Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანონი კლავს“ - ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნა


აქცია „კანონი კლავს“
აქცია „კანონი კლავს“

„კანონი კლავს“ - ამგვარი სახელწოდების აქციით ეხმაურებიან ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში მოქმედ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, სახელმწიფო არაფერს აკეთებს რეპრესიული პოლიტიკის მიღმა და ამით წამალდამოკიდებულებსა და მათ ოჯახებს მომავლის შანსს ართმევს. რას მოითხოვენ ისინი?

გადმოწერა

„ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, გვკლავს“, - ასე ეუბნება რადიო თავისუფლებას კოკა ლაბარტყავა, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ გამგეობის თავმჯდომარე. „დღეს არსებული პოლიტიკა კლავს ჩვენს უკანასკნელ იმედსაც ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“, - განაგრძობს ის და ამბობს, რომ სწორედ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის გზაზე:

„ქვეყანაში ხორციელდება ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში კლავს ჩვენს ინტეგრაციას, ჩვენს მომავალს, ჩვენს ჯანმრთელობას და, რაც ძალიან სამწუხაროა, ჩვენს სიცოცხლეს. ჩვენ, საზოგადოება, აუცილებლად დავამსხვრევთ სიმბოლურ სახრჩობელას, რომელიც არ გვაძლევს განვითარების საშუალებას“.

არის უამრავი მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს, რომ დასჯა მოხმარებისთვის არანაირ დადებით შედეგს არ იძლევა და ქვეყნები ამის ნაცვლად ადამიანების მდგომარეობაში ერკვევიან და სთავაზობენ იმ დახმარებას, რომელიც მათ სჭირდებათ...
დავით ოთიაშვილი

„რეპრესიული ნარკოპოლიტიკა“ - ასე მოიხსენიებენ დღე ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად წამალდამოკიდებულები საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. მათი განცხადებით, ეს არის ტოტალურ დევნაზე დაფუძნებული სისტემის გადმონაშთი, რომელიც ორიენტირებულია არა მკურნალობაზე, არამედ დასჯაზე. ისინი ლაპარაკობენ სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ კონკრეტულ მუხლებზე, რომლებიც, მათი აზრით, აუცილებლად გასაუქმებელია. მათ შორისაა 273-ე მუხლი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით განმეორებით უკანონო დამზადების, შეძენა-შენახვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენების გამო ერთ წლამდე პატიმრობას ან 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მუხლში ცვლილებების შეტანისა და მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციისათვის კანონპროექტი პარლამენტში 2015 წლის მაისში შევიდა, თუმცა ერთი წლის თავზე, 2016 წლის მარტში, პარლამენტმა ეს მუხლი უცვლელად დატოვა და ასევე არ დაუჭირა მხარი მარიხუანისა და კანაფის მცირე რაოდენობით შეძენა-შენახვის, მოხმარების ან დამზადების გამო პატიმრობის გაუქმებას. თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს დაადგინა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის გამო პატიმრობა არაკონსტიტუციურია. საქმე ეხებოდა მარიხუანის მოხმარებისა და შენახვისთვის დაკავებულ ბექა წიქარიშვილის სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ანუ, როგორც მაშინ ბექა წიქარიშვილის ინტერესების დამცველმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ თქვა, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად გაუქმდა სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლიც, რომლის შეცვლასაც პარლამენტმა 2 მარტს მხარი არ დაუჭირა. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის, „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ მთავარი არგუმენტი, რომლითაც ხელისუფლება და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უპირისპირდება, ეს არის, მათი თქმით, მოლოდინი იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გაიზრდება წამალდამოკიდებულთა რაოდენობა. ამგვარ ალბათობას გამორიცხავს დავით ოთიაშვილი:

„არანაირი გამყარება და საფუძველი ამ არგუმენტს არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს უამრავი ქვეყნის მაგალითი, სადაც ეს მუხლი არ არსებობს ან არსებობდა და გაუქმებულია და ამას არ მოჰყოლია ნარკოტიკების მოხმარების მატება. არის უამრავი მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს, რომ დასჯა მოხმარებისთვის არანაირ დადებით შედეგს არ იძლევა და ქვეყნები ამის ნაცვლად ადამიანების მდგომარეობაში ერკვევიან და სთავაზობენ იმ დახმარებას, რომელიც მათ სჭირდებათ“.

სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრისას სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს გიორგი გოგუას, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ სოციალური მედიის კოორდინატორს. მისი თქმით, მიუხედავად დღეს არსებული სადამსჯელო პოლიტიკისა, წამალდამოკიდებულთა რაოდენობა მზარდია. დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოში 50 ათასი ინტრავენური მომხმარებელია დარეგისტრირებული, მაშინ როდესაც 2006 წელს ეს რიცხვი 40 ათასი იყო. გიორგი გოგუას თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, მისი თქმით, სახელმწიფო უარს ამბობს და ვერ ცვლის რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, ეს არის წამალდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობა:

აქცია „კანონი კლავს“
აქცია „კანონი კლავს“

„გვეუბნებოდნენ, რომ კი, გეთანხმებით, რომ რეპრესიულ პოლიტიკას შედეგი არ მოაქვს და ნელ-ნელა უნდა მოხდეს ლიბერალიზაცია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად - ჯერ უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, პრევენციაზე უნდა ვიმუშაოთ... მაგრამ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, ერთი ცენტრი არ აუშენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ლარი შედის ბიუჯეტში იგივე ნარკომომხმარებელთა მიერ გადახდილი ჯარიმებიდან“.

უნდა ითქვას, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში ლაპარაკობდნენ ყოფილი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენლები და ამბობდნენ, რომ მსგავსი ტიპის ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში იგეგმებოდა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ გასულ წელს ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას და ისჯებოდა ვადით 11 წლამდე. ცვლილების მიხედვით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა ნარკოტიკების გასაღება და შეძენა-შენახვა და შემცირდა პატიმრობის ვადებიც. თუმცა ამ ცვლილებაზე საუბრისას ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს იყო ხელისუფლების ე.წ. ფასადური პასუხი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში გაწეულ რეკომენდაციაზე, ერთმანეთისგან გამიჯნულიყო ნარკოტიკის გასაღება და შეძენა-შენახვა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ხელისუფლება აუცილებლად განახორციელებს. მისი თქმით, ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ნარკოპოლიტიკა აუცილებლად ლიბერალიზაციის კუთხით წავიდოდა და ხელისუფლება ამ პირობას აუცილებლად შეასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG