Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი შერეულ ოჯახში


ხურვალეთის დევნილთა დასახლება
ხურვალეთის დევნილთა დასახლება

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში, ერთ-ერთ კოტეჯში, ახალი წლის მთავარი სადღეგრძელო მშვიდობისაა. მშვიდობისას კი საკუთარ სახლში დაბრუნებისა მოსდევს. დავით კუდუხოვი და ლელა ბეღელური, 3 შვილთან ერთად, 8 წელია გორთან ახლოს კოტეჯში ცხოვრობენ და დღე ისე არ გავა, ქსუისში გატარებული დღეები და წლები არ გაიხსენონ. ქსუისი პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფელი იყო, ამჟამად ოკუპირებული და განადგურებულია. მოგონებები საახალწლო სუფრასთანაც ცოცხლდება. ლელა ამბობს, რომ იქ, ქსუისში, სხვანაირი იყო ახალი წელი, რასაც ბევრი ღიმილი, სიხარული და ბედნიერება ახლდა თან. ახალი წლის დღეებში იწყებოდა მიმოსვლა ნათესავებს შორის, ოსები ქართველებთან და ქართველები ოსებთან მიდიოდნენ დღესასწაულის მისალოცად.

შერეულმა ქართულ-ოსურმა ოჯახმა ომის შემდეგ ნათესავებიც დაკარგა. მავთულხლართებმა ისინი დააშორა. საახალწლო სუფრაზე მონატრებული ნათესავებისა და ახლობლების სადღეგრძელოც ისმება. სადღეგრძელოს ცრემლიც ახლავს.

ახალი წლის მისალოცად კუდუხოვებთან რძალი, ნონა ჯოხაძე, მოდის. დავითის ძმაც იქვე ახლოს კოტეჯში ცხოვრობს. ნონა დარწმუნებულია, რომ ოსური სოფლებიდანაც ნათესავები კეთილ სურვილებს უგზავნიან, ოღონდ ამას ხმამაღლა ვერ ამხელენ.

კოტეჯში ცხოვრება ადვილი არ არის, ოჯახს სოციალური და ყოფითი პრობლემების დაძლევა ყოველდღიურად უწევს, მაგრამ, ლელა ბეღელურის თქმით, უფლება არა აქვს შვილებისთვის სადღესასწაულო განწყობა არ შექმნას, მათ ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა არ ჩაუნერგოს.

შერეული ქართულ-ოსური ოჯახი კოტეჯში რვაწლიან ცხოვრებას ცუდ სიზმარს ადარებს და სჯერა, რომ ისევ დადგება საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების, ოსებთან ურთიერთობის აღდგენა-განახლებისა და დიდი შერიგების დრო. ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში კიდევ ერთი ახალი წელი შემოვიდა, სახლში დაბრუნების იმედის წელი, და ასე გრძელდება უკვე 8 წელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG