Accessibility links

დე ფაქტო მთავრობისთვის თავშესაფრის თხოვნის მიზნით დევნილებმა ზუგდიდიდან აფხაზეთში გადასვლა სცადეს


საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს აფხაზეთში გადასვლის უფლება ენგურის ხიდთან მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა

ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა სამმა დევნილმა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად პროტესტის ნიშნად აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სცადა. ისინი ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას და დე ფაქტო მთავრობისთვის თავშესაფრის თხოვნას აპირებდნენ. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს აფხაზეთში გადასვლის უფლება ენგურის ხიდთან მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

დევნილ ნანი შონიას განცხადებით, შენობა, სადაც ისინი აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის დღიდან ზუგდიდში ცხოვრობენ, ავარიულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მთავრობის უყურადღებობის გამო იძულებულნი გახდნენ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ:

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს აფხაზეთში გადასვლის უფლება ენგურის ხიდთან მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს აფხაზეთში გადასვლის უფლება ენგურის ხიდთან მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა

„24 წელია მე იმ მისამართზე ვცხოვრობ. ძალიან ცუდი პირობები გვაქვს. არ გვაქცევენ ყურადღებას და ჩვენ დავტოვეთ დევნილის მოწმობები, გადავდივართ აფხაზეთში“, - ამბობდა ენგურის ხიდზე მიმავალი ნანი შონია.

„შანტაჟით უნდათო ბინები მიიღონო. ჩვენ არავის არ ვაშანტაჟებთ. თუ ვაშანტაჟებთ, გამოუშვან თავიანთი წარმომადგენლები, მოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ. თუ საჭიროა, მოვუხდით ბოდიშს. რაიონული საავადმყოფოს ქვამ რომ მომკლას, მაგას მირჩევნია აფხაზის ტყვიამ მომკლას“, - ამბობს ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები ტარიელ ქობალია.

მცირეწლოვანი ბავშვის თანხლებით მიმავალ დევნილებს ენგურის ხიდის თავში რკინის ბარიკადები და პოლიცია დახვდათ. ადგილზე იმყოფებოდა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა საკითხების კოორდინაციის ხაზით, დავით პაპავა. მან დევნილებს უთხრა, რომ არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი დაკავების საფრთხე და, აქედან გამომდინარე, გადაადგილების უფლებას ვერ მისცემენ. საბოლოო ჯამში, მსვლელობის მონაწილეებმა პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

ორი კორპუსის მშენებლობა ფაქტიურად მთავრდება დეკემბრის თვეში. რაიონული საავადმყოფოს დევნილების დაკმაყოფილება აუცილებლად მოხდება და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ბინების მიღების დროს მათი მძიმე საცხოვრებელი პირობები...

საპასუხოდ განცხადება გააკეთა ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა. მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, ამ ადამიანებს შევსებული აქვთ აპლიკაციები და ბინების განაწილების დროს გათვალისწინებული იქნება როგორც ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მათ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევთ ცხოვრება, ასევე ის ფაქტი, რომ ბოლო დღეებში დასახლებაში მეორე სართულის ჭერი ჩაინგრა:

„იქ მცხოვრები დევნილების ნაწილი უკვე დაკმაყოფილდა ბინით ორ კორპუსში, რომელიც გადავეცით 2017 წლის მარტის თვეში. კიდევ ორი კორპუსის მშენებლობა ფაქტიურად მთავრდება დეკემბრის თვეში. რაიონული საავადმყოფოს დევნილების დაკმაყოფილება აუცილებლად მოხდება და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ბინების მიღების დროს მათი მძიმე საცხოვრებელი პირობები“.

ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს ახალი ფართის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ადრეც არაერთხელ გაუმართავთ, 20 სექტემბერს კი მათი უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ დასახლების მეორე სართულზე ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მოთხოვნის კვლავ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG