მისი თქმითვე, სომხეთი შთაგონებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებებით; მის ქვეყანას სურს საქართველოსა და თურქეთის შემდეგ გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და შემდეგ – სრული წევრი.
თუმცა მისი თქმითვე, ახლო მომავალში – 2029 წლისთვის – რეალისტურ მიზნად ესახება ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია სომხეთის მოქალაქეებისათვის.
„ფოკუსი: ვიზების ლიბერალიზაცია 2029 წელს“
შეკითხვაზე, როდის გეგმავს სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას და იქნება თუ არა ეს წელს ან მომავალ წელს, ფაშინიანმა განაცხადა:
„არ ვიცი, რამდენად რეალისტურია, მაგრამ მომავალი წელი შეიძლება რეალური იყოს, 2028 წელი შეიძლება რეალისტური იყოს, მაგრამ ამჯერად ფოკუსირებულნი ვართ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგზე“.
„ჩვენი მიზანია, ამას მივაღწიოთ 2029 წელს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან ურთიერთობებში“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სომხეთმა უკვე დაიწყო პროცესი, რაც „მიგვიყვანს საბოლოო ნაბიჯამდე, სრული წევრობის განაცხადამდე“.
რუსეთი და „საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია“
შეკითხვაზე, ცდილობს თუ არა რუსეთი სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი ურთიერთობების დივერსიფიკაციაა:
„თუ არ იქნება ბალანსი ურთიერთობებში, მუდამ იქნება რისკი, ხოლო საგარეო ურთიერთობების ბალანსირების პროცესი არის პროცესი ამ რისკების მენეჯმენტისა“.
„ვიცით, რომ შეუძლებელია ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის წევრობა ერთდროულად. ეს გვესმის, მაგრამ სომხეთს მომავალში მოუწევს არჩევანის გაკეთება. მანამდე კი ალტერნატივა უნდა შევქმნათ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
რა თქვა ფაშინიანმა საქართველოზე
„ჩვენი ოთხი მეზობლიდან ორი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა – თურქეთი და საქართველო“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ეს ჩვენთვის, ჩვენი [სომხეთის] ევროპული პოლიტიკისთვის მონაპოვარია და, იმედია, სომხეთი მესამე კანდიდატი ქვეყანა იქნება. მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის კანდიდატობა, ესაა სრული წევრობა“, – თქვა მან.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით, რომ შეასრულოს მისი ევროპული მისწრაფებები“, – განაცხადა ფაშინიანმა.
„ჯერჯერობით საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, რადგან... გულწრფელად გითხრათ, იმ გადაწყვეტილების მიღებისას, – როდესაც მივიღეთ კანონი, რომლითაც დავიწყეთ სომხეთის ევროკავშირში გაწევრებისკენ პროცესი, – შთაგონებულნი ვიყავით ევროკავშირის გადაწყვეტილებით და საქართველოს მისწრაფებით, იყოს ევროკავშირის სრული წევრი“, – თქვა მან [სტილი დაცულია].
„ასე რომ, ჩვენთვის, სომხეთისთვის, საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების აღქმებისათვის სომხეთის ევროპულ პერსპექტივაზე“, – თქვა მან.
„ერთიანი რეგიონი“
მისი თქმითვე, სამხრეთი კავკასია არის „ერთიანი რეგიონი, – მართალია განსხვავებებით, მაგრამ საერთო ინტერესებით“:
„შეიძლება არსებობდეს საერთო შეხედულებები და სტრატეგიები, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა. საქართველოსთან ტრადიციულად ძალიან ახლოს ვართ და თბილი ურთიერთობები გვაქვს, აზერბაიჯანთან კი ახლა ვამტკიცებთ ურთიერთობებს, გვაქვს ორმხრივი ვაჭრობა, ასევე TRIPP-ის პროექტი, რაც გახსნის რეგიონულ ინფრასტრუქტურას და ეს პროცესი მოიტანს გლობალურ როლს რეგიონისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.
„საჭიროა გლობალური მიწოდების ჯაჭვის კრიზისის გადალახვა, რის წინაშეც არის მსოფლიო. სამხრეთ კავკასია, – TRIPP-ის პროექტი, მშვიდობა, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა, კერძოდ ლოჯისტიკის სფეროში, მოიტანს ახალ შესაძლებლობებს ამ კრიზისის ფონზე; ასევე, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ ცენტრალური აზია ახლოსაა. მთელი ეს რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალურად“, – განაცხადა ფაშინიანმა.
- სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებებიდან ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის ნოემბერში, ბრიუსელმა ერევანს ოფიციალურად გადასცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), - ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს.
- 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე;
- რაც შეეხება საქართველოს - 2024 წლიდან შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი, ევროკავშირის მხრიდან სამთავრობო ფინანსური დახმარება და „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები;
- ამის მიზეზია ბრიუსელის მიერ ანტიდემოკრატიულად მიჩნეული კანონებისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში სერიოზულ უკუსვლად შეფასებული ვითარება;
- 2026 წლის 6 მარტიდან საბოლოოდ შევიდა ძალაში ევროკომისიის 2024 წლის გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.
ფორუმი