Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალა ერთობაშია“-ს აქცია ოკუპაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ


საოკუპაციო ბენერი კონფლიქტის ზონის სოფელში
საოკუპაციო ბენერი კონფლიქტის ზონის სოფელში

გუშინ საღამოს სამოქალაქო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან აქტივისტების მობილიზაცია და საპროტესტო აქციის ჩატარება გამოაცხადა, თუმცა ეს აქცია მხოლოდ განგრძობითი ოკუპაციის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული.

სამოქალაქო მოძრაობის საპროტესტო აქციები

  • 142 დღეა სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო გამყოფი ხაზის ყარაფილას მონაკვეთზე პატრულირებას ახორციელებს.
  • ბოლო დროს "მოძრაობამ" პატრულირება ერგნეთის მიმართულებითაც დაიწყეს.
  • სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მართავენ.

მოძრაობის ლიდერებმა ადგილობრივი ხელისუფლება მათ საქმიანობაში ხელის შეშლაში დაადანაშაულეს. ინფორმაცია სოციალური ქსელებით სწრაფად გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა, სოფელ ნიგოზაში მოძრაობის წევრების მიერ ყოფილი კლუბის, ამჟამად სოფლის სარიტუალო სახლში დაკავებული ერთი ოთახი კასპის მერის, მანუჩარ მერებაშვილის, ბრძანებით დაატოვებინეს. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ეს ოთახი მათ გამოსაზამთრებლად სჭირდებოდათ და ის კასპის ვიცე-გამგებელთან სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ გამოუყვეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა კასპის მერის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს სადამკვირვებლო მისიის ჩაშლის მცდელობად და რუსული დაკვეთის შესრულებად აფასებს. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ კასპის მერის მხრიდან ეს უღირსი საქციელი იყო.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან საქმიანობაში ხელის შეშლის სხვა შემთხვევებსაც იხსენებენ - ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით ნიგოზას მიმდებარე ტერიტორიაზე მათ ჯიხურ-კონტეინერის ჩადგმის უფლება იმის გამო არ მისცეს, რომ ეს ოკუპირებულ სოფელ ნიგოზაში მდგარ რუსეთის მესაზღვრეებს გააღიზიანებდა. სამოქალაქო აქტივისტებს ორი მცირე ზომის ჯიხურ-კონტეინერის თავშესაფრად გამოყენება სურდათ ზამთრის პირობებში პატრულირებისას. მოძრაობის წევრ ირაკლი საჯაიას თქმით, დაბრკოლებების მიუხედავად, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამოქალაქო პატრულირება გაგრძელდება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი ანტისაოკუპაციო მოძრაობის ბრალდებების პასუხად აცხადებს, რომ მათი მოქმედება არ იყო სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული და სახელმწიფოს კუთვნილ ფართში თვითნებურად იყვნენ შეჭრილები.

საპროტესტო აქცია სოფელ ყარაფილასთან. 2017 წლის 8 აგვისტო
საპროტესტო აქცია სოფელ ყარაფილასთან. 2017 წლის 8 აგვისტო

142 დღეა სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო გამყოფი ხაზის ყარაფილას მონაკვეთზე პატრულირებას ახორციელებს და საოკუპაციო ძალების საქმიანობის შესახებ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს. ამ ბოლო დროს მათ პატრულირება ერგნეთის მიმართულებითაც დაიწყეს. გარდა ამისა, მოძრაობის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მართავენ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG