სულ 50 საარჩევნო უბანია გახსნილი. ისინი დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს. ხმის მიცემა შეუძლიათ რუსეთის 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში მუდმივად ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან.
100 ათასზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდა
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მან მეუღლესთან ერთად სოხუმში, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გახსნილ უბანზე მისცა ხმა და განაცხადა, რომ კენჭისყრა „მაღალ ორგანიზაციულ დონეზე“ მიმდინარეობს.
გლადკოვის თქმით, არჩევნებისთვის 100 ათასზე მეტი ბიულეტენი მომზადდა. გარდა სტაციონარული უბნებისა, ორგანიზებულია გადასატანი ყუთებით ხმის მიცემაც, მათ შორის სანატორიუმებში, რუსი ტურისტების კომპაქტური განთავსების ადგილებსა და დაშორებულ დასახლებებში.
მისივე თქმით, აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს რუსული პასპორტი აქვს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ხმა მისცეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ. მისი თქმით, მან ხმა მისცა „პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თანმიმდევრულად უჭერენ მხარს აფხაზეთს, ხელს უწყობენ მისი სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას“.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. აშუბამ განაცხადა, რომ ხმა „რუსეთის განვითარებასა და სტაბილურობას“ მისცა.
დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ დელბამ განაცხადა, რომ რუსეთში მიღებული კანონები გავლენას ახდენს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. მან ასევე გაიხსენა, რომ 2008 წელს სწორედ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მოუწოდა პრეზიდენტს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ.
არჩევნები ცხინვალშიც მიმდინარეობს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის კენჭისყრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 20 სექტემბერს დასრულდება. რეგიონში რუსეთის არჩევნებისთვის 11 საარჩევნო უბანია გახსნილი.
ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარებას ოფიციალური თბილისი გმობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა. არჩევნებს უკანონო უწოდეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმაც.
ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიც - გამარჯვებულად მარატ კამბოლოვი დასახელდა.
არჩევნები რეალური ოპოზიციის გარეშე
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება უკრაინის წინააღმდეგ ომის, რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის და რეპრესიების გაძლიერებისა და ოპონენტების კიდევ უფრო შეზღუდვის და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში.
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის ხელყოფით ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ვადაზე ადრე, აგვისტოს ბოლოდან დაიწყო უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსეთის 450-წევრიან სახელმწიფო დუმას პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.
კენჭისყრაში მონაწილეობს 10 პარტია: პუტინის პარტიად წოდებული „ედინაია როსია“ (ერთიანი რუსეთი), კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, „ახალი ხალხი“ და „სამართლიანი რუსეთი“, რომლებიც წინა, მერვე მოწვევის დუმაშიც წარმოდგენილი იყვნენ; ასევე „პენსიონერთა პარტია სოციალური სამართლიანობისთვის“, „რუსეთის კომუნისტები“, „როდინა“(სამშობლო), „მწვანეები“ და „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“.
არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის არცერთი არ წარმოადგენს პუტინის ხელისუფლების რეალურ ოპოზიციას.
„ედინაია როსიას“ პირველი ხუთეული
პუტინის პარტიად წოდებული „ედინაია როსიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
სიის პირველ ხუთეულში ლავროვს მოსდევენ:
- მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი;
- სამხედრო კორესპონდენტი და პროპაგანდისტი, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის და რადიოს გენერალური დირექტორის მოადგილე ევგენი პოდდუბნი;
- ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, რომლის დაპატიმრების ორდერიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს გაცემული;
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი, ბავშვთა და მოზარდთა სამხედრო-პატრიოტული მოძრაობის, „იუნარმიის“ მთავარი შტაბის უფროსი ვლადისლავ გოლოვინი.
„იაბლოკო“ არჩევნებს მიღმა
რუსეთის ერთადერთ პარტიას, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებს და მის შეწყვეტას მოითხოვს, „იაბლოკოს“, დუმის არჩევნებში პროპორციული სისტემით მონაწილეობის უფლება არ მისცეს. „იაბლოკოს“ წევრები ზოგიერთ ოლქში კენჭს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით იყრიან.
- 2026 წლის 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია „როდინას“ საჩივარი „იაბლოკოს" ფედერალური საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
- „როდინას“ საჩივრის თანახმად, „იაბლოკო" სოციალურ ქსელებში ავრცელებდა აგიტაციას საარჩევნო ფონდიდან დაფინანსების გარეშე, არღვევდა საავტორო უფლებებს, პარტიის დონორებს შორის კი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ. მომჩივანი „იაბლოკოს" ბრალს სდებდა ექსტრემიზმშიც.
- პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვმა განაცხადა, რომ „იაბლოკოს" ოპონენტები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებითა და პატიოსანი, ღია და საჯარო დისკუსიების შიშით ანგრევენ რუსეთის სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს და რუსეთის სახელმწიფოსაც.
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის წინა არჩევნები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2021 წლის სექტემბერში ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა მოიპოვა პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ „ედინაია როსია".
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დუმამ მიიღო უკრაინაში ანექსირებული ახალი ტერიტორიების დაკანონებასთან დაკავშირებული არაერთი დოკუმენტი და რუსეთის მოქალაქეების უფლებების კიდევ უფრო შემზღუდავი არაერთი კანონი.
მათ შორისაა ე.წ. ფეიკების კანონი, რომლის საფუძველზეც, თუ რუსული არმიის შესახებ გავრცელებული ცნობები ოფიციალურ ინფორმაციას არ ემთხვევა, გამავრცელებელი ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება.
ფორუმი