Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი თუ უკეთესი სახელმძღვანელოები?


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი სასწავლო წლისთვის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო სახელმძღვანელოების შეცვლას გეგმავს. ცვლილებები შეეხება სახელმძღვანელოების შინაარსობრივ მხარესაც.

ახალი თუ უკეთესი სახელმძღვანელოები?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:52 0:00
გადმოწერა

სახელმძღვანელოების განახლება, სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით, 23 მილიონ ლარამდე დაჯდება. გამომცემლობები აპირებენ სახელმძღვანელოთა განახლების პროცესში მონაწილეობა მიიღონ იმის მიუხედავად, რომ მათთვის საკონკურსო პირობები ბოლომდე ნათელი არ არის. განათლების სფეროს სპეციალისტების აზრით კი, ინიციატივის მთავარი უარყოფითი მხარე შემჭიდროებული ვადებია.

ბავშვებს სჭირდებათ არა მეფეების მეფობის წლები ან რომელი ომი რომელ წელს მოხდა, - და თან ეს თარიღები ან დაამახსოვრდებათ, ან არა, - არამედ მათ უნდა მიეწოდოთ კონკრეტული მოვლენის გლობალური კონტექსტი და ანალიზი...
თამთა ჭუმბურიძე

თამთა ჭუმბურიძე მეშვიდეკლასელი მოსწავლის მშობელია და ამბობს, რომ არსებული სახელმძღვანელოები მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესს უფრო უქრობს, ვიდრე უღვივებს, ვინაიდან განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში თავმოყრილი ცნობები გლობალურ კონტექსტში არ არის განხილული და მხოლოდ ფრაგმენტულ, თარიღობრივ ინფორმაციას შეიცავს, რაც, თამთას აზრით, აბსოლუტურად აცდენილია მოსწავლეთა რეალურ საჭიროებას - მიიღონ განათლება და, მეორე მხრივ, არ შეესაბამება თანამედროვე ბავშვის მოთხოვნებს:

„ბავშვები სწავლობენ, ასე რომ ვთქვათ, საარქივო მონაცემებს. ამის ცოდნა ბავშვს თუ დასჭირდება, 21-ე საუკუნეა და ინტერნეტშიც მონახავს. ბავშვებს სჭირდებათ არა მეფეების მეფობის წლები ან რომელი ომი რომელ წელს მოხდა, - და თან ეს თარიღები ან დაამახსოვრდებათ, ან არა, - არამედ მათ უნდა მიეწოდოთ კონკრეტული მოვლენის გლობალური კონტექსტი და ანალიზი“.

შეიძლება ითქვას, მშობლების ამგვარი წუხილის საპასუხოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას, განცხადებით, ახალი წიგნები იქნება არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ უნარებზე ორიენტირებული და სრულიად განსხვავებული. მისი სიტყვებით, გამარტივდება პროგრამები და ბავშვის მიერ სკოლაში გატარებული წლები ტანჯვის ნაცვლად ცოდნაზე ორიენტირებული იქნება. ჯამში, სახელმძღვანელოების განახლებაზე ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ამ დროისთვის განათლების სამინისტროში 82 განაცხადია 13 საგანში ერთდროულად:

ახალი სასწავლო წელი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში
ახალი სასწავლო წელი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში

„ყოველ 6 წელიწადში ერთხელ სახელმძღვანელოების განახლება არის სტანდარტული საერთაშორისო პრაქტიკა და აუცილებელია იმის გამო, რომ ძალიან ბევრი რამ იცვლება. რა თქმა უნდა, ფუნდამენტურ მეცნიერებებში ასეთი ცვლილებები ნაკლებია, ვიდრე სოციალურ მეცნიერებებში, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზიები წიგნების მიმართ მათ შემადგენლობასთან მიმართებაში და ჩვენ ვთვლით, რომ ახალი წიგნები, ბევრი განსხვავებული აქცენტით, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე არსებული წიგნები“.

სახელმძღვანელოებზე მუშაობა განათლების სამინისტროს მიერ უკვე დამტკიცებული წესის მიხედვით მიმდინარეობს, ამბობს გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი კახმეგ კუდავა, რომლის თქმითაც, სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები გამომცემლობებმა სამინისტროს 12 ნოემბერს უნდა ჩააბარონ. თუმცა გამომცემლობებს ჯერ ბევრი კითხვა აქვთ, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა ფასს გადაიხდის სამინისტრო გამომცემლობების მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოებში, რა ანაზღაურება ექნებათ ავტორებს, რა მოგებას მიიღებენ გამომცემლობები. თუმცა, ამის მიუხედავად, გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი კახმეგ კუდავა კონკურსში მონაწილეობას მაინც აპირებს:

კახმეგ კუდავა
კახმეგ კუდავა

„რატომ ვიღებთ მონაწილეობას გაურკვეველი პირობების მქონე კონკურსში? - ამის პასუხი არის ერთადერთი: ჩვენ გვქონდა გამომცემლობის მრავალ ავტორთან შეხვედრა და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ წააგებს მოსწავლე და წააგებს მასწავლებელი, თუ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და ისინი დარჩებიან ცუდი სახელმძღვანელოების ამარა ან შემოიტანენ უცხოურ სახელმძღვანელოებს, რომელიც შეიძლება არ იყოს მორგებული ქართულ გარემოზე. ამ პრინციპის ირგვლივ გავერთიანდით და ჩვენ მზად გვაქვს სახელმძღვანელოები. ამასთან, გავაგრძელებთ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას“.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოთა უმრავლესობას 5-წლიანი გრიფირების ვადა 2017 წლის ბოლოს ეწურება. ამასთან, ვინაიდან სამეცნიერო და პედაგოგიური ცოდნა ძალიან სწრაფად იცვლება, სახელმძღვანელოებიც შესაცვლელია, - ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, თუმცა მას შეუძლებლად მიაჩნია სახელმძღვანელოების გაუმჯობესება იმგვარად, როგორც ამას სახელმწიფო აპირებს:

„პრობლემა ისაა, რომ ფიქრობენ, ერთი წლის განმავლობაში მოახერხებენ გამომცემლობები და ავტორები 6 კლასის სახელმძღვანელოების დაწერას, მაგრამ ეს არის ფუჭი მოლოდინი, იმიტომ რომ ძალიან უჭირთ საქართველოში საავტორო ჯგუფებს სახელმძღვანელოზე მუშაობა - თან იმ პირობებში, როცა ამ ადამიანებს დიდი მოტივაცია არ აქვთ, მათ ჩამორთმეული აქვთ წიგნების რეალიზების უფლება და, შესაბამისად, გამომცემლობებს შემოსავლები არ აქვთ“.

განათლების სფეროს სპეციალისტის, ნათია გორგაძის, აზრით, კიდევ ერთ პრობლემას ქმნის განათლების სამინისტროსა და გამომცემლებს შორის ურთიერთობა:

„პრობლემა, რომელიც დადგა გამომცემლობებთან და მათ ავტორებთან დაკავშირებით, რომ მათ შეემუშავებინათ სახელმძღვანელოები, ეს პრობლემა პრობლემად რჩება, ვინაიდან მოლაპარაკების პროცესი უკეთესობისკენ არ წასულა და პირობები, რომელიც გამომცემლებს მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებდათ, ეს პირობები არ ჩანს“.

რაც შეეხება მე-7-მე-12 კლასებს, მათთვის განკუთვნილი დღეს არსებული სახელმძღვანელოები 2019 წლამდე დარჩება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG