სომხეთში, - რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთანაც რუსეთის ფედერაციას ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობები აქვს, - უკვე ფუნქციონირებს 2009 წელს გახსნილი „რუსული სახლი“.
რა არის „რუსული სახლი“?
- „რუსული სახლი“ არის რუსეთის ფედერალური სამთავრობო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ არაფორმალური სახელწოდება;
- მის ოფიციალურ საიტზე მთავარ მისიად მითითებულია „მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება“;
„დღეს ჩვენ საკმაოდ დიდ ნაბიჯს ვდგამთ - ვაფორმებთ ხელშეკრულებებს კიდევ 11 პარტნიორული „რუსული სახლის“ გახსნის შესახებ. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ჩვენს ქსელს ორჯერ ვზრდით“, - განაცხადა ჩაიკამ 8 სექტემბერს.
მსგავსი „რუსული სახლი“ აზერბაიჯანმა 2025 წლის თებერვალში დახურა, მოსკოვთან დაძაბულობის ფონზე, რაც აზერბაიჯანული თვითმფრინავის რუსეთში კატასტროფასა და ამაზე ბაქოს რეაქციას უკავშირდებოდა.
სად იხსნება „რუსული სახლები“?
ჩაიკას თანახმად, სომხეთში ერთი „რუსული სახლი" გაიხსნება ქალაქ არტაშატში, მეორე კი - ქალაქ აშტარაკში.
სომხეთის გარდა, ახალი „რუსული სახლები“ გაიხსნება 9 ქვეყანაში, მეტწილად აფრიკაში. ეს ქვეყნებია:
- კენია;
- კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა;
- მადაგასკარი;
- მალი;
- სან-ტომე და პრინსიპი;
- სენეგალი;
- სიერა-ლეონე;
- ტოგო;
- ტაილანდი.
სანქციები და დახურვა ევროპაში
„როსსოტრუდნიჩესტვო“ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული არიან უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო.
ბოლო წლებში ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, სადაც ასეთი ცენტრები ფუნქციონირებდა, „რუსული სახლები“ დახურა.
მაგალითად, სლოვენიაში - 2022 წელს, რუმინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ხორვატიასა და მონტენეგროში - 2023 წელს, ხოლო მოლდოვაში - 2025 წელს, - ძირითადად „პროპაგანდისა“ და „შპიონაჟის“ შესახებ ბრალდებების გამო.
სულ ბოლოს, 2026 წელს, „რუსული სახლი“ დახურა გერმანიის ხელისუფლებამ - 5 აგვისტოს ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტზე განხორციელებული დრონით თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულების შემდეგ.
მოსკოვი-ერევნის დაპირისპირება
სომხეთში რუსეთის ორი ახალი „კულტურული ცენტრი“ იხსნება იმ დროს, როდესაც ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად ახლო ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა.
ბოლოდროინდელ დაპირისპირებას სექტემბრის დასაწყისში შეემატა უთანხმოება სომხეთში, ქალაქ გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის საკითხზე.
- ფაშინიანის თქმით, გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხი პუტინთან შეხვედრაზე არ განხილულა, თუმცა ერევანი არც ბაზის გაყვანას არ შეეწინააღმდეგება და თუ დარჩენის სურვილს გამოხატავენ, ამის განხილვისთვისაც მზად არის.
- სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზას სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ამ საკითხის დაყენება აქამდე თავად სომხეთს არ მოუთხოვია.
- ბიშკეკში ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა: „თუ სომხეთი ჩათვლის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ჩვენ, სულ მცირე, ხვალვე წავალთ. მზად არის კი სომხეთი ამისთვის“?
ფორუმი