ოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც ლაზარე ჯორბენაძემ თავი მოიკლა, ეჭვქვეშ დააყენა ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებული წერილით.
„გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“, - აცხადებენ პროკურატურაში.
საჯარო განცხადებების გამო გამოკითხავენ „კოალიცია ცვლილებების“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიას; „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს; ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს; „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს; „ლელოს“ წევრს, თაზო დათუნაშვილს; გია ხუხაშვილს; გიორგი ლილუაშვილს; ზაზა დავითაიას; ერმილე ნემსაძეს; გიორგი გიგაურს.
რა თქვეს ოპოზიციონერებმა?
- ხატია დეკანოიძე: „ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ყველაზე დიდი ხნის მსახური ხელს ადებს კობახიძე/მდინარაძეს, რომ კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ“;
- ნიკა გვარამია: „ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, უინტერესო და დასაიგნორირებელი ვერ იქნება“;
- ირმა ინაშვილი: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო და მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა“.
რა თქვა ღარიბაშვილმა?
ღარიბაშვილმა 1 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში კითხვა დასვა „ასავალ-დასავლის“ იმ რესპონდენტის „გარდაცვალების რეალურ მიზეზზე“, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მას აქებდა, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კი აკრიტიკებდა.
„ასავალ-დასავალში“ 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომლის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის რესპონდენტია ღარიბაშვილის მიერ ნახსენები ლაზარე ჯორბენაძე. ის ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“:
„პრემიერმა კობახიძემ შარშან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და აზერბაიჯანს გადასცა დავით-გარეჯის ის ნაწილი, რომლის გადაცემასაც [მიხეილ] სააკაშვილი ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტს] დაჰპირდა“.
ლაზარე ჯორბენაძე ირწმუნებოდა, რომ მას ასეთი დოკუმენტი ნანახი აქვს. მისივე სიტყვებით, „როცა ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავეს, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანული მხარე 250 მილიონ დოლარს სთავაზობდა, მაგრამ ირაკლიმ ქართული მიწის გაყიდვას ხელი არ მოაწერა“.
კარტოგრაფების საქმეზე რადიო თავისუფლების სტატიები წაიკითხეთ აქ.
რატომ ისაუბრა ღარიბაშვილმა ამ ინტერვიუზე?
სწორედ ბოლო წერილშია ახსნილი, რატომ ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ საჯარო მიმართვაში „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და ტელეკომპანია „ობიექტის“ დამფუძნებელი, პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი. სწორედ ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, „მოგვიანებით [კი] ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც“.
ექსპრემიერის თქმით, „12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია“.
„გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი - ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან... ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები“.
- „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც კორუფციული ბრალდება აღიარა და რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საპროცესო შეთანხმებით, 1 აგვისტოს გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა;
- მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ;
- 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს;
- ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან მისთვის კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;
- 18 აგვისტოს, როცა მამუკა მდინარაძე ჯერ კიდევ იკავებდა მინისტრის თანამდებობას, რადიო თავისუფლებას რეგიონული განვითარების სამინისტროში უთხრეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
- 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან, ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;
- 27 აგვისტოს, მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“;
- ამავე დღეს მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად უარყო ღარიბაშვილის გავრცელებული ინფორმაცია წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით: „არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“;
- 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის სამინისტრო, რომელშიც მინისტრის თანამდებობას მანამდე იკავებდა, უქმდება და ასევე აღარ შეიქმნებოდა უწყება, რომლის ხელმძღვანელიც უნდა გამხდარიყო.
ფორუმი