Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო რესპუბლიკის დემოგრაფიული პრობლემები


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა სერიოზული დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას - ყოველწლიურად შობადობა იკლებს, იზრდება მიგრაციის მასშტაბები. ამის შესახებ კოკოითის ხელისუფლებამაც კარგად იცის, ამიტომ ხშირად იმართება შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, კონფერენციები დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით. ცხინვალში ბოლო მრგვალი მაგიდა 29 მარტს გაიმართა, რომლის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია შემუშავდეს ეროვნული დემოგრაფიული პოლიტიკის პროგრამა. შეხვედრას დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების, ჯანდაცვისა და სტატისტიკის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დემოგრაფიული განვითარების პროგრამაზე იმუშავებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ აღნიშნა, რომ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე.

რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისათვის მილიარდობით რუბლს ხარჯავს, მაგრამ რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე ეს ყველაფერი ჯერ სასიკეთოდ არ ასახულა. სახლების აღდგენითი სამუშაოები ვერ სრულდება, ცხინვალელების ერთი ნაწილი ისევ კარვებში ცხოვრობს და დე ფაქტო რესპუბლიკიდან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილიონობით რუსული რუბლი უკვალოდ ქრება. ამ ფონზე ადგილობრივი ახალგაზრდები რუსეთის ფედერაციაში გადასვლას და იქ დარჩენას ამჯობინებენ. მასობრივი მიგრაციის დაწყებას რამდენიმე წლის წინ თვითონ კოკოითის ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი, როცა აბიტურიენტებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განუსაზღვრელი რაოდენობის ლიმიტებს სთავაზობდნენ. მოგვიანებით თვითონ კოკოითი მოუწოდებდა რუსეთში განათლებამიღებულ ახალგაზრდებს სამშობლოში დაბრუნებისკენ, მაგრამ უშედეგოდ.

ცხინვალში გამართული შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას სათანადო პირობები, რომ იქიდან გასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ, მაგრამ, ვლადიკავკაზელი ისტორიკოსის რუსლან ბზაროვის თქმით, კომკავშირული მოწოდებებით ამის მიღწევა რთულია. მისი აზრით, პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის განყოფილების უფროსმა ერიკ ფუხაევმა დამსწრე საზოგადოებას საგანგაშო სტატისტიკა გააცნო: 2010 წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში სიკვდილიანობამ შობადობას ორჯერ გადააჭარბა, 2001 წლიდან 2010 წლამდე კი შობადობა 50 პროცენტით შემცირდა.

ამჟამად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში დაახლოებით 30 000 ადამიანი ცხოვრობს. 10 წლის წინ იქ 50 000 კაცი ცხოვრობდა.

მიგრაცია, შობადობის შემცირება, სიკვდილიანობის ზრდა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი გამოწვევებია. გარდა ამისა, ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ვინც რუსეთში ვერც განათლების მისაღებად წავიდა და ვერც სამსახურის საძებნელად, ნარკოტიკსა და ალკოჰოლს მიეძალა.

კოკოითის მოწოდება, რომ ყველა ოსი სამშობლოს დაუბრუნდეს, რეაგირების გარეშე რჩება. ცოტა ხნის წინ, ვლადიკავკაზში ერთ-ერთი შეხვედრისას, მან 90-იანი წლების კონფლიქტის დროს საქართველოდან დევნილ ოსებს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
XS
SM
MD
LG