Accessibility links

31 მაისს, საღამოს, ბაქოში საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სააგენტო „თურანი“ ადვოკატ ელჩინ სადიყოვზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, მუხთარლის კიდევ ერთი, ახალი ბრალდება წარედგინა - ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება; დაკავებულია და წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები. 31 მაისსვე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა. ჟურნალისტის ადვოკატმა, ელჩინ სადიყოვმა, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს განუცხადა, რომ, აფგან მუხთარლის თქმით, ის თბილისში ავტომანქანაში ჩასვეს პირებმა, რომლებსაც თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, ჟურნალისტის აზრით, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ. ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტულ განმარტებებს ითხოვენ.

„სირცხვილი! დააბრუნეთ აფგან მუხთარლი! სოლიდარობა აფგან მუხთარლის! თავისუფლება აფგან მუხთარლის!“ - ეს და კიდევ სხვა გზავნილები ეჭირათ ხელში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. მათ ნაწილს თავზე ლურჯი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ცოლის, ლეილა მუსტაფაევას, თქმით, მისი ქმარი ორშაბათს, საღამოს საათებში, მათი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, სავარაუდოდ, ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და ის აზერბაიჯანში ძალის გამოყენებით, თავზე ტომარაჩამოცმული გადაიყვანეს. ჟურნალისტის ცოლი, აზერბაიჯანელი ადვოკატისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ქმარი ნაცემია:

„გუშინ ადვოკატს ველაპარაკე. მან თქვა, რომ ის იყო ნაწამები და რამდენჯერმე სცემეს, სანამ ის საქართველოში იყო დაკავებული. ცხვირი აქვს გატეხილი, ნეკნები. ფიზიკურად ის არ არის კარგ მდგომარეობაში“.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი, თბილისში ოჯახთან ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს. ის და მისი მეუღლე აზერბაიჯანულ საინტერნეტო ტელეარხ meydan TV-სა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან“ თანამშრომლობენ. ლეილა მუსტაფაევა მისი ქმრის დაკავებასა და აზერბაიჯანში გადაყვანას ჟურნალისტის საგამოძიებო სტატიებსა და კრიტიკულ ფეისბუკპოსტებს უკავშირებს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, აფგან მუხთარლი იძიებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ბიზნესსაქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ დააკავეს კიდევ ორი აზერბაიჯანელი აქტივისტი, ერთი - ქართველმა სამართალდამცველებმა და მეორე აზერბაიჯანის საზღვარზე, ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ მათი ოჯახი გარკვეული საფრთხის მოლოდინში ცხოვრობდა:

„ჩვენ ვიცოდით, რომ არსებობდა საფრთხე, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ქართულ მხარეს შეეძლო ასე უბრალოდ გადაეცა ჟურნალისტი აზერბაიჯანისთვის, ყოველგვარი პასპორტის გარეშე. ანუ ის გაიტაცეს და გადასცეს აზერბაიჯანს. ჩვენ ვეცდებით, რომ ვაიძულოთ ქართველი მაღალჩინოსნები, გამოიძიონ საქმე. ჩვენ გუშინ კონკრეტული ვერაფერი ვნახეთ, ჩვენ არ გვანახვეს ქუჩის კამერის ჩანაწერები. ეს კი აჩვენებს, რომ ამ საქმეში, ქართველი და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ“.

ლეილა მუსტაფაევა ჟურნალისტებს ქმრის პასპორტს აჩვენებს და სვამს კითხვას, თუ როგორ მოახერხა მან საზღვრის გადაკვეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. ჟურნალისტის ცოლისა და მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ამ კითხვას პასუხს სცემს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. მისი სიტყვებით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ჟურნალისტი დააკავეს იქ, სადაც გასვლას პასპორტი არ სჭირდება, ანუ „მწვანე საზღვარზე“:

„მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან. შსს-მ დაიწყო გამოძიება, მიმართა აზერბაიჯანის შსს-ს. როგორც ჩემთვის ცნობილია, აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე გააკეთა განცხადება და ჩვენც მოგვწერენ, თუ სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება, რომელ საზღვარს კვეთდა. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ის დააკავეს „მწვანე საზღვარზე“ და არა გამშვებ პუნქტზე. „მწვანე საზღვრიდან“ პასპორტით არ გადადიან“.

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროკურატურის ცნობით, მუხთარლი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ელდარ სულთანოვის, თქმით, დაკავებისას მუხთარლიმ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მესაზღვრეებმა უცხოურ ვალუტაში დიდი ოდენობის თანხა ამოიღეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს შსს-მაც. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, პარალელურად მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან და ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთანავე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.

31 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა კიდევ ერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი, ვიდადი ისქენდეროვი, რომელიც ოჯახთან ერთად 2016 წლის 10 ივნისიდან ცხოვრობს საქართველოში და ორი თვის წინ მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც 2016 წლის ზაფხულში მისი კრიტიკული სტატია დაიბეჭდა შვეიცარიაში, ჯერ მისი ქალიშვილის გატაცება სცადეს, შემდეგ კი თავად მას დაესხნენ თავს. როგორც ის ამბობს, საქმეს საბურთალოს რაიონის საგამოძიებო ორგანო იძიებს. ვიდადი ისქენდეროვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის წინ საქართველომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, ცოტა ხნის წინ მას საქართველოს დატოვება სთხოვეს:

როგორც აღმოჩნდა, ეს საფრთხე საკმაოდ რეალური იყო. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს, რა მოხდა. იყო თუ არა ეს ქართველი და აზერბაიჯანელი სპეცსამსახურების თანამშრომლობა, თუ ეს იყო დაუდევრობა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა განახორციელეს ეს ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე...
გიორგი გოგია

„გამომიძახა ირაკლი კოკაიამ. მან მთხოვა, რომ წავსულიყავი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში და მეთხოვა, რომ გავეგზავნე მესამე ქვეყანაში. ვიყავი კომისარიატში, დავწერე განცხადება, რომ დაერთოთ ნება მესამე ქვეყანაში წასვლაზე. მათ უარი მითხრეს. გუშინ დავუკავშირდი ბატონ კოკაიას და ვუთხარი, რატომ აკეთებთ ამას. ის კი მეუბნება, გაგვიგეთ სწორად, ჩვენ აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული. აზერბაიჯანი ჩვენ გვაშანტაჟებს. ჩვენ თქვენი გვესმის“.

ირაკლი კოკაია, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უარყოფს:

„თვითონ დამიკავშირდა მე და მოითხოვა თავისი მასალები. მე მას შევხვდი და ვკითხე, თუ რისთვის სჭირდებოდა ეს მასალები და მან მითხრა, რომ ეს ინფორმაცია სჭირდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. მას ვუთხარი, კი ბატონო, თქვენი უფლებაა თქვენი დასკვნა გქონდეთ, უბრალოდ, თავი მოარიდეთ ამ ინფორმაციის პიარს, ჟურნალისტებთან თავისი დასკვნის გამოყენებას და ა.შ., რადგან ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური. საქართველომ მას მისცა თავშესაფარი და, უბრალოდ, არალოგიკურია, რომ მას ახლა ვუთხრათ, რომ დატოვე ქვეყანა“.

გიორგი გოგია, საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია დიდი ხანია ფლობს ინფორმაციას, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტები თავს ვერ გრძნობენ უსაფრთხოდ და მათ მიმართ მიმდინარეობს თვალთვალი:

„როგორც აღმოჩნდა, ეს საფრთხე საკმაოდ რეალური იყო. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს, რა მოხდა. იყო თუ არა ეს ქართველი და აზერბაიჯანელი სპეცსამსახურების თანამშრომლობა, თუ ეს იყო დაუდევრობა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა განახორციელეს ეს ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე“.

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას 43 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების შესახებ და მოუწოდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, „დაუყოვნებლივ გამოიძიონ მუხთარლის გატაცების ფაქტი“. როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, „ორივე ქვეყანა, საქართველოცა და აზერბაიჯანიც, არის ევროსაბჭოს წევრი, მიერთებულნი არიან ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ნებისმიერი ჩართულობა ან ხელის არშეშლა გატაცებასა და მუხთარლის აზერბაიჯანისთვის გადაცემაში არის კონვენციის სერიოზული დარღვევა“.

„ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზული გამოწვევაა, სახელმწიფომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს. მისი დაკავების ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველი და აცხადებს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტზე სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თაობაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი სიტყვებით, აფგან მუხთარლი არ არის ჟურნალისტი და ის რადიო თავისუფლების დაცვის თანამშრომელია. მოგვიანებით მინისტრმა განაცხადა, რომ შეცდა და რომ მუხთარლი მართლაც ყოფილა ჟურნალისტი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდებს უსწრაფესად გამოიძიონ აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, „გაუჩინარების“ საქმე. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, უპასუხონ ჟურნალისტების კონკრეტულ კითხვებს და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აღმოჩნდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, როგორ გადაკვეთა მან საზღვარი ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისშია, როგორც ამას ახლობლები აცხადებენ.

„ადამიანის უფლებების კუთხით რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და აქტივისტები საკუთარი ქვეყნებიდან იდევნებიან, საქართველო კი მათთვის თავშესაფარია, სადაც პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მაინც იყოს დაცული მათი უფლებები. შესაბამისად, აუცილებელია მთავრობის წევრებიც დაინტერესდნენ მომხდარით“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება პირველ ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG