Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ნაციონალისტი ბლოგერი „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ უძღვება კორუფციის წინააღმდეგ


ბლოგერი ალექსეი ნავალნი
ბლოგერი ალექსეი ნავალნი
ინტერნეტით ამბობს თავის მართალ სიტყვას კორუფციის წინააღმდეგ და ამით პოლიტიკოსებს და სახელმწიფო კომპანიებს უტევს ბლოგერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მცირე აქციების მფლობელია და, როგორც ერთმა მიმომხილველმა თქვა, კავკასიელები არ უყვარს, მაგრამ ანტისემიტი არ არის.

თავიდანვე გეტყვით იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი პოპულარულია ალექსეი ნავალნი, რომ მარტის ბოლოს მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტში სახელმწიფო ტენდერების შესახებ გამართულ დისკუსიაზე უამრავი ადამიანი მივიდა, - სტუდენტები და პროფესორები, ფოტოგრაფები და ტელეოპერატორები, - რათა ეხილათ ის, ალექსეი ნავალნი, რომელიც დისკუსიის მონაწილე იყო. ტენდერის თემა არც ისე პოპულარულია რუსეთში და დისკუსიაზე ბევრი ადამიანის მისვლა აჩვენებს, რომ ის მოსწონთ, აინტერესებთ. ნავალნი იერიშზეა გადასული კორუფციის წინააღმდეგ. მისმა ბრძოლამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. ნავალნი მხოლოდ ბრალდებით არ გამოდის. ის ბრალს სდებს დიდ სახელმწიფო კომპანიებს კორუფციაში და შემდეგ სამართლებრივი გზით მიდის, რასაც შედეგი მოაქვს. ნავალნი ბლოგის საშუალებით ლაპარაკობს კორუფციაზე და ხალხს უბიძგებს იმოქმედონ, რათა ოფიციალური პირების კორუმპირებულობა გამოვლინდეს. მაგრამ ის ვერ სწვდება იმ მასას, რომელიც ტელევიზიით იღებს ინფორმაციას. ამასთან, მის მიმართ კრიტიკულია ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ნავალნის ნაციონალისტურ მიდრეკილებებს არ ეთანხმება. ჩანს, მას ეს არ ანაღვლებს. პროფესიით იურისტი, დამაჯერებელ შთაბეჭდილებას ტოვებს - მხოლოდ არგუმენტებით ლაპარაკობს, გამართული იურიდიული ტერმინოლოგიით. ჯერჯერობით არაა ცხადი, რა გზას დაადგება მის მიმართ რუსეთის ხელისუფლება, რომელიც დაუნდობელია კრიტიკოსების მიმართ - აპატიმრებს, გაასახლებს მათ და, როგორც რუსეთში და უცხოეთშიც ბევრს სჯერა, არც მკვლელობებს ერიდება.

როგორც უნდა იყოს, ნავალნი თავისას აკეთებს და ჩვენს კორესპონდენტს ეუბნება, ოფიციალურ დონეზე კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული, მთავრობაც კი აღიარებს, რომ წელიწადში სახელმწიფო კონტრაქტების გზით 35 მილიარდი დოლარის მითვისება ხდებაო:

„კორუფცია იმიტომ არის ასე სიცოცხლისუნარიანი, რომ სწორედ მას ემყარება ხელისუფლება. მედვედევი და პუტინი არსებობენ იმიტომ, რომ არსებობს კორუფცია, რადგან სწორედ კორუფციაა ელიტური კონსენსუსის ძირითადი იდეა და ძირითადი საყრდენი.“

კორუფცია რომ გაქრეს, პუტინი და მედვედევი აღარ იარსებებენო, ამბობს ის, რადგან დაბალი დონის მოხელეებს ევალებათ პოლიტიკურად უზრუნველყონ მაღლების არჩევა, ანუ ხმების საჭირო რაოდენობაო. სამაგიეროდ, მათ განუსაზღვრელი გამდიდრების საშუალება ეძლევათ, ამბობს ალექსეი ნავალნი. თუკი ისინი ამას აკეთებენ არც ისე აშკარად და ჭკვიანურად, მათ აღარ ემუქრებათ სისხლის სამართალი - ეს არის ძირითადი კონსენსუსიო.

ნავალნი კორუფციის შესახებ მასალებს ბლოგი სახით აქვეყნებს თავის ვებსაიტზე და სხვაგანაც. მისი ბოლო პროექტი იწოდება „როსპილად“ - თემა სახელმწიფო ტენდერებია. მოხალისეებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ ინფორმაცია და დოკუმენტები მათთვის ცნობილი შემთხვევების შესახებ. ნავალნი, როგორც ითქვა, როცა ფაქტებს მოიძიებს, შემდეგ სასამართლოში მიდის. ის ხშირად იმარჯვებს. ერთ-ერთი გამარჯვება იყო, როცა ქვეყნის უდიდესი კომპანიების მცირე აქციები შეისყიდა და თვალყურის დევნება დაიწყო, როგორ ვითარდებოდნენ ეს ფირმები. როცა ვკითხულობდი ყოველდღიურად, თუ როგორ ყიდულობდნენ მათი მფლობელები საფეხბურთო კლუბებს, დაფრინავდნენ საკუთარი თვითმფრინავებით და ქეიფობდნენ ფეშენებელურ სამთო კურორტებზე, მივხვდი, რომ ჩემგან მოპარულ ფულს ხარჯავდნენ:

„ამიტომ გადავწყვიტე, მარტივი რამ გამეკეთებინა. ვიფიქრე ,თუ დანაშაულს ასე ღიად, დაუფარავად და თავხედურად სჩადიან, რატომ არ უნდა ვიჩივლო სასმართლოში, რატომ არ უნდა მივწერო საჩივარი პროკურატურას და ა.შ.? ეს მართლა მარტივი გზაა, მაგრამ ჩემამდე ეს, უბრალოდ, არავის გაუკეთებია.“

შარშან ნოემბერში ნავალნიმ გამოაქვეყნა სახელმწიფო სანავთობო მონოპოლისტის, „ტრანსნეფტის“ გაჟონილი აუდიტი, საიდანაც ჩანდა, რომ არარსებულ ფირმებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გზით ოთხი მილიარდი დოლარი გაიფლანგა. ეს ფირმები ვითომდა ჩინეთთან ნავთობსადენს აშენებდნენ. „ტრანსნეფტი“ უარყოფდა ბრალდებას, მაგრამ გამოძიების დაწყება გარდაუვალი იყო. რუსმა ბლოგერმა არც „გაზპრომი“დაინდო, ისევე როგორც „როსნეფტი“. შარშან მან მთავრობა აიძულა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი „ვნეშტორგბანკის“ საქმის გამოძიებაც დაეწყოთ. ნავალნი, შეკითხვაზე, როგორ ენდობა ის სასამართლო სისტემას, რომელიც ასევე კორუმპირებულია, ამბობს, რომ მართალია, სასამართლოები არაა დამოუკიდებელი, მაგრამ, მისი დაკვირვებით, სისტემაში არ არის ერთსულოვნება. ხელისუფლება არაა ერთი დამნაშავეობრივი ჯგუფი, ის სხვადასხვა თაღლითებისგან შემდგარი ჯგუფია. ესენი კი ერთმანეთს გამუდმებით ებრძვიან სხვადასხვა ინტერესებისთვის და ასევეა სასამართლოც, ამბობს ნავალნი: სხვადასხვა კორპორაცია ყიდულობს მოსამართლეებს, მთავრობას შეუძლია მათ უბრძანოს და ასეთ შემთხვევებში მე ვერასოდეს მოვიგებო. მაგრამ, განმარტავს ის, რადგან ამ სისტემაში ყველა ცდილობს ფული აკეთოს, ეს „ზემოდან სიგნალი“ ყოველთვის ვერ აღწევს მიზანს. მთლიანად სისტემა დამნაშავეობრივი ქაოსია და იქ ხშირად მოსდით შეცდომები. ამიტომაც ვიმარჯვებთ ჩვენ რეგულარულადო, დაასკვნის ნავალნი. პოპულარობის მიუხედავად, ის არ აპირებს პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას. ის თვლის, რომ მთავარია გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა, რაშიც, მისი თქმით, ის პირველია - პირველია, ვინც რუსეთში ხელი მოჰკიდა ამ საქმეს. ამაში მას არ ეთანხმება ლიბერალური, „იაბლოკოს“ პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, გალინა მიხაილოვა. ნავალნი ერთ დროს ამ პარტიის წევრი იყო. მიხაილოვა ამბობს, რომ არაერთი წევრი მისი პარტიისა აიძულეს გაჩუმებულიყო, როცა ნავალნის მსგავს გზას დაადგნენ:

„ჩვენ პარტიაში ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი აქტიურობა. ჩვენი ერთ-ერთი თავმჯდომარე მოკლეს, ჩვენი არაერთი წევრის მიმართ საქმეებია აღძრული, სხვები დააპატიმრეს.“

ნავალნის ნაციონალისტურმა შეხედულებებმა მისი ბევრი მომხრის გაუცხოება გამოიწვია. მიხაილოვას და მას დაპირისპირება ჰქონდათ, სანამ ნავალნის პარტიიდან გარიცხავდნენ იმის გამო, რომ ის მემარჯვენე- ნაციონალისტურ, „არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მოძრაობის“ ჯგუფს მიემხრო. ნავალნი თვლის, რომ რუსეთი წალეკილია არალეგალური მიგრანტებით და ის იტანჯება „ეთნიკური დანაშაულით“, რაც იწვევს ეთნიკურ კონფლიქტებს და ამ ადამიანებზე თავდასხმებს:

„ეს რეალურად დგას დღის წესრიგში. მაგრამ რატომღაც ჩვენი ლიბერალური მოძრაობა თვლის, რომ ამ საკითხებზე ლაპარაკს ტაბუ უნდა დაედოს, რადგან ამ თემების განხილვა იქამდე მიგვიყვანს, რომ რუსი ხალხის მითიური ბნელი მხარეები გამოიღვიძებს და ეს რუსი ხალხი მაშინვე აირჩევს ჰიტლერს და ასე შემდეგ. ეს სრული სისულელეა.“

მიხაილოვა თვლის, რომ ასეთი შეხედულებები მიუღებელია ლიბერალური პარტიისთვის. თუმცა პოლიტიკური მიმომხილველის ვლადიმირ პრიბილოვსკის აზრით, ნავალნი, რუსების უმრავლესობასთან შედარებით, ზომიერია - მას, უბრალოდ, კავკასიელები არ უყვარს, თორემ ანტისემიტი არ არის. ნავალნის ესმის, რომ მისი საქმიანობა სახიფათოა, მაგრამ გაჩუმებას და საქმის შეწყვეტას არ აპირებს. რაც სურს, თავისი საქმიანობის დეცენტრალიზებაა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, სხვებმა, უკვე მოქმედმა სტრუქტურამ შეძლოს საქმიანობის გაგრძელება. ნავალნის ხელისუფლება აშკარად არ ერჩის, არც არავინ დამუქრებია. ის განაგრძობს ინფორმაციის მოძიებას, მოუწოდებს სხვებს ამისაკენ და აცხადებს, რუსეთი არ შეიცვლება, სანამ პუტინი არენას არ დატოვებსო. დაბოლოს, მისი აზრით, ერთი მხრივ, ხელისუფლების უუნარობა და, მეორე მხრივ კი, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები ხელისუფლებას დიდ პრობლემებს უქმნის. თუმცა ბლოგერ ნავალნის რუსეთში სწრაფი ცვლილებებისა არ სჯერა: უნდა შეიგნოთ, რომ რუსეთი არ არის ლიბერალური ქვეყანა, ჩვენ ჰოლანდია არ ვართო, უთხრა მან რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG