Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვა გაურკვეველი დროით გადაიდო


ახალგორი
ახალგორი
გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი დღეს ახალგორში დაუბრკოლებლად ჩავიდა. მარის ახალგორში სახლი აქვს და ოჯახის წევრებიც იქ იმყოფებიან, ამიტომ დაბაში ჩასვლა ხშირად უწევს. სახრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსაბრუნის ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით დღეს შეზღუდვები უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ თიბილოვის ხელისუფლებამ ეს ღონისძიება სამომავლოდ გადადო. მარი ოთარაშვილი რადიო თავისუფლებას იმ ემოციების შესახებ უამბობს, რაც მასთან ერთად მიკროავტობუსში მყოფ ადამიანებს ეგრეთ წოდებული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთისას ჰქონდათ.

თიბილოვის მთავრობამ გადაწყვეტილება, რომ ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა გადაედო, გუშინდელ მთავრობის სხდომაზე მიიღო. ამ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. სპეციალურ სამუშაო ჯგუფს კი 1 დეკემბრამდე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარება დაევალა, რაც ახალგორის პროდუქტებით მომარაგებას გულისხმობს. დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა მხოლოდ ის გადაწყვიტა, რომ სატვირთო მანქანების გადაადგილებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ჯერ კიდევ ორი დღის წინ, ერგნეთის შეხვედრის შემდეგ, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელი ხოხ გაგლოითი აცხადებდა, სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვა ძალაში 18 სექტემბრიდან შევაო. ეს აკრძალვა მოსაბრუნის, წინაგარის და პერევის გადასასვლელებს ეხებოდა.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულიყო, როგორც დაბის მოსახლეობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. დაბაში დაახლოებით 1000 ხელმოწერა შეგროვდა. ოსები და ქართველები თიბილოვს სთხოვდნენ ეს შეზღუდვა არ შემოეღო. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ საკითხის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებიც ესაუბრნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ კი ანტიჰუმანური უწოდა ამ შეზღუდვების შემოღების იდეას.

ამჟამად ახალგორი პროდუქტებით ძირითადად თბილისიდან მარაგდება, იქიდან კი ქართული პროდუქცია ცხინვალის ბაზარზე ხვდება. ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს აკრძალვა, პირველ რიგში, ფასების ზრდას გამოიწვევდა და ოსურ მოსახლეობას დაარტყამდა. გარდა ამისა, ეს იმ ოსი ჩინოვნიკების ჯიბეზეც აისახებოდა, ვინც გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ ქართული ხილ-ბოსტნეულით დატვირთულ მანქანებს ეგრეთ წოდებულ საზღვარზე ატარებდა. კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილს ნაკლებ რეალისტურად მიაჩნია, რომ ამ შეზღუდვებმა ოდესმე იმუშაოს.

ახალგორელებმა არ იციან, როდემდე შენარჩუნდება დაბაში თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი და, საერთოდ, დე ფაქტო ხელისუფლება დაუბრუნდება თუ არა ავტოსატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის იდეას. ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თიბილოვის მთავრობაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაბის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებაზე უნდა იმუშაოს და 1 დეკემბრამდე ცხინვალიდან ახალგორის პროდუქტებით მომარაგება უზრუნველყოს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ უკეთესად ახერხებს თბილისიდან, შედარებით იაფად, დაბაში პროდუქციის შეტანას.
XS
SM
MD
LG