Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტანსაცმელი, გზა, საქმე - შშმ პირების ყოველდღიური პრობლემები


ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში „დაბრუნებას“ ითხოვენ. ცოტნე დადიანის N 136-ში იმ შშმ პირების ფოტოები გამოიფინა, რომლებმაც შეძლეს ცხოვრებაში გარკვეული წარმატებისთვის მიეღწიათ. გამოფენა ერთ თვეს გაგრძელდება. მისი ორგანიზატორი ასოციაცია „ანიკაა“. პროექტში ჩართულია ასევე შვედეთის საელჩო და შვედური ინსტიტუტი.

ასოციაცია „ანიკა“ არასამთვრობო ორგანიზაციაა, რომელიც შშმ ბავშვების მშობლებმა დააფუძნეს. „ანიკას“ დირექტორი ირინა ინასარიძე ამბობს, რომ თავიდან ფიქრობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ექნებოდათ, შეძლებდნენ ბავშვები საზღვარგარეთ წაეყვანათ, ემკურნალათ და იქიდან ჯანმრთელები ჩამოეყვანათ. მხოლოდ მოგვიანებით მიხვდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მდგომარეობაა და არა დაავადება.

„ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან და შევუწყოთ ხელი, რომ გარემო მათთვის ხელმისაწვდომი იყოს“.

ამჯერად „ანიკა“ მუშაობს იმ მიმართულებით, რომ შშმ ბავშვებს თუ მის მშობლებს საკუთარი თავის მართვასა და განვითარებაში დაეხმაროს.

დღის ცენტრის პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს. ბავშვები დილით თავად მოჰყავთ სახლებიდან. აქ ისინი განათლებას იღებენ, აქვთ საუზმე და სადილიც. დღის ცენტრი ორია, ერთგან 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები არიან ჩაწერილები, მეორეში კი - 18 წლის ზევით ასაკის.

„მუსიკაც არის ხოლმე, ხატვაც“ - ამას ერთ-ერთი ბენეფიციარი, ნიკა პატარაშვილი, ამბობს. ყველაზე მეტად მაინც ის უხარია, რომ ექსკურსიებზე სიარულის საშუალება მიეცა: „ბოდბე, ბორჯომი და ანანური, ბაზალეთი. ამათ მივყვები ხოლმე“.

შენობა ისეა მოწყობილი, რომ შშმ პირებს ნებისმიერ სართულზე შეუძლიათ გადაადგილება. ირინა ინასარიძე ამბობს, რომ აქ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება - გამოფენები, პოეზიის საღამოები, რომლებშიც შშმ ბავშვები და მათი თანატოლები იღებენ მონაწილეობას.

„ახლა შაბათს ჯომარდობაზე იყვნენ წასულები ახალგაზრდები. ინკლუზიური ჯგუფი იყო და ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ“.

კაბა, რომელიც მოგიხდება

ერთ ოთახში სამკერვალოა მოწყობილი, რომელიც მალე ამუშავდება. სამკერვალოს გახსნა იმისთვის გახდა საჭირო, რომ შშმ პირებმა საკუთარ გარეგნობაზე მორგებული ტანსაცმლის შეკერვა შეძლონ. ირინა ინასარიძე ამბობს, რომ სამოსს, რომელშიც მოხერხებულად იქნებიან და მოუხდებათ კიდეც, ხშირად ვერ შოულობენ. პრობლემაა მკერავთან მისვლაც, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ ზოგადად ყველგან მისვლა პრობლემაა, არაადაპტირებული გარემოდან გამომდინარე, და მეორეც:

„მიუხედავად დიზაინერების კეთილგანწყობისა, მათი გაოცებული სახეები მაინც აბნევთ ამ ადამიანებს. ამიტომ, ვფიქრობთ, თავად შშმპ-თან ზომების აღება კომპლექსებს მოუხსნის მათ და ზუსტად მათზე მორგებული, ლამაზი და მოდური ტანისამოსი ექნებათ“.

დავეხმაროთ ბეჰემოტს

„ანიკას“ ბავშვებმა გადაწყვიტეს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის რამე გაეკეთებინათ. ფიზიკურად მუშაობა არ შეეძლოთ, ამიტომ თავიანთი ნახატები მაისურებზე გადაიტანეს, ხელნაკეთი ნივთებიც გამოფინეს და გაყიდეს. 300 ლარი დაზარალებულებს გადაერიცხათ, 240 - ზოოპარკს, ბეჰემოტის ზამთრის ვოლიერის ასაშენებლად.

ირინა ინასარიძე
ირინა ინასარიძე

ირინა ინასარიძე ამბობს, რომ ამ ნაბიჯით კიდევ ერთი სტერეოტიპის დანგრევა სურდათ - იმის, რომ შშმპ სხვების შემწეობის იმედად უნდა იყვნენ. მისი თქმით, ამ ბავშვებს შეუძლიათ, პირიქით, სხვებსაც დაეხმარონ.

თუმცა ისევ დიდი პრობლემაა დასაქმება. გარდა სამუშაო ადგილების არარსებობისა, პრობლემა ხდება კადრების არარსებობა. „ანიკას“ დირექტორი იხსენებს, როგორ გამოაცხადა ერთ-ერთმა ბანკმა ვაკანსია საგანგებოდ შშმ პირებისთვის, მაგრამ სათანადო კომპეტენციის კადრი ვერ მოიძებნა. მისი თქმით, ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებისგან იზოლირებულები იყვნენ, რამაც მათ სათანადო განათლების მიღებაშიც შეუშალა ხელი.

რომა სადოევი 35 წლისაა, წერა-კითხვა კარგად ჯერაც არ იცის. სკოლაში არასდროს უვლია:

„ადრე ოთხი წელი სხვა ცენტრში დავდიოდი. ახლა აქ მოვედი. რაც მეტი ხალხია, მით უკეთესია. აქ ჯერ ახალი ვარ. ვხატავ, მუსიკის გაკვეთილებს ვესწრები. იმ ცენტრში ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებდი: წერას, კითხვას ვსწავლობდი, კომპიუტერს... წერა-კითხვა კარგად არც ვიცი. თუ დამიჯერებთ, ჩემით ვისწავლე. მეზობლები შემოდიოდნენ და ანბანს მაჩვენებდნენ ხოლმე“.

გამოფენა
გამოფენა

დღის ცენტრამდე რომა ადაპტირებული ტრანსპორტით მოჰყავთ. ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ასეთი ტრანსპორტი ყველგან იყოს:

„კარგი იქნებოდა თბილისში ჩვენისთანებისთვის მეტრო იყოს, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსები. უკეთესი იქნებოდა!“

რაც შეეხება უშუალოდ გამოფენას, დარბაზში 14შვედი და 8 ქართველი შშმპ-ს ფოტოებია გამოფენილი.

„თუ გადავხედავთ შვედურ ისტორიებს, ვნახავთ, რომ ეს ადამიანები თავიანთ ქვეყანაში ძალიან წარმატებულები არიან. ძალიან ბევრი რამ შეცვალეს შშმპ მიმართებაში კანონმდებლობის მხრივ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით“, ამბობს პროექტის კოორდინატორი მაია ბერაძე-ჯონსონი. მისივე თქმით, გამოფენას ერთიმიზანი აქვს - ხალხმა დაინახოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG