Accessibility links

თვითმმართველობის თანამშრომლების ნაწილი უსამსახუროდ რჩება


ახალციხე, "რაბათის" ციხე.

საკრებულოს აპარატში საშტატო ნუსხით 12 თანამშრომელი იმუშავებს. ახალციხის მერიას კი 115 თანამშრომელი ეყოლება, ხოლო ხელშეკრულებით 48 თანამშრომელს აიყვანენ. ხელშეკრულებით დასაქმდებიან მდივანი, მძღოლი, მერის წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის, განცხადებით, მერიას 13 თანამდებობის პირი ეყოლება. მათ შორის ცხრა სამსახურის უფროსი იქნება, სამი კი მისი მოადგილე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 14 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა დაამტკიცა. კანონის მიხედვით შექმნილი შეფასების კომისია თანამშრომლებს გაესაუბრა. ზაზა მელიქიძე აპირებს მერია თანამშრომელთა შეფასების გაცნობის შემდეგ დააკომპლექტოს.

მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები შიშობენ, რომ ახლად არჩეული მერი სუბიექტური შეხედულებებით იხელმძღვანელებს, კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და ვაკანტურ ადგილზე მისთვის სასურველ პირს დანიშნავს...

ქალაქ ახალციხის მერიისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში გააფრთხილეს. საჯარო მოხელეებს დაკავებული პოზიციების დატოვება ორივე მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის გამო მოუხდათ. კონკურსით შერჩეულმა თანამშრომლებმა კიდევ ერთი კონკურსი გაიარეს. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ საჯარო მოხელეთა პროფესიული შეფასება ოქტომბერში დაასრულა. კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ქულები მათი გამოცდილების, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების მიხედვით დაუწერეს. კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბერიძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მედიასთან, რომ თანამშრომელთა შეფასება ე.წ. დროებითი წესის მიხედვით მიმდინარეობდა.

საჯარო მოხელეთა კომპეტენციას სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეფასება უკვე მისცა. ახლა საჯარო მოხელეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ დარჩება სამსახურში და ვის მოუწევს სახლში წასვლა. კომისიის მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, ორივე უწყების თანამშრომელთა ბედს ახლად არჩეული მერი, ზაზა მელიქიძე, უახლოეს დღეებში გადაწყვეტს. ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და ეჭვები, რომლებიც თანამშრომლებში ჩნდება, უსაფუძვლოა.

სპეციალურად შექმნილ კომისიასთან გასაუბრება ახალციხის მერიის შვიდ და საკრებულოს 6 თანამშრომელს მოუწია. კომისიის წინაშე გასაუბრება არ გაუვლიათ შპს–სა და აიპების თანამშრომლებს და ხელშეკრულებით აყვანილ საჯარო მოხელეებს. ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგასო, ამბობენ სამოქალაქო სექტორში. საიას იურისტები საჯარო მოხელეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი შეფასება არასწორად მოხდა, ურჩევენ სამართლებრივი გზით იბრძოლონ. ქეთი ბებიაშვილი პრობლემას კანონმდებლობაშიც ხედავს. ორივე მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები შიშობენ, რომ ახლად არჩეული მერი სუბიექტური შეხედულებებით იხელმძღვანელებს, კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და ვაკანტურ ადგილზე მისთვის სასურველ პირს დანიშნავს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საჯარო მოხელეები მედიასთან ღიად არაფერს ამბობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG