Accessibility links

ერგნეთში გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც „რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრ - ერგნეთის“ მიერ იყო ორგანიზებული. 9 აპრილს ცხინვალში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი, რომელიც სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას და მისთვის ალანიის დარქმევას ითვალისწინებს, ერგნეთელებთან ერთად გორის საზოგადოების წარმომადგენლებმა და დევნილებმაც გააპროტესტეს, ერგნეთში სოლიდარობის ნიშნად გორის საკრებულოს წევრებიც ჩავიდნენ. „ცხინვალი საქართველოა“, „არა ოკუპაციას“, „ნუ გააყალბებთ ისტორიას“- ამ მოწოდებებით ერგნეთის აქციის მონაწილეებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს შეფასება მისცენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს. „რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრ - ერგნეთის“ დამფუძნებელმა ლია ჩლაჩიძემ განაცხადა, რომ ცხინვალში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი ვერასოდეს გახდება ლეგიტიმური კონფლიქტების დროს იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის გამო.

ციცინო ბაბუციძე ცხინვალის რეგიონიდან დევნილად 90-იანი წლების კონფლიქტის დროს იქცა. მას შემდეგ იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს აკვირდება. მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის დახმარებით ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე წაშალოს ქართული ისტორიული ნაკვალევი და შეცვალოს ტოპონიმიკა. ის ოს მეგობრებს მოუწოდებს, ხაზს ნუ გადაუსვამენ საუკუნოვან ქართულ-ოსურ ურთიერთობებს.

მარტა ბიბილაშვილი ერგნეთში საპროტესტო აქციაზე გორიდან ჩავიდა. მისი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები უნდა მიხვდნენ, რომ მათ მიმართ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა არის იზოლაციონისტური, მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟით კი ის ხელს უწყობს ოსური საზოგადოების გაუცხოებას საერთაშორისო თანამეგობრობისგან.

აქციის მონაწილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, სათანადო რეაგირება მოახდინონ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ისტორიული სამაჩაბლოსთვის სახელის შეცვლის მცდელობასა და სხვა მსგავს ქმედებებზე, რომელიც რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გაავრცელა განცხადება. ამერიკა გმობს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისა და სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას.

„ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე იმართება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში უცვლელი და ცხადი რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია“, - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG