Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოცვის უფლება ყველას აქვს


აქცია - „ლოცვის უფლება აქვს ყველას“
აქცია - „ლოცვის უფლება აქვს ყველას“
14 ივნისს მეიდანზე გაიმართა აქცია, რომლის დევიზიც იყო „ლოცვის უფლება აქვს ყველას“. მასში მონაწილე ადამიანები დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები მუსლიმანი მოსახლეობის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ ამავე სოფელში მომხდარის გამო: გასულ პარასკევს ადგილობრივ მუსლიმანებს სოფელში მცხოვრებმა ქრისტიანმა მოსახლეობამ ლოცვის უფლება არ მისცა. ნიგვზიანისა და წინწყაროს მსგავსი ინციდენტების შემდეგ, ეს უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების უფლება ირღვევა. აქციის ჩასატარებლად კი მეიდანი, როგორც საქართველოს ტოლერანტობის სიმბოლო, საგანგებოდ შეირჩა.

სამთაწყაროში მცხოვრებმა მუსლიმანებმა პარასკევს, 14 ივნისს, ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, ლოცვის ტრადიციული რიტუალი აღასრულეს. განსხვავებით წინა პარასკევისგან, ლოცვას ამჯერად სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ზაქარეიშვილი სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს გულო ნადირაშვილსაც გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მუსლიმებს ლოცვაში ხელს არავინ შეუშლიდა. ლოცვას ესწრებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძეც. მისი თქმით, ლოცვის რიტუალმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ადგილობრივ ქრისტიან ინგილოებსა და აჭარიდან ჩამოსახლებულ მუსლიმ ეკომიგრანეტბს შორის გარკვეული დაძაბულობა სწორედ რელიგიურ ნიადაგზე მაინც შეინიშნება. ამის დასტურია გასულ კვირას განვითარებული მოვლენებიც. ერთი კვირით ადრე სოფელში სხვაგვარი სურათი იყო - სოფლის ხოჯა სულიკო ხოზრევანიძე, რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გამო, სამართალდამცავებმა დაკითხეს. მაშინ არც ლოცვის რიტუალი ჩატარებულა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობითვე, კონფლიქტი სოფლის მოსახლეობას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმთა სამმართველომ სამთაწყაროში სამლოცველო სახლის გასახსნელად შენობა იყიდა. ქრისტიანმა ჰერებმა და აჭარელი ეკომიგრანტების ნაწილმა, რომლებიც ასევე მუსლიმები არიან, ერთად ლოცვის მსურველ მუსლიმებს ამის შესაძლებლობა უკვე მესამედ არ მისცეს. სამლოცველო სახლის გახსნის მოწინააღმდეგეებმა ადგილობრივი მუსლიმები სამლოცველო სახლიდან ჯერ ძალის გამოყენებით გამოყარეს, მომდევნო პარასკევს კი მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები სოფელში არ შეუშვეს და კვლავ ძალდატანებითა და მუქარით უკან გააბრუნეს.

გასულ წელს ნიგვზიანსა და წინწყაროში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს უკვე მესამე ფაქტია, როცა რელიგია ერთი სოფლის მოსახლეობის ურთიერთდაპირისპირების მიზეზი ხდება. სამთაწყარო არ არის არაფრის დასაწყისი, ამბობს იურისტი და 14 ივნისის აქციის მონაწილე თამარ გურჩიანი, ეს არის დაუსჯელობის, ნიგვზიანსა და წინწყაროში მომხდარ ფაქტებზე არაადეკვატური რეაგირების შედეგი, მაშინ როცა ამ სამ სოფელში განვითარებული მოვლენები სისხლის სამართლის დანაშაულადაც კი შეიძლება შეფასდეს:
თამარ გურჩიანი
თამარ გურჩიანი

„როდესაც ადამიანებს ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაში ხელი ეშლებათ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. არადა, სახიფათო ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ რელიგიური კონფესიებისათვის დაეთმო სარბიელი ერთმანეთს შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. ამ დროს კი იმ ქვეყანაში, სადაც კანონი არის უზენაესი, ასე საკითხები არ უნდა წყდებოდეს და ყველაზე მაღლა უნდა იდგეს სწორედ კანონი და კონსტიტუცია. სახელმწიფო ამბობს გადამწყვეტ სიტყვას დავების დროს, თუმცა სახელმწიფომ ეს როლი არ მოირგო და დაუთმო სხვას, ამ შემთხვევაში მართლმადიდებელ ეკლესიას“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში კი გარკვევით წერია:

1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.


და ეს ვრცელდება ყველა რელიგიის ადამიანზე.მათი უფლებაა, განმარტავს თამარ გურჩიანი, ილოცონ ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად. ნიგვზიანი, წინწყარო და სამთაწყარო კი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეეზღუდათ ადამიანებს ლოცვის უფლება. ასეთ დროს სახელმწიფოს ერთადერთი ინსტრუმენტი საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონია.

„ისიც, რომ ყველა მსგავს ინციდენტს პროვოკაცია დაარქვა და კანონის აღსრულებაზე უარი თქვა, ხოლო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ლეგიტიმურად აქციო, ესეც არის აბსოლუტურად არასწორი პოლიტიკა, რომელმაც დღეს არანაირი შედეგი არ მოგვიტანა, მაგრამ უახლოეს მომავალში სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენებს“.
აქცია - „ლოცვის უფლება აქვს ყველას“
აქცია - „ლოცვის უფლება აქვს ყველას“

14 ივნისის აქციაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მუსლიმი მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის მიზნით დაგეგმეს. ასე მოხდება ყველა სხვა აღმსარებლობის უფლებების დარღვევის შემთხვევაშიც - სახელმწიფოს უნდა მოეთხოვოს თანაბრად დაიცვას ყველა თავისი მოქალაქე. ამას მარტივი მიზეზი აქვს, ამბობს თამარ გურჩიანი - დღეს თუ ეჭვქვეშ დადგება ნებისმიერი უმცირესობის უფლება, ხვალ შესაძლოა იმავე პრობლემის წინაშე დადგეს უმრავლესობა:

„არავინ არ უნდა იყოს მშვიდად მხოლოდ იმის გამო, რომ ის უმრავლესობას მიეკუთვნება. ასეთი აზრით, მეც მივეკუთვნები ამ უმრავლესობას, მაგრამ ძალიან მაწუხებს ის, რომ ჩემი თანამოქალაქეების უფლებები სახელმწიფომ ერთი ხელის მოსმით შეიძლება ფეხქვეშ გათელოს“.

რადგან საქართველო ასე ამაყობს თავისი ტოლერანტობის კულტურით და ამის სიმბოლოდ სწორედ მეიდანი მიაჩნია, სადაც ერთმანეთის ახლოსაა სინაგოგა, მეჩეთი, სომხური გრიგორიანული ეკლესია, კათოლიკური თუ მართლმადიდებლური ტაძრები, აქციაც „ლოცვის უფლება აქვს ყველას“ ამ ადგილას გაიმართა. მისი ერთ-ერთი მონაწილე, ნინო დანელია, რომელსაც ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით - „იცხოვრე და სხვასაც მიეცი სიცოცხლის უფლება“, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ყველა მოქალაქის უფლების დაცვას სთხოვს:

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა ადამიანს შეეძლოს თავისუფლად გამოხატოს თავისი რწმენა, სადაც უნდა, იქ ილოცოს და გამოიყენოს ყველა უფლება, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული“.

მეიდანზე გამართულ აქციაზე მივიდა ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი აგიტ მირზოევიც. მან თქვა, ისეთი მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის, როგორიც საქართველოშია, მსგავსი ძალადობის ფაქტები განსაკუთრებით საზიანოაო:

„ასეთი ფაქტები დაუშვებელია ისეთ სახელმწიფოში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს და ასეთი რამ შესაძლოა არამხოლოდ მუსლიმი საზოგადოების მიმართ მოხდეს“.
მე როცა ვარ უმცირესობის წარმომადგენელი და ვიცი, ეს რას ნიშნავს, როცა არ ენდობი გარემოს, დაუცველი ხარ შენ და დაუცველი გყავს შვილები, მერე უკვე თვდადებას ვერავის მოსთხოვ. მეჩეთსაც დაკეტავენ და დაინათლებიან ყველანი. ან ეგეთი ქრისტიანი ვის რად უნდა, ასე შიშით მონათლული, მე არ ვიცი...
რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის რუსუდან გოცირიძისათვის ის, რაც ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს უკვე სამ სოფელში მოხდა, კომპლექსური, რამდენიმე მიზეზით გამოწვეული პრობლემაა. წინა ხელისუფლება ამ პრობლემას მოკლევადიანი, უეცარ წარმატებაზე გათვლილი ნაბიჯებით უმკლავდებოდა, ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით ფრთხილობს და ერთნაირად ეშინია როგორც წინა ხელისუფლების შეცდომების გამეორების, ისე არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმისა. პარალელურად, სახელმწიფო არ ზრუნავს ტოლერანტობის კულტურის ამაღლებაზე:

„ამას ემატება საზოგადოების რელიგიური სიბნელე, რაც ყველა ჯგუფში გვხვდება - უმცირესობაშიც, უმრავლესობაშიც. სოლიდარობის განცდა, რომელიც ყველა ქრისტიანში უნდა იყოს დიდი დოზით და სხვა ადამიანებშიც, ვინც რამენაირად რელიგიასთან არის ასოცირებული, ვნახეთ, რომ ნულამდეა დასული. ჩემი მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ დავაფასოთ ადამიანი და არავინ არავისზე მაღლა არ დავაყენოთ. ეს ანგრევს საზოგადოებას და დაგვანგრევს ჩვენც“.

რუსუდან გოცირიძე გვეუბნება, რომ, როგორც წესი, დაძაბულ ვითარებას ასეთ დროს ისევ უმცირესობაში მყოფი ადამიანების დათმობა განმუხტავს. ეს დათმობა იძულებითია:

„და ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, როცა უმრავლესობის შიში არის ძალიან დიდი. აი, მაგალითად, უთხრეს ამ ადამიანებს, რომ სხვა სოფლიდან მლოცველები არ ჩამოვიდნენ, ყველაფერზე თანახმა არიან. არ ილოცონ? - არ ილოცებენ ამ შიშის გამო და ასე. მე როცა ვარ უმცირესობის წარმომადგენელი და ვიცი, ეს რას ნიშნავს, როცა არ ენდობი გარემოს, დაუცველი ხარ შენ და დაუცველი გყავს შვილები, მერე უკვე თვდადებას ვერავის მოსთხოვ. მეჩეთსაც დაკეტავენ და დაინათლებიან ყველანი. ან ეგეთი ქრისტიანი ვის რად უნდა, ასე შიშით მონათლული, მე არ ვიცი..."

საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე გვეუბნება, რომ სამთაწყაროში მცხოვრები ქრისტიანი ინგილოების მძაფრი რეაქცია გასაკვირი არ არის, რადგან მათთვის წლების განმავლობაში ქრისტიანული რელიგია თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება იყო. მათ აგრესიულად კი არ უნდა დაველაპარაკოთ, ფიქრობს კახა კოჟორიძე, არამედ კარგად უნდა ავუხსნათ, რომ რელიგიის თავისუფლება ყველა მოქალაქისათვის კანონით მინიჭებული უფლებაა და ამ მხრივ ვინმესთვის ხელის შეშლა ქვეყანას მისივე ინტერესების საწინააღმდეგოდ მოუბრუნდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG