Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის არ მოსწონს ბოსნიაში მოსახლეობის აღწერის შედეგები


სარაევო
სარაევო

ბოსნიაში უკმაყოფილებას და დავას იწვევს მოსახლეობის აღწერის შედეგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ამ, ეთნიკური ნიშნით დანაწევრებულ, ქვეყანაში. როგორც ირკვევა, მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ ბოსნიელი მუსლიმები, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოასწავებს ბოსნიის პოლიტიკური სისტემისათვის.

ბოსნიის სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ 30 ივნისს გამოაქვეყნა მოსახლეობის აღწერის შედეგები, აღწერის ჩატარებიდან მთელი სამი წლის შემდეგ. ეს აღწერა პირველია მას შემდეგ, რაც 1992-95 წლების ომმა ბოსნიაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასიათასობით ადამიანი აქცია ადგილნაცვალ პირად და წყენა და უნდობლობა დატოვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის.

მოსახლეობის 2013 წლის აღწერის შედეგები, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას: ბოსნიის რეგიონმა „რეპუბლიკა სრპსკამ“, სადაც უმეტესწილად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, უკვე უარი თქვა შედეგების აღიარებაზე...

ახლა კონკრეტულად შედეგებზე: 1991 წლის, ანუ ბოსნიაში ბოლო აღწერის ჩატარების, შემდეგ მოსახლეობა თითქმის 20 %-ით არის შემცირებული და, დაახლოებით, 3,5 მილიონს შეადგენს. მის ნახევარზე მეტი, 50,1%, მუსლიმები არიან, - თითქმის 7 %-ით მეტი, ვიდრე იყვნენ 1991 წელს, ბოსნიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, - მაშინ როცა ბოსნიელ სერბებზე მოდის 30,8 % - სადღაც, 0,5 %-ით ნაკლები, 1991 წლის მაჩვენებელთან შედარებით. შემცირდა ეთნიკური ხორვატების წილიც: ისინი მოსახლეობის 15,4 %-ს შეადგენენ, 2 %-ით ნაკლებს, ვიდრე ბოსნიაში ომის დაწყებამდე.

ეს ყველაფერი კი, შესაძლოა, ცვლილებას მოასწავებდეს ბოსნიის პოლიტიკური სისტემისათვის. 1995 წლის ნოემბერში ბოსნიის ომს ბოლო მოუღო დეიტონის შეთანხმებამ, რომლის შესაბამისადაც ძალაუფლება განაწილდა ამ ქვეყნის სამ ძირითად ეთნიკურ ჯგუფს - ბოსნიელებს, სერბებსა და ხორვატებს - შორის. მაშინ არც ერთი ჯგუფი არ შეადგენდა მთელი მოსახლეობის ნახევარზე მეტს, ახლა კი შეადგენს მუსლიმთა თემი. ზოგი ექსპერტის ვარაუდით, ბოსნიელი მუსლიმების პარტიები ახლა შეეცდებიან წამყვანი როლი შეასრულონ ქვეყნის მართვაში.

„50 % თუ არა გაქვს, ეს ნიშნავს ძალაუფლების სამ თანაბარ ნაწილად გაყოფას. ერთი ეთნიკური ჯგუფისათვის 50 %-ზე მეტი კი განსხვავებულ სახელმწიფოს შექმნის: ბოსნიელი მუსლიმების ბოსნია-ჰერცეგოვინას, ორი უმცირესობით!“ - ასე ფიქრობს ზლატკო დიზდარევიჩი, ყოფილი ბოსნიელი დიპლომატი, ამჟამად დამოუკიდებელი ჟურნალისტი სარაევოში.

არადა, ბოსნიელი სერბების რეგიონის, „რეპუბლიკა სრპსკას“, ლიდერებმა აღწერის შედეგების უმალვე უარყოფით მიანიშნეს, რომ არ დათანხმდებიან ძალაუფლების განაწილებაში ცვლილების შეტანას. ამას გარდა, „რეპუბლიკა სრპსკას“ სტატისტიკის სააგენტო, რომელიც ბოსნიის სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობდა, უარყოფს საკუთრივ შედეგების მართებულობას: აცხადებს, რომ აღწერაში მოხვდა ის ხალხიც, ვინც ომის დროს ბოსნიიდან გაიქცა და ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს.

მართლაც, აღწერის შედეგებით, რომლებიც 30 ივნისს წარმოადგინა ბოსნიის სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ, ბოსნიის მოსახლეობას მიეკუთვნება უცხოეთში მცხოვრები 196 ათასი ადამიანიც - ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ამ ხალხს კერძო საკუთრება აქვს ბოსნიაში და იმიტომ. არადა, „რეპუბლიკა სრპსკას“ ხელმძღვანელობა მოითხოვს, ბოსნიის მოსახლეობად არ ჩაითვალოს არავინ, ვინც უცხოეთში სწავლობს ან მუშაობს. ექსპერტების განმარტებით, ეთნიკურ სერბებს, რომელთა პარტიებიც, ფაქტობრივად, აკონტროლებენ „რეპუბლიკა სრპსკას“, ეშინიათ ამ დომინანტური პოზიციის დაკარგვის, რადგან, ბოლო აღწერით, მათ რეგიონში მცხოვრებთა 16,5 %-ს არასერბები შეადგენენ.

„რეპუბლიკა სრპსკას“ ხელმძღვანელობას ჯერ არ გამოუცხადებია, რას მოიმოქმედებს ახლა, ახალი აღწერის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ, სერბების ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე დრაგან ჩავიჩის ვარაუდით, მთავრობა არ ცნობს აღწერის შედეგებს მოსახლეობისათვის უცხოეთში მცხოვრები პირების მიკუთვნების გამო.

„აღწერის შედეგები არ შეეხება „რეპუბლიკა სრპსკას“, რის შესახებაც უკვე მიიღო გადაწყვეტილება „რეპუბლიკა სრპსკას“ პარლამენტმა. იქნება სხვა შედეგებიც! ბოსნია-ჰერცეგოვინის სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს დატოვებენ სერბი წარმომადგენლები“, ამბობს ჩავიჩი.

როცა დეიტონის შეთანხმება დაიდო, გაითვალისწინეს ბოსნიაში მოსახლეობის 1991 წლის აღწერის შედეგები და არაფერი უთქვამთ იმაზე, თუ რა მოხდებოდა წლების შემდეგ, მოსახლეობის აღწერისას განსხვავებული შედეგების მიღების შემთხვევაში. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თან კონფლიქტის პოტენციალს მოიცავს პროცესი, რომელიც ახლა, მოსახლეობის ახალი აღწერის შემდეგ, განვითარდება...

ამჟამად „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობაში 16 მინისტრია, მათგან რვა -ეთნიკური სერბი, ხუთი - ბოსნიელი მუსლიმი და სამი - ეთნიკური ხორვატი. ბოსნიის მეორე რეგიონში კი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციაში, ბოსნიელი მუსლიმები და ხორვატები დომინირებენ. იქაც 16 მინისტრია, მათგან რვა - ბოსნიელი მუსლიმი, ხუთი - ხორვატი და სამი - სერბი.

ბოსნიის მოსახლეობის დათვლის გარდა, აღწერის დროს მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია რელიგიისადმი ბოსნიელების დამოკიდებულება ომიდან ორი ათწლეულის შემდეგ. ომამდე ბოსნიელი მუსლიმების უმრავლესობა არარელიგიურად იყო მიჩნეული: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტების სულ 5% ასახელებდა ისლამს თავის რელიგიად. მას შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, თითქმის ყველა, ვინც ამბობს, რომ ბოსნიაკია (ანუ ბოსნიელი მუსლიმი), თავის რელიგიად ისლამს ასახელებს. იგივე ეხება ეთნიკურ სერბებს და ეთნიკურ ხორვატებს! თითქმის ყველა სერბი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიაკუთვნებს, თითქმის ყველა ხორვატი - კათოლიკეებს.

მოსახლეობის ეს აღწერა, როგორც უკვე ითქვა, 2013 წელს ჩატარდა, შედეგები კი დიდი დაგვიანებით, სულ რამდენიმე დღის წინ, გამოქვეყნდა, ცნობების თანახმად, ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით. ბრიუსელის განმარტებით, მას განახლებული დემოგრაფიული მონაცემები სჭირდება იმისათვის, რომ გააგრძელოს ბოსნიის დახმარება. ბოსნიისთვის კი მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ დახმარებას: ეს ქვეყანა ყოფილი იუგოსლავიის ყველა დანარჩენ რესპუბლიკას ჩამორჩება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და თუ პოზიციის გაუმჯობესება სურს, მასშტაბური პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გატარება მოუწევს.

ახლა კი, უშუალოდ აღწერის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოელიან, რომ კიდევ უფრო გამწვავდება ბოსნიის წამყვან პარტიებს შორის დაპირისპირება, რაც ქვეყანას ხელს უშლის მთავარი პრობლემების მოგვარებაში. როგორც სარაევოს უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი აზრა ჰაზიაჰმეტოვიჩი ამბობს, პოლიტიკოსები მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე კი არ მსჯელობენ, არამედ სულ იმის თვლაში არიან, სად რამდენი ხორვატი, სერბი და ბოსნიელი მუსლიმი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG