Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - კაკულიებისა და ჟვანიას ადვოკატების შესავალი სიტყვები

სხდომას არცერთი ბრალდებული არ დაესწრო, ილუსტრაცია.
სხდომას არცერთი ბრალდებული არ დაესწრო, ილუსტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 29 ოქტომბერს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას არ დასწრებიან ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები და ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს.

ბრალდებულების ადვოკატები ირწმუნებიან, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას დაადასტურებს და მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა კაცის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა „არ შეიძლება იქცეს ახალი უსამართლობის წყაროდ“.

დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდება ძირითადად ეყრდნობა ანონიმურ ინფორმაციას, სავარაუდო შეხვედრებს, სატელეფონო საუბრებსა და ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც, ადვოკატების შეფასებით, მკვლელობის ორგანიზებას არ ადასტურებს. მხარე ამბობს, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, ბრალდებულთა მონაწილეობას დანაშაულის დაგეგმვასა და ჩადენაში.

31 წლისა და 28 წლის ძმები, გურამ და დავით კაკულიები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. 29 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომას ისინი არ დასწრებიან, რადგან სრულად ენდობიან ადვოკატებს და თანახმანი არიან სხდომები მათ გარეშე ჩატარდეს.

15 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომას ისინი პენიტენციური დაწესებულებიდან, დისტანციურად ესწრებოდნენ, და მაშინაც თქვეს, რომ თავს დამნაშავეებად არ ცნობენ.

"ეს სხდომა საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს“, - თქვა დავით კაკულიამ.

რას ედავება გამოძიება ბრალდებულებს?

2026 წლის 17 თებერვალს, პროკურატურამ განაცხადა, რომ კომპანია „ფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია - გამოძიების ვერსიით, მისი მკვლელობა 2021 წელს ძმებ დავით და გურამ (გუგა) კაკულიებისა და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ორგანიზებული იყო.

გამოძიების ვერსიით, ძმებმა კაკულიებმა „კანონიერ ქურდზე“, ნიკო კვარაცხელიას მამაზე, გია კვარაცხელიაზე, „შურისძიების მოტივით“ [პროკურატურის ვერსიით, ძმები ნიკო კვარაცხელიას მამაზე შურისძიებას საკუთარი მამის მკვლელობის გამო გეგმავდნენ. გია კვარაცხელიას მონაწილეობა კაკულიების მამის მკვლელობაში დადასტურებულ ფაქტი არაა] და კრიმინალურ სამყაროში თავიანთი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას ვაჟის შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს.

გამოძიების ვერსიითვე, კაკულიებმა კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვა გაანდვეს მეგობარს - ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას.

გამოძიება ირწმუნება, რომ ბუსა ჟვანიამ „შეკვეთილი მკვლელობისთვის“ „დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება“ - დაუკავშირდა ნაცნობებს, ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს.

ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულები სწორედ ჭელიძე და კავილაძე არიან.

ჭელიძეს 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, კავილაძეს კი - 16 წლით.

პროკურატურის თანახმად, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე „ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ“, რათა იქ ძმებ კაკულიებს შეხვედროდნენ.

გამოძიების ვერსიითვე, სომხეთში გაიცა „მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელი მითითებები“.

ბრალდების თანახმად, კაკულიებმა 2021 წლის „სექტემბრის დასაწყისში“ - თარიღი არ არის დაზუსტებული - „უკანონოდ გადმოკვეთეს“ საქართველოს საზღვარი, რის შესახებაც ჟვანიამაც იცოდა.

გამოძიება ამბობს, რომ ჟვანიამ ისინი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, თავისი ოჯახის სახლში დააბინავა, სადაც სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე.

ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას გამოძიება ედავება შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებას - ეს დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„ბრალდების მოტივი ჭორზეა აგებული“ - ძმები კაკულიების ადვოკატი

ძმების, დავით და გურამ კაკულიების ადვოკატმა, შოთა კაკულიამ, სასამართლოში, შესავალ სიტყვაში თქვა, რომ პროკურატურის მტკიცებულებები ვერ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფების კავშირს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებასთან.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მთავარი ვერსია შურისძიებას უკავშირდება. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ძმებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა საკუთარი მამის მკვლელობის გამო დაგეგმეს, რადგან კვარაცხელიას მამას ამ დანაშაულთან აკავშირებდნენ.

გურამ და დავით კაკულიები, პირველი ივნისი, 2022 წელი, თბილისის საქალაქო სასამართლო
გურამ და დავით კაკულიები, პირველი ივნისი, 2022 წელი, თბილისის საქალაქო სასამართლო

თუმცა, შოთა კაკულია ირწმუნება, რომ საქმეში არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც ამ მოტივს დაადასტურებს. მისი თქმით, ბრალდების ვერსია ძირითადად დეტექტივის მიერ 2025 წელს შედგენილ ერთადერთ პატაკს ეფუძნება, თავად ეს პატაკი კი ანონიმური წყაროს ინფორმაციას ეყრდნობა:

„საქმეში არ არის არცერთი დოკუმენტი 2001 წლის მკვლელობაზე, არც რუსეთის ფედერაციაში არსებული საქმის მასალები, არც განაჩენი, არც მოწმე, რომელიც ამ თითქოსდა გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებს. ბრალდების მოტივი ჭორზე არის აგებული. ჭორი კი არის აგებული წყაროზე“, - თქვა ადვოკატმა შესავალ სიტყვაში.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ძმების მამის მკვლელობიდან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამდე დაახლოებით 20 წელი გავიდა. მისი თქმით, პროკურატურას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, შურისძიების განზრახვის არსებობას დაადასტურებდა.

შოთა კაკულია ამბობს, რომ საქმეში მრავალი საგამოძიებო მასალაა - ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, დნმ-ისა და თითის ანაბეჭდების კვლევის შედეგები, სატელეფონო და საბანკო მონაცემები. თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ არცერთი მათგანი უშუალოდ ძმების მიერ მკვლელობის ორგანიზებას არ ადასტურებს.

„არ არსებობს მოწმე, რომელმაც ნახა ან გაიგონა, როგორ დაუკვეთეს კაკულიებმა მკვლელობა. არ არსებობს ჩანაწერი, შეტყობინება ან ზარი, რომლითაც ისინი ვინმეს მითითებას აძლევენ“, - განაცხადა ადვოკატმა სხდომათა დარბაზში.

მისი თქმით, გამოძიებამ ვერ დაადგინა, კონკრეტულად როდის, სად და ვისთან შეთანხმდნენ ძმები მკვლელობის ჩადენაზე, რა მითითებები გასცეს და რა ნაბიჯები გადადგეს.

დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს მკვლელობის სავარაუდო დაფინანსების ვერსიასაც. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ გამოითხოვა საბანკო და სხვა ფინანსური მონაცემები, თუმცა ვერ აღმოაჩინა ტრანზაქცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ძმებმა შეკვეთილი მკვლელობის საფასური გადაიხადეს.

შოთა კაკულიამ შესავალ სიტყვაში ისაუბრა სომხეთში გამართულ შეხვედრაზეც. ბრალდების ვერსიით, 2021 წლის ზაფხულში, ერევანში, ძმები კაკულიები მკვლელობის ორგანიზებისთვის საჭირო მითითებებს გასცემდნენ.

ადვოკატი კი აცხადებს, რომ მოწმეები, მათ შორის ნიკო კვარაცხელიას მეგობარი, ადასტურებენ ამ ადამიანების ერთად ყოფნას, მაგრამ არ ადასტურებენ, რომ შეხვედრებზე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე საუბრობდნენ.

„ბრალდების საქმეში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული, ვინ დაუკვეთა მკვლელობა, როდის, სად და როგორ, რა დაავალეს შემსრულებლებს და რა გააკეთა თითოეულმა ორგანიზატორმა“, - განაცხადა ადვოკატმა.

გურამ და დავით კაკულიების ადვოკატი სადავოდ მიიჩნევს საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერის საფუძველზე დავით კაკულიას იდენტიფიცირებასაც.

შოთა კაკულიას განცხადებით, ვიდეოზე აღბეჭდილ მამაკაცს სახის მნიშვნელოვანი ნაწილი პირბადით აქვს დაფარული, ხოლო ექსპერტმა მისი ამოცნობა მხოლოდ რამდენიმე გარეგნული ნიშნის შედარებით სცადა.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ექსპერტიზის დასკვნა, მისი თქმით, ერთ დღეში მომზადდა და ბრალის წარდგენის დღით არის დათარიღებული.

„ერთ-ერთი შედარება სულ ორ ნიშანს - შუბლის ჩაღრმავებასა და მარცხენა წარბის ფორმას ეყრდნობა. ცალკე აღებული ეს ერთ დღეში გაცემული ფსევდო დასკვნა ვერანაირ მტკიცებულებას ვერ გვაძლევს“, - აცხადებს ადვოკატი.

ამასთანავე, შოთა კაკულია აცხადებს, რომ ბრალდების დადგენილებებში დავით და გურამ კაკულიების ქმედებები თითქმის ერთნაირადაა აღწერილი და არ ჩანს, რა კონკრეტული როლი შეასრულა თითოეულმა მათგანმა.

„ასეთ მასალაზე დაფუძნებული ბრალდება დაზარალებულის ოჯახს სიმართლეს ვერ აღუდგენს. ის მხოლოდ ახალ უსამართლობას შექმნის“, - მიაჩნია ადვოკატს, რომელიც ამ საქმეზე ძმების გამართლებას მოითხოვს.

„ბრალდება ყვითელი პრესის მიმოხილვას ჰგავს“ - ამბობს ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ადვოკატი

30 წლის ბესარიონ ჟვანიაზე ძებნაა გამოცხადებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე თვის წინ, დაუსწრებლად შეეფარდა.

მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პროკურატურა ცდილობს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბესარიონ ჟვანიას ორგანიზატორის როლი დაადასტუროს იმ გარემოებით, რომ ის საქმის სხვა ფიგურანტებს იცნობდა, მათთან კონტაქტი ჰქონდა და ხანდახან ხვდებოდა.

ადვოკატი ლევან ქუთათელაძე შესავალ სიტყვაში ეხმაურება 2021 წლის ზაფხულში, სომხეთში გამართულ შეხვედრებს. ბრალდების ვერსიით, ჟვანიამ მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეები ერთმანეთს დააკავშირა. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ეს ადამიანები მანამდეც დიდი ხნის ნაცნობები და მეგობრები იყვნენ:

„მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, მეგობრული კავშირი და სომხეთში ყოფნა ვერ შეიძენს დანაშაულის ორგანიზების მტკიცებულების ძალას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქის ჩვეულებრივი სოციალური ქცევა შეიძლება მძიმე დანაშაულის ორგანიზების ნიშნად იქნეს მიჩნეული ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“, - განაცხადა ლევან ქუთათელაძემ შესავალ სიტყვაში.

ლევან ქუთათელაძე შეეხო მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც, რომლებსაც მისი თქმით, პროკურატურა ბრალდების გასამყარებლად იყენებს.

ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი მოწმის, ტაქსის მძღოლის ჩვენება სატელეფონო ზარების დეტალურ მონაცემებს არ ემთხვევა. ადვოკატი განმარტავს, რომ მოწმის მონათხრობში საუბარია ერთ ზარზე, მაშინ როდესაც სატელეფონო მონაცემებით ორი კომუნიკაცია ფიქსირდება.

„ტაქსის მძღოლის ჩვენების თანახმად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდგომ, გიორგი კავილაძემ ბესარიონ ჟვანიას ერთხელ დაურეკა, მაგრამ დეტალური ამონაწერი აჩვენებს, რომ კომუნიკაცია მოხდა ორჯერ. ეს გარემოება მნიშვნელოვნად აზიანებს აღნიშნული მოწმის ჩვენების სიზუსტესა და სანდოობას და ამყარებს თავად ბესარიონ ჟვანიას მიერ, გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ კავილაძემ მას ორჯერ დაურეკა. პირველ ჯერზე სთხოვა შეხვედრა, მეორე კომუნიკაციისას განუმარტა, რომ ვეღარ შეხვდებოდა“.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს შეუსაბამობა მოწმის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ამასთან, მისი თქმით, ზარების შინაარსი არ ადასტურებს, რომ საუბარი მკვლელობის ორგანიზებას ან დანაშაულის დაფარვას ეხებოდა.

დაცვის მხარე ასევე ეხმაურება მკვლელობის შემდეგ ეზოში შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერს:

„ჩანაწერს არ აქვს ხმა, პირები პირბადეებით არიან, საუბრის შინაარსი ვერ იკითხება. ასეთ პირობებში მტკიცება, თითქოს პირები განზრახ არ მიესალმნენ ერთმანეთს ეჭვის გასაფანტად, არის არა მტკიცებულება, არამედ ჰიპოთეზა. სასამართლო ვერ დააფუძნებს გადაწყვეტილებას ჰიპოთეზაზე, რომელსაც არ ახლავს ობიექტური მტკიცებულება“, - განაცხადა ადვოკატმა შესავალ სიტყვაში.

ლევან ქუთათელაძე სადავოდ მიიჩნევს კიდევ ერთ ეპიზოდს - გიორგი კავილაძის მიერ ნაგვის ურნაში გადაგდებულ ნივთს უკავშირდება. მისი თქმით, გამოძიებას ნივთი არ მოუპოვებია და არ გამოუკვლევია. შესაბამისად, უცნობია, რა იყო გადაგდებული, უკავშირდებოდა თუ არა ის დანაშაულს და ჰქონდა თუ არა ბესარიონ ჟვანიას ინფორმაცია მისი შესაძლო მნიშვნელობის შესახებ.

ბესარიონ ჟვანიას კიდევ ერთი ადვოკატი, ალექსანდრე ჩხეიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, იცის თუ არა მიმალვაში მყოფმა ბესარიონ ჟვანიამ, რას ედავება მას გამოძიება:

„ბესარიონ ჟვანიასთან საერთოდ არ მქონია კომუნიკაცია. როგორც ვიცი, არც ოჯახს არ აქვს. არ ვიცით, სად იმყოფება და თუ იმალება, ესეც არ ვიცით, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ აქვს ბრალდებას. ფაქტია, რომ არ ცხადდება სასამართლოში. ინფორმირებული არის თუ არა ამ ბრალის შესახებ, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ აქვს წარმოდგენილი ბრალდებას“.

როგორც ძმები კაკულიების ადვოკატები, ისე ბესარიონ ჟვანიას ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა წარდგენილ ბრალში და ის სრულად უნდა გამართლდეს.

35 ტომი - რა დევს საქმის მასალებში?

35 ტომიანი საქმის მასალების შესაგროვებლად გამოძიებას 8 თვე დასჭირდა. ამ საქმის წინასასამართლო სხდომა 5-ჯერ გადაიდო. როგორც ადვოკატები ამბობენ, ეს მათ პრაქტიკაში, უპრეცედენტო შემთხვევაა.

მედეა ცირამუა, საქმის ერთ-ერთი პროკურორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რატომ დასჭირდათ გამომძიებლებს საქმის მასალების შესაგროვებლად მაქსიმალური ვადა:

„საქმე არის მოცულობითი. ამ დანაშაულის სპეციფიკაც გასათვალისწინებელია და ბრალდების მხარემ გამოძიების ეტაპი სრულად გამოიყენა იმისათვის, რომ საქმე წასულიყო სასამართლოში იმ მტკიცებულებებით, რაც დაადასტურებდა თითოეული ბრალდებულის მიერ, ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტს და მათ დამნაშავეობას...

გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ერთადერთ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი“, - ამბობს საქმის პროკურორი.

ძმები კაკულიები და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ძმები კაკულიების მკვლელობასთან შესაძლო კავშირზე ჯერ კიდევ 2021 წლიდან საუბრობდა. მოკლულის დედის, იზა ომაძის განცხადებით, ოჯახს მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი კავილაძის ახლობლისგან იცოდა, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. იზა ომაძე ამტკიცებდა, რომ კავილაძემ დაკავებისას დამკვეთებად ძმები, დავით და გურამ კაკულიები დაასახელა. 2022 წლის ივნისში ოჯახის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი აცხადებდა, რომ კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს საქართველოში იმყოფებოდნენ და მკვლელობის შემდეგ მათ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შეხვდნენ. თავად იზა ომაძე ამბობდა, რომ ოჯახის ეჭვებს გამოძიების მასალებიც ამყარებდა.

კაკულიების შესაძლო კავშირს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან საგამოძიებო უწყებები ჯერ კიდევ 2022 წელს იკვლევდნენ.

რატომ დასჭირდა გამოძიებას 5 წელი იმისათვის, რომ ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეში, ძმები კაკულიების ბრალეულობაც დაედგინა, ამ კითხვას მედეა ცირამუა ასე პასუხობს:

„ადამიანებს შორის ურთიერთკავშირი ვერ იქნება მათთვის ბრალდების წარდგენის საფუძველი. ურთიერთკავშირი გასაგებია, რომ ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე არსებობდა, თუმცა, ეს ინფორმაცია გამყარდა საქმეზე მოპოვებული ისეთი არსებითი ხასიათის მტკიცებულებებით, რომელიც ბრალდების მხარემ 2024 წლის მიწურულს, 2025 წელს და მათ შორის, 2026 წელს მიიღო, როცა უკვე ბრალდება წარედგინათ“.

ძმები დავით (დათა) და გურამ (გუგა) კაკულიები სამართალდამცველებმა 2022 წლის 30 მაისს, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის საქმეზე დააკავეს. მათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.

სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. პროკურატურის ვერსიით, ძმებმა კაკულიებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და დაჭრეს სერგი ქურთიაშვილი. სროლის დროს დაიჭრა შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.

გამოძიებამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 236-ე მუხლით - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და ასევე 344-ე მუხლით - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წარუდგინა. ბრალდებები 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

2023 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ორივე ძმას 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებად გადააკვალიფიცირა. იარაღთან დაკავშირებული ბრალდებებიდან კაკულიები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად უკანონო ტარებაში, ასევე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

2022 წლის დეკემბერში, არაყიშვილის ქუჩის საქმის სასამართლო განხილვის პარალელურად, საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ ძმების შესაძლო მონაწილეობას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში იკვლევდა. თუმცა იმ დროისთვის მათ ამ მკვლელობის საქმეზე ბრალი წარდგენილი არ ჰქონდათ.

2023 წლის 30 იანვარს, არაყიშვილის ქუჩის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე, გურამ კაკულიამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართა და მკვლელობასთან ნებისმიერი კავშირი უარყო:

„მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია, გადაეცით იმათ, ყველას“.

ცალკე გამოყოფილი საქმე

ამავე პერიოდში, წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მსჯავრდებულმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებმა ძმები კაკულიების შესაძლო მონაწილეობის შესახებ მკვლელობის უშუალო შემსრულებლების დაკავების შემდეგვე იცოდნენ. მისი მტკიცებით, ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის თავიდანვე იყო ხელმისაწვდომი.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის განცხადებას 29 ოქტომბერს გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ გამოეხმაურა ძმები კაკულიების ადვოკატი, შოთა კაკულია:

„დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მონათხრობზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ბრალდების მხარეც არ აღნიშნავს ხოლმე ამას. ალბათ ბრალდების მხარეც ხვდება, რომ სანდო ინფორმაციის წყარო ვერ იქნება დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ის გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ თითქოს ალეკო ჭელიძისგან გაიგო გარკვეული სახის ინფორმაცია ამ მკვლელობაში დავით და გურამ კაკულიების მიმართებით. თუმცა, თვითონ ალეკო ჭელიძე ამას არ ადასტურებს.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სხვა წერილობითი თუ არა წერილობითი მტკიცებულება არ ადასტურებს და საკუთრივ, ბრალდების მხარეც მასზე არ აპელირებს არც ბრალდების დადგენილებაში და არც სხვა კუთხით გაუგრძელებია ბრალდების მხარეს დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმება. მათ არ გამოუკითხავთ ის პირები, ვისაც ეს ადამიანი ასახელებდა გამოკითხვის ოქმში“.

საქმის პროკურორი, მედეა ცირამუა კი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამ საქმეზე სასამართლოში, მოწმის სტატუსით გამოიკითხება.

მისივე თქმით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი საქმე, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის გამოძიების ხელშეშლას ეხება.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, 2026 წლის დასაწყისში, ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ გაგზავნილ წერილში, ირწმუნებოდა, რომ ალეკო ჭელიძემ დაკავების შემდეგ წყნეთის პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა, რომელიც მოისმინეს:

  • თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა სულხან თამაზაშვილმა;
  • მისმა მოადგილემ, კახა მურადაშვილმა;
  • თბილისის მკვლელობების სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, კახა სირაძემ და
  • დიმიტრი ქვაჭრელიშვილის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა გელა ქურდაძემ.


მისივე განცხადებით, თამაზაშვილს დაურეკა უცნობმა, რომელიც მან "ანზორიჩად" მოიხსენია. ქვაჭრელიშვილი არ ამბობს, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის. "შაბათის ფორმულის" მტკიცებით კი, საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ, არაერთ დანაშაულში ბრალდებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზე.

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან პირადი კონტაქტი უარყო.

„ეს პირი [დიმიტრი ქვაჭრელიშვილი] გამოიკითხა გამოძიების ეტაპზე. ასევე ის სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას. ცალკე წარმოებად არის ასევე გამოყოფილი საქმე, რომელზეც გამოძიება გრძელდება და თუკი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, მათ ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - თქვა 29 ოქტომბერს პროკურორმა მედეა ცირამუამ.

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი 2024 წლის 26 იანვარს დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, მომდევნო სასამართლო სხდომა, რომელიც მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება 11 ნოემბერს გაიმართება.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე თბილისის ცენტრში, ფიქრის გორაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს.

პროკურატურის ინფორმაციით:

  • ჭელიძემ და კავილაძემ შეიძინეს პისტოლეტი და ვაზნები;
  • დაადგინეს ნიკო კვარაცხელიას სახლის მისამართი და „ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს“.
  • მკვლელობამდე ერთი დღით ადრე კი იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი;
  • „ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას.
  • ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა“.
  • შემდეგ ორივენი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ნიკო კვარაცხელია მიყენებული მძიმე დაზიანებებით კლინიკაში, იმავე დღეს გარდაიცვალა.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG