Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა ყულჯანიშვილი: „შორიდან ვუყურებთ, როდის დავკარგავთ ამ ტელესკოპსაც"


აბასთუმნის ობსერვატორია
აბასთუმნის ობსერვატორია

რაგული ინასარიძის ჯგუფი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან დედამიწასთან მოახლოებულ ასტეროიდებს აკვირდება. ერთ-ერთმა ციურმა სხეულმა ჩვენს პლანეტას ცოტა ხნის წინ ჩაუარა. მონიტორინგის საშუალებით ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილება ხდება, – განმარტავს მკვლევარი.

მზე და მისი სისტემის პლანეტები, ცვალებადი ვარსკვლავები და გარე გალაქტიკური ობიექტები - აბასთუმნის ობსერვატორიიდან აკვირდებიან ყველაფერს, რის საშუალებასაც თითქმის საუკუნის ტელესკოპები იძლევა. რაგული ინასარიძის თქმით, ხუთი წელია ქართველი მეცნიერები საერთაშორისო პროგრამაში არიან ჩართულნი, რომლის ფარგლებშიც დაკვირვების ყოველდღიური შედეგები პარიზში იგზავნება.

ობსერვატორიის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი საერთაშორისო პროექტებში ჩართვაა. დაზიანებული ხელსაწყოების რეაბილიტაცია მათ გეგმებში არ შედის. მეცნიერებისგან განსხვავებით, ილიას უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ თითქმის საუკუნის ტელესკოპების შეკეთება დაკვირვების შედეგებს ვერ გააუმჯობესებს...

ტელესკოპი, რომელიც გარე გალაქტიკურ ობიექტებზე დასაკვირვებლად გამოიყენებოდა, 2011 წელს გაფუჭდა და ახლა სამუზეუმო ექსპონატია. ხელსაწყოების ნაწილი წლების წინ გაიძარცვა, ნაწილი დაზიანდა და უფუნქციოდ დგას. 15–მდე ტელესკოპიდან ახლა მხოლოდ ოთხი მუშაობს, – აცხადებს მზის ფიზიკური კვლევისა და მზის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი ვაჟა ყულჯანიშვილი

ვაჟა ყულჯანიშვილი მზის კორონოგრაფის ბედზე წუხს. ტელესკოპი მუშა მდგომარეობაშია, თუმცა ავარიული შენობის გამო იქ შესვლას ვერავინ ბედავს. უნიკალური სპეკტოგრაფით აღჭურვილი ჰორიზონტული ტელესკოპიც წლებია ამავე მიზეზით დააკონსერვეს. 70–იან წლებში მზეზე დაკვირვებები ექვსი ტელესკოპით ხორციელდებოდა, ახლა კი მეცნიერები მუშაობენ მხოლოდ ერთით, რომლის მართვის პულტი დაზიანებულია და მისი შეკეთება ყოველდღიურად უწევთ. მზის ფიზიკური კვლევისა და მზის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი ვაჟა ყულჯანიშვილი შიშობს, რომ შესაძლოა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ობსერვატორიის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი საერთაშორისო პროექტებში ჩართვაა. დაზიანებული ხელსაწყოების რეაბილიტაცია მათ გეგმებში არ შედის. მეცნიერებისგან განსხვავებით, ილიას უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ თითქმის საუკუნის ტელესკოპების შეკეთება დაკვირვების შედეგებს ვერ გააუმჯობესებს. ამჟამად მოლაპარაკებები ერთმეტრიანი დიამეტრის მქონე ტელესკოპის შეძენაზე მიმდინარეობს, – აცხადებს მედიასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე

აბასთუმნის ობსერვატორიიდან მისი არსებობის 85 წლის მანძილზე სხვადასხვა ციური ობიექტია აღმოჩენილი. ვარსკვლავები და ასტეროიდები ქართველი მეცნიერების სახელებს ატარებენ. ობსერვატორიას განვითარებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები, სხვა ქვეყნების დაკვირვების შედეგებზე წვდომა და ასტრონომიით დაინტერესებული ახალგაზრდები სჭირდება, – ამბობს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა.

მიწიერი ასტრონომია ყველა ციურ სხეულს ვეღარ სწვდება, ამბობენ მეცნიერები. ასტრონომია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ძვირად ღირებული დარგია. განვითარებული ქვეყნები ტელესკოპით აღჭურვილი კოსმოსური ხომალდებით მუშაობენ და საკვლევ ობიექტებს ახლო მანძილიდან სწავლობენ, ქართველ მეცნიერებს კი თანამედროვე სტანდარტებისთვის ფეხის აწყობა ოთხი მოძველებული ტელესკოპით უწევთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG