Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიგენის სოფლების დაკარგული შანსი


ადიგენი
ადიგენი

ადიგენის საკრებულომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ადიგენში შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნა განიხილა. ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა საკრებულოს მიმართა წინადადებით, იმსჯელონ დოკუმენტზე. მალხაზ ბოჩიკაშვილის თქმით, მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ სამუშაო ჯგუფმა მაღალმთიანის სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლების შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

,,ზოგი იძახის, რომ ეს ჩვენ არ გაგვიგზავნია, ზოგი იძახის, რომ გავგზავნეთ და შეცდომა იყო. ეს არ შეიძლება. კონკრეტული მოთხოვნა მქონდა, რომ 30 წევრია ჩვენს საკრებულოში და დავადგინოთ, რა პრობლემები გვაქვს, რა კრიტერიუმებია გამორჩენილი და არ იციან ცენტრალურ ხელისუფლებაში, დადგენილი იქნას და მივმართოთ ხელისუფლებას, რომ აღნიშნული დარჩენილი სოფლები გავუშვათ მაღალმთიან ნაწილში”, – აცხადებს მალხაზ ბოჩიკაშვილი.

მაღალმთიან დასახლებათა შორის არ მოხვდა ისეთი სოფლები, რომლებიც დაწესებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარე. გოდერძი კუბლაშვილის თქმით, ადიგენის ხელისუფლება თავის მოსახლეობას ოპოზიციაში უდგება, რადგან სოფელი იჯარეთი მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ვერ მოხვდა, არადა, სამინისტრომ სწორედ ადიგენის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნით იხელმძღვანელა.

,,ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწერილ წერილში წერია, რომ ადიგენის გამგეობის მონაცემების საფუძველზე, ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მაღალმთიანი სოფელი, იჯარეთი, ვერ მოხვდა ამ კანონმდებლობის ნუსხაში. მართლაც, უცნაურია, რა ხდება. მადლობა საკრებულოს საკითხის განხილვისა და მსჯელობისთვის. მართლაც, თქვენც დაინახეთ, რომ ამ სოფელს და კიდევ რამდენიმეს ეკუთვნის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება”, – განმარტავს გოდერძი კუბლაშვილი.

ადიგენის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი 2016 წელს შეიქმნა. მათ მაღალმთიანის სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლები შეისწავლეს და ცენტრალურ უწყებას ინფორმაცია გადაუგზავნეს. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ კომისიის მუშაობას იურიდიული ძალა არ გააჩნია და, შესაბამისად, სამინისტრო მის დასკვნას ვერ დაეყრდნობა. თუმცა უწყების წერილში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი სოფლისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებაზე უარი სწორედ სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ეთქვა. ლევან ლობჯანიძე ექვსი სოფლის მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.

,,ამ კრიტერიუმის მოხმარება შეიძლებოდა. ჩასული ვიყავი ამ საკითხზე დეპარტამანეტის თავმჯდომარესთან, შემდეგ ოფიციალური წერილიც გადავაგზავნე, სადაც ვითხოვ, რომ აღნიშნული პირობები გაითვალისწინონ და ხელახლა გადახედონ სტატუსს, რადგან ის სოფლები მართლა იმსახურებენ სტატუსს, კლიმატური პირობების გამო, ჩემი აზრით”, – აცხადებს ლევან ლობჯანიძე.

ადიგენში მაღალმთიანის სტატუსის გარეშე 13 სოფელია დარჩენილი. საკრებულოში ფიქრობენ, რომ მათ შორის ხარჯამი, ზარზმა, ლელოვანი, იმერთუბანი, სამყური და კახარეთი სტატუსს იმსახურებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში ფრაქციისა და კომიტეტის თავმჯდომარეები შეიკრიბებიან. ისინი სამინისტროსთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე იზრუნებენ და შეეცდებიან ეს ექვსი სოფელი მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შევიდეს.

ადიგენის საკრებულომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნა განიხილა. დოკუმენტზე მსჯელობის მოთხოვნით, საკრებულოს წინადადებით, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG