა იყო რუსეთის სახელმწიფო რეზერვების ფედერალური სააგენტოს კომბინატ „პრიორიტეტზე“, რომელიც დაბა ბოროკში მდებარეობს.
„პრიორიტეტი“ დახურული ტიპის სტრატეგიული ობიექტია, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის მსხვილი ნავთობბაზის ფუნქციებს ასრულებს და სამხედრო დაცვის ქვეშაა.
განახლება: 27 ივლისს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა უდმურტეთში დაარტყეს ნავთობობიექტს.
ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესმა რუსულმა კომპანია Wildberries-მა 27 ივლისს დილით განაცხადა, რომ უდმურტეთის რესპუბლიკის ქალაქ სარაპულში პერსონალი ევაკუირებულია კომპანიის მახარისხებელი ცენტრიდან და ლოგისტიკური კომპლექსიდან. რუსული გამოცემა „კომერსანტის" თანახმად, Wildberries-ის საწყობები არ დაზიანებულა.
- ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებს დაარტყეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და პეტერბურგში.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს სამრეწველო და სხვა ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.
ფორუმი