რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაზარალებულთან შერიგებას მიაღწია, ვითხოვთ საპროცესო შეთანხმებას" - სასამართლოში დაიწყო თელავში ქორწილში მომხდარის განხილვა

ფოტო არქივიდან: გიორგი ჭიღლაძეს 21 ივლისს თელავის სასამართლომ 5-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ფოტო არქივიდან: გიორგი ჭიღლაძეს 21 ივლისს თელავის სასამართლომ 5-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს, 12 ნოემბერს, დაიწყო სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო “აგარანის მამულში” ქორწილის დროს, 18 ივლისს, მომხდარი ინციდენტის საქმის არსებითი განხილვა. საქმეს მოსამართლე თამარ კაპანაძე განიხილავს.

გიორგი ჭიღლაძე, რომელსაც თავისი ძმის ქორწილის მიმდინარეობისას იულია ნესტერიუკისთვის დაზიანების მიყენებას ედავებიან, ამჟამად 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. ის ბრალს აღიარებს და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მიმართავს.

რა მოხდა დღევანდელ სხდომაზე

12 ნოემბერს სხდომაზე, პროკურორმა ბექა ნათელაურმა ქორწილში დაქირავებული მუსიკალური აპარატურის მფლობელი გიორგი ქიზიყელაშვილი გამოჰკითხა, მას შეკითხვები დაუსვა ბრალდებულის ადვოკატმაც.

გიორგი ქიზიყელაშვილმა დაკითხვისას გაიხსენა 2026 წლის 18 ივლისს მომხდარი ინციდენტი.

“ქორწილი დაახლოებით ორი საათის დაწყებული იქნებოდა, რა დროსაც მოულოდნელად სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოასხეს 1-დან 2 ლიტრამდე სითხე. არ ვიცი რა სითხე იყო, თუმცა არასასიამოვნო სუნი ვიგრძენი. პარალელურად, ზედა სართულზე მყოფი ქალები რუსულად რაღაცებს იძახდნენ, თუმცა მე რუსული არ ვიცი და რას ლაპარაკობდნენ, ვერ გავიგე. მალევე ზემოდან გადმოაფურთხეს. კონკრეტულად ვინ, არ ვიცი - ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ”, - თქვა გიორგი ქიზიყელაშვილმა.

მას პროკურორმა ბექა ნათელაურმა ჰკითხა, ქორწილის სტუმრების მხრიდან ამ საქციელს მოჰყვა თუ არა საპასუხო რეაქცია, რაზეც ქიზიყელაშვილმა უპასუხა, რომ არ იცის.

პროკურორმა ისიც ჰკითხა, გადმოსხმული სითხე იყო თუ არა შარდი, რაზეც ქიზიყელაშვილმა ასევე მიუგო, არ ვიციო.

პროკურორის შეკითხვაზე, რა იცის სასტუმროში მიმდინარე ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტზე, ქიზიყელაშვილმა უპასუხა:

"რაღაც რომ მოხდა, გავიგე, მაგრამ კონკრეტულად რა, არ ვიცი. მე იმაზე ვფიქრობდი, არ დაზიანებულიყო „მიქშერი“ (მუსიკალური ხმის ტექნიკა რ.თ.), რომელსაც სითხე დაესხა. მე დაზიანებული ადამიანები არ მინახავს, არც რუსი ტურისტები”, - თქვა გიორგი ქიზიყელაშვილმა.

სხდომა ნახევარ საათს გაგრძელდა

იმ მიზეზით, რომ მოსამართლე თამარ კაპანაძეს დღეს სხვა საქმეებიც ჰქონდა განსახილველი, გიორგი ჭიღლაძის საქმის არსებითი განხილვა დაახლოებით ნახევარ საათში დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ პროკურატურას მიმართეს საპროცესო შეთანხმების მისაღწევად.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულთან უკვე მორიგდა, ბრალსაც აღიარებს, რასაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძვლად ხედავს.

“გიორგი ჭიღლაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობს დამნაშავედ. ჩვენ პროკურატურას მივუტანეთ დაზარალებულის წერილი, რომელშიც ის ამბობს, რომ არ ითხოვს ბრალდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელს. ამ მოცემულობით, ვინაიდან გიორგი აღიარებს დანაშაულს და დაზარალებულთან მიაღწია შერიგებას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქმე დასრულდეს საპროცესო შეთანხმებით და გამოყენებული იყოს პირობითი სასჯელი”, - თქვა ადვოკატმა.

ადვოკატი მოელის, რომ მომდევნო სხდომამდე პროკურატურასთან შეთანხმების პირობებზე შეჯერება შესაძლებელია.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ბექა ნათელაურმა რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა.

სასამართლო პროცესს არ დასწრებია დაზარალებული და არც მისი წარმომადგენელი.

თავად გიორგი ჭიღლაძეს სასამართლოს სხდომაზე პოზიცია არ გამოუხატავს. მან რადიო თავისუფლებასაც უარი უთხრა კომენტარზე და მხოლოდ "მადლობა" გადაიხადა "შეწუხებისთვის".

რა მოხდა"აგარანის მამულში"

გიორგი ჭიღლაძე 18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“, ძმის ქორწილში იმყოფებოდა. ის პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქე დამსვენებელთან უთანხმოება მოუვიდა - ორივე მხარე ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაღებული კადრი, რომელშიც ჩანდა, როგორ ურტყამდა ჭიღლაძე ხელს რუსულად მოსაუბრე ქალს. დაკავებულის ადვოკატი ამბობდა, რომ მანამდე რამდენიმე წუთით ადრე ქალი დაკავებულ კაცს „ყელში სწვდა“.

იმ დროს, როცა ქორწილი იმართებოდა, "აგარანის მამულის" ერთ-ერთ ნომერში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დამსვენებლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს.

მედიამ იმ ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ მომდევნო დღეს გაიგო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი, რომლის პირველივე კადრზე წარწერა იყო რუსულად - „საქართველოში კაცები ნომერში უცვივდებიან გოგოებს და სცემენ მათ რუსულად საუბრის გამო“.

პოლიციამ იმავე დღეს გიორგი ჭიღლაძე დააკავა, იულია ნესტერიუკი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

3 წლამდე ვადით პატიმრობა

გიორგი ჭიღლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წაუყენეს: ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის სამ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ის ამჟამად 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

21 ივლისის სასამართლო სხდომაზე გიორგი ჭიღლაძემ გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილით განაცხადა, რომ წუხდა მომხდარის გამო.

"ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია".

სოლიდარობის აქცია

დაკავების შემდეგ, გიორგი ჭიღლაძეს საზოგადოების ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა და 20 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობიდან, ე.წ. ტურისტული მარშრუტის გავლით, აბანოთუბნამდე მისი მხარდასაჭერი აქცია გამართა. „არასდროს შევეგუებით რუსულ ოკუპაციას“, „პუტინ ხუილო“, - ისმოდა შეძახილები თბილისის ქუჩებში.

თელავის ინციდენტის მონაწილე ტურისტის კომენტარი და პასუხი ბრალდებებზე
თელავის ინციდენტის მონაწილე ტურისტის კომენტარი და პასუხი ბრალდებებზე

No media source currently available


სასტუმრო “აგარანის მამულში” მომხდარ ინციდენტზე მორიგი სასამართლო სხდომა დეკემბერში გაიმართება. კონკრეტულ თარიღს მოსამართლე მხარეებს აცნობებს.

სიტყვიერი დაპირისპირება ქორწილის სტუმარსა და ტურისტებს შორის თელავში
სიტყვიერი დაპირისპირება ქორწილის სტუმარსა და ტურისტებს შორის თელავში

No media source currently available

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

​
XS
SM
MD
LG