Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი მფრინავი ქალი აშშ-ისგან თავშესაფარს ითხოვს


ნილოფარ რაჰმანი
ნილოფარ რაჰმანი

მწვავე დებატები გამოიწვია ავღანელი მფრინავი ქალის, ნილოფარ რაჰმანის, გადაწყვეტილებამ ავღანეთის საჰაერო თავდაცვის რიგებიდან წამოსვლისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოპოვების მცდელობის შესახებ. გასულ ხუთშაბათს ის შეერთებული შტატებიდან, სადაც წრთვნას გადიოდა, ავღანეთში უნდა დაბრუნებულიყო, რაზეც უარი განაცხადა. ნილოფარ რაჰმანი ამერიკის შეერთებული შტატებისგან თავშესაფარს ითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ თავის ქვეყანაში საფრთხე ემუქრება.

გადმოწერა

კაპიტანი ნილოფარ რაჰმანი - ასე მოიხსენიებენ ავღანეთის ისტორიაში პირველ ქალს, რომელიც ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში გაერთიანდა 20 წლის ასაკში. მანამდე მან შეიტყო, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებში ახალგაზრდა ქალებს იწვევდნენ და კურსებზე ჩაირიცხა. პროფესიული მომზადების შემდეგ მან უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო, 2012 წელს კი მფრინავთა სასწავლებლის დასრულება აღნიშნა საჩვენებელი ფრენით, რომელიც ამერიკული ოთხადგილიანი ერთძრავიანი მსუბუქი თვითმფრინავით შეასრულა. პროფესიულ განვითარებასთან იყო დაკავშირებული ბოლო სასწავლო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც წელიწადი და სამი თვე რამდენიმე შტატის საჰაერო ბაზაზე დაყო. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გასული კვირის ხუთშაბათს, მას ავღანეთში ელოდებოდნენ, მაგრამ ნილოფარმა განაცხადა, რომ სურს გააგრძელოს პროფესიონალი მფრინავის კარიერა, თუმცა არა საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ.

ამერიკის გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნილოფარ რაჰმანმა ამ თვეში სამხრეთ ავღანეთის ერთ-ერთ აეროპორტში მოკლული ქალების ამბავი გაიხსენა და თქვა, რომ მის ქვეყანაში „არაფერი იცვლება... ყველაფერი უფრო და უფრო უარესდება“. ქალთა უფლებების წინ წამოწევის გარდა, მისთვის მნიშვნელოვანია თავისი ოჯახის უსაფრთხოება, რადგან ის და მისი ოჯახი მუდმივი მუქარის ქვეშ იმყოფებიან. ეს დაადასტურა მისმა ამერიკელმა ადვოკატმაც, კიმბერლი მოტლიმ, რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში:

„კაპიტანი რაჰმანი ამბობს, რომ ემუქრებიან მას და მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ავღანეთში ცხოვრობენ...კაპიტანი გრძნობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მას მოკვლით ემუქრება მეამბოხეთა ის ქსელი, რომელმაც პაკისტანელი აქტივისტის, მალალა იუსაფზაის, მოკვლა სცადა“.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ავღანელი მფრინავი ქალისა და მისი ოჯახის მიმართ მუქარა ჯერ კიდევ 2013 წლიდან ისმის, როდესაც ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომელშიც ნილოფარი სამხედრო ფორმითა და მფრინავის სათვალით გვევლინება. 2016 წლის ზაფხულში კი მან მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას თავშესაფრის მოთხოვნით, რაზეც პასუხი ჯერ არ მიუღია.

მისმა გადაწყვეტილებამ განარისხა ავღანეთის მთავრობა და საზოგადოებაც, რომელიც აღშფოთებას სოციალურ ქსელებში გამოხატავდა. მათ პოსტებში ვკითხულობთ:

„ძვირფასო ნილოფარ, გგონია, რომ შენი პრობლემები უფრო სერიოზულია, ვიდრე იმ მილიონობით ქალისა, რომლებიც ავღანეთში ცხოვრობენ?“

„ხანდახან მსურს, რომ ნილოფარის ადგილას მეც ვიყო და შემეძლოს ცაში ლივლივი და ჩემი ხალხის მტრების დაბომბვა, მაგრამ შენ, ნილოფარ, ის ხარ, ვინც ცას ჩვენი მიწიდან მისწვდა, თუმცა შეარცხვინა მისი დროშა“.

ავღანელი სამხედრო მფრინავის განცხადებას გამოეხმაურა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და აღნიშნა, რომ ეს, უბრალოდ, მიზეზია მისთვის, რომ ამერიკაში დარჩეს. მისი თქმით, ავღანეთში მუშაობს ათასობით განათლებული ქალი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, რომლებიც მათ გარშემო არსებულ საფრთხეზე არაფერს ამბობენ. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი მოჰამად რადმანიში იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უარს ეტყვის კაპიტან ნილოფარს თავშესაფრის მოთხოვნაზე.

ნილოფარ რაჰმანის ადვოკატი ხაზს უსვამს იმას, რომ ავღანელი პილოტის მიმართ ზეწოლა იმითაც არის გამოწვეული, რომ ის ქალია:

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი პროგრამით რამდენიმე ავღანელი მამაკაციც გაემგზავრა. შემდეგ ისინი კანადაში გადავიდნენ, თუმცა ავღანეთის მთავრობა მათ წინააღმდეგ არ გამოსულა... კითხვა მინდა დავუსვა მათ, ვინც კიცხავს კაპიტან რაჰმანს, რატომ არ ასამართლებთ იმ კაცებს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ კანადისგან მოითხოვეს თავშესაფარი?“

„მუქარის მიუხედავად, ნილოფარ რაჰმანი მაინც დაფრინავს...“ - ასე წარადგინა ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ, ნილოფარ რაჰმანი 2015 წელს ვაშინგტონში გამართულ დაჯილოდოებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მას გადაეცა ჯილდო „ქალური მხნეობისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG