Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მოთხოვნა ევროკავშირში სამოგზაუროდ


ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა დროშები
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა დროშები

მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლა /გამოსვლის ახალი სისტემა (Entry/Exit System - ESS), რომელიც ევროპარლამენტმა (477 ხმით 139-ის წინააღმდეგ) 25 ოქტომბერს დაამტკიცა, ევროკომისიის ინიციატივას წარმოადგენს. ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტი, სავარაუდოდ, 2020 წლიდან შევა ძალაში. ცვლილებების ფარგლებში ამოქმედდება ევროპაში სამგზავრო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) და ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის/შენგენის ზონის სახელმწიფოებში უვიზოდ შესვლის უფლებით სარგებლობენ, სპეციალური განაცხადის შევსება და 5 ევროს გადახდა მოუწევთ. ცხადია, ეს შეეხება საქართველოს მოქალაქეებსაც. ევროკავშირში ამ ცვლილებებს უსაფრთხოების მიზნებით ხსნიან და, კერძოდ, აქცენტი კეთდება ტერორიზმსა და კრიმინალთან ბრძოლის საკითხებზე. კონკრეტულად რას მოსთხოვენ ვიზიტორებს შენგენის ზონის საზღვრებზე და ახალი წესები დაბრკოლებებს ხომ არ შეუქმის საქართველოს მოქალაქეებს?

გადმოწერა

შენგენის ზონა, როგორც ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, აუცილებლად უნდა იყოს დაცული გარე საფრთხეებისგან, - განაცხადა 25 ოქტომბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა. ვიდრე კანონპროექტი დამტკიცდებოდა, ევროკომისარი განუმარტავდა ევროპარლამენტარებს, თუ როგორი მასშტაბური სარგებლის მოტანა შეუძლია უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით შენგენის ზონაში შესვლა/გამოსვლის ახალ სისტემას, რომელიც „ჭკვიანი საზღვრების“ საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. აქცენტი გაკეთდა პროცესების გამარტივებასა და ეფექტიანობაზე:

„უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს უკეთ გავაკონტროლოთ მოკლე ვიზიტებთან დაკავშირებული წესები. შესვლა/გამოსვლის სისტემა გამოიანგარიშებს ევროკავშირში მესამე ქვეყნების მოქალაქეების ყოფნის ხანგრძლივობას... სისტემა შეატყობინებს მესაზღვრეებს, თუკი მესამე ქვეყნის მოქალაქის ვიზიტი გადააჭარბებს 90 დღეს დროის, ვთქვათ, 100-დღიან მონაკვეთში და, ასევე, თუკი დაირღვევა კონკრეტული ვიზიტის ვადები. ასევე, შესვლა/გამოსვლის სისტემა შეამცირებს საზღვრის გადალახვის დროს და შეამსუბუქებს მესაზღვრეთა სამუშაოს. წევრ ქვეყნებს მიეცემათ საშუალება სხვადასხვა ეტაპზე ავტომატიზებულად შეაგროვონ ინფორმაცია და შეამოწმონ მონაცემები. ევროკავშირში ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ დაჩქარებული პროცესებითა და თვითმომსახურებით“.

არ მინდა შეიქმნას საზოგადოებაში წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წუთით მაინც შეექმნება პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს არის ე. წ. ავტორიზაციისა და ინფორმაციის შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში მაქსიმალურად იყოს დაცული გადაადგილებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები...
ვიქტორ დოლიძე

ევროკომისიისა თუ ევროპარლამენტის ვებსაიტებზე არაერთგზის არის ხაზგასმული ის გარემოება, რომ ევროკავშირი ასეთ ნაბიჯს ტერორიზმთან, კრიმინალსა და მიგრაციის უკონტროლო ნაკადებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით დგამს. ამასთან, ხაზგასმულია ისიც, რომ ევროპაში სამგზავრო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) სავიზო რეჟიმის დაწესებას არ ნიშნავს და ეს არის წინასწარი შეტყობინების რეჟიმი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში სტუმრობის მსურველებს სპეციალური განაცხადის შევსებას ავალდებულებს. იქვე მითითებულია, რომ გარკვეული სახის პირად მონაცემებსა თუ მგზავრობის მიზნებთან დაკავშირებული განაცხადის შევსებას 5 ევრო და მაქსიმუმ 10 წუთი დასჭირდება, ხოლო პასუხი 72 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია 5 წლის განმავლობაში ინახება და ძალაში რჩება ევროკავშირის/შენგენის ზონაში 180 დღის განმავლობაში 90 დღით დარჩენის შესაძლებლობა. აქვე უნდა ითქვას, რომ 5-ევროიან მოსაკრებელს არ იხდიან 18 წელს მიუღწეველი პირები.

მოსალოდნელი ცვლილებების გამო შეშფოთების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე. ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი სიძნელეები არ შეექმნებათ:

„არ მინდა შეიქმნას საზოგადოებაში წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წუთით მაინც შეექმნება პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს არის ე. წ. ავტორიზაციისა და ინფორმაციის შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში მაქსიმალურად იყოს დაცული გადაადგილებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები. თუკი დაიწყება წინასწარი მონაცემების შევსების პროცესი, ეს იქნება 2020 წლიდან“.

პრობლემას ვერც ანალიტიკოსები ხედავენ. როგორც საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ევროკავშირის პროგრამის დირექტორმა გოგიტა ღვედაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, თითქმის არაფერი შეიცვლება, ხოლო განაცხადის წინასწარ შევსების პროცედურა უფრო პროგნოზირებადს გახდის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში შეშვება-არშეშვების საკითხს:

„მიუხედავად იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გვაქვს, ევროკავშირის რეგულაციებით, ჩვენ მაინც გვევალება გარკვეული საბუთების წარდგენა, რაც უკავშირდება ბიომეტრიულ პასპორტებს, რაც უკავშირდება მგზავრობის მიზანს და ასე შემდეგ... ახალ სისტემაში წინასწარი რეგისტრაცია საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ საზღვრის გადაკვეთის პროცესში არ შეგვექმნას დამატებითი გამოწვევა. ეს ცვლილებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმას, რომ ადამიანებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია - ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარ მიიღონ თანხმობა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით... აღსანიშნავია, რომ ეს არ შეეხება მხოლოდ საქართველოს და მის უვიზო მიმოსვლას, სიახლე შეეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც ევროკავშირს აქვს უვიზო მიმოსვლა“.

ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გასამგზავრებლად წინასწარი განაცხადის შევსების მოთხოვნისგან, როგორც ჩანს, დისკომფორტის შექმნას არც მოგზაურობის მოყვარულები მოელიან. როგორც, მაგალითად, გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ წარმომადგენელმა ნინია მაჭარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ის აბსოლუტურად მზად არის გაიაროს განაცხადის შევსების იოლი პროცედურები - მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის ქვეყნებში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს, შედეგად კი, იქ უფრო დაცულად იგრძნობენ თავს ტურისტებიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG