Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერშუეთელი ფერმერი კუთვნილი მოსავლის მიღებას ითხოვს


"საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი კონფლიქტის ზონაში
"საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი კონფლიქტის ზონაში

ბერშუეთელ ფერმერ გია ხოდელს ახლა ყველაზე მეტად ის აწუხებს, აიღებს თუ არა ქერის მოსავალს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მის მიწის ნაკვეთში "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს, რის გამოც ფერმერს საკუთარ მიწაზე შესვლის საშუალება წაერთვა. ხოდელი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, მაქსიმალურად გაააქტიუროს მუშაობა საიმისოდ, რომ მოსავლის აღება შეძლოს. ის ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზის გადმოწევით 10 ჰექტარზე მეტი მიწა იკარგება.

გადმოწერა

მსგავსი შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანაც იყო. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სობისისა და ბერშუეთის მიწის ნაკვეთებში "სასაზღვრო" ბანერებით ჯერ 10 ჰექტარი მიწა მიიტაცეს. ამ ორი წლის განმავლობაში ხოდელმა, ჯამში, 20 ჰექტარი მიწა დაკარგა. ქართულ, ოსურ და რუსულ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ფერმერმა შარშან მოსავლის მიღება შეძლო. ბერშუეთელ ფერმერებს შიში აქვთ, რომ დროთა განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთები მთლიანად დაიკარგება.

გია ხოდელს გუშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა მას პირობა მისცა, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებისას ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები არ შეილახოს.

საოკუპაციო ძალების მიერ ბანერების დადგმა და სხვა მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს ძაბავს, არამედ ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, - განაცხადა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე "სასაზღვრო" ბანერის დამონტაჟების საკითხზე კომენტირებისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

11 ივლისს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული მხარე საოკუპაციო ძალების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის ფაქტს გააპროტესტებს და ფერმერისთვის მოსავლის უსაფრთხოდ აღების გარანტიას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG