Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალტერნატიული „კარდაკარი“ იწყება


საზოგადოებრივი მოძრაობა ”ამომრჩეველთა ლიგა” საარჩევნო სიის დაზუსტებას დამოუკიდებლად იწყებს. 19 ივნისიდან ლიგის 1850 რეგისტრატორი საველე მუშაობას შეუდგება. თავდაპირველად ისინი თბილისისა და ზუგდიდის მოსახლეობის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ. შედეგების გაცნობა კი ყოველკვირეულად იქნება შესაძლებელი. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ალტერნატიული „კარდაკარის“ დაწყებას მიესალმება იმ თვალსაზრისით, რომ მზადაა მათ მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები კომისიის მიერ დაზუსტებულ სიაში ასახოს, თუმცა, მეორე მხრივ, იმედოვნებს, რომ ალტერნატიული სია პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი არ გახდება.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”ამომრჩეველთა ლიგა”, რომელიც სამართლიანი და თანასწორი არჩევნებისთვის საბრძოლად 23 თებერვალს შეიქმნა, პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას ნდობის თვალით არ უყურებს. როგორც ”ამომრჩეველთა ლიგის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სახელმწიფო კომისია რომც არ შექმნილიყო, ისინი სიის დაზუსტებას დამოუკიდებლად მაინც შეუდგებოდნენ, თუმცა, მისი სიტყვებით, კომისიის მიერ ამ დრომდე ორ ეტაპად წარმოდგენილი, „კარდაკარის“ პრინციპით გადამოწმებული სია სანდოობასაა მოკლებული. ამ აზრის საილუსტრაციოდ ლევან ჩიკვაიძეს სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოჰყავს, რომელიც გადამოწმებულ ამომრჩეველთა 90%-ის მონაცემებს ეყრდნობა:

” 90% აქვთ აღწერილი. პირველი შედეგი გამოაქვეყნეს 100 ათასი ამომრჩევლის აღწერისთვის და არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ რომ ჩანდა მხოლოდ 4% უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის. მეორე, გამოქვეყნებული 60 ათასის აღწერის შემდეგ, სამივე კატეგორია ერთად - გარდაცვლილი, დაუდგენელი და უცხოეთში მყოფი - 4,5%. ჩვენი კვლევები გაკეთებული გვაქვს 1 მილიონ 200 ათას უცხოეთში მყოფ ამომრჩეველზე.”

ლევან ჩიკვაიძის სიტყვებით, ამომრჩეველთა სიების კვლევის მათეული მეთოდოლოგია გაცილებით ეფექტიანია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამომრჩევლის განაცხადის საფუძველზე გამოავლენს დაუდგენელ, ე.წ. ზედმეტად მიწერილ პირებს, გარდაცვლილებს და უცხოეთში მყოფ პირებს, რაც არა მარტო პირდაპირი გამოკითხვის გზით, არამედ მეზობლების გამოკითხვის გზითაც მიიღწევა.

ველოდები, რომ ისინი ამ ინფორმაციას მოგვაწვდიან, თუ მათ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ თუ, დავუშვათ, ის რიტორიკა გაგრძელდება, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციები ამბობენ, რომ ჩვენ მათ არ მივაწვდით ...
მამუკა კაციტაძე

ლევან ჩიკვაიძე ამბობს, რომ ”ამომრჩეველთა ლიგა” ითანამშრომლებს სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიასთან და თავიანთ მიერ აღმოჩენილ ნაკლოვანებებს მიაწვდის.

ლევან ჩიკვაიძის მიერ ნახსენებ პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც, მისი სიტყვებით, სახელმწიფო კომისიამ წარმოადგინა, მამუკა კაციტაძე, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე, ამბობს, რომ მათ მიერ არავითარი კონკრეტული პროცენტები არ დასახელებულა და ამიტომ ამ თემით მანიპულირება წარმოუდგენელია. რაც შეეხება ”ამომრჩეველთა ლიგის” ინიციატივას ალტერნატიულ „კარდაკართან“ დაკავშირებით, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ მიესალმება ინიციატივას და რომ მზადაა მათ მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები კომისიის მიერ დაზუსტებულ სიაში ასახოს, თუმცა, მეორე მხრივ, იმედოვნებს, რომ ალტერნატიული სია პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი არ გახდება:

”ველოდები, რომ ისინი ამ ინფორმაციას მოგვაწვდიან, თუ მათ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ თუ, დავუშვათ, ის რიტორიკა გაგრძელდება, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციები ამბობენ, რომ ჩვენ მათ არ მივაწვდით და 1 აგვისტომდე არაფერსაც არ ვიზამთ და, აი, მერე ვნახოთ, რას გავაკეთებთო, მაშინ ეს კეთდება წმინდა პოლიტიკური დაკვეთის კუთხით, დისკრედიტაციისათვის, შეიძლება გალანძღვისათვისაც, მერე გარკვეული დესტაბილიზაციის გამოწვევისთვისაც, როგორც იმუქრებიან, სხვენიდან კომბლების ჩამოღებისთვის და ა.შ.”

ამომრჩეველთა სიების „კარდაკარის“ პრინციპით გადასამოწმებლად სახელმწიფო კომისიას 5 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, „ამომრჩეველთა ლიგის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ამბობს, რომ მათ ეს პროცესი 20-ჯერ ნაკლები - დაახლოებით 250 ათასი ლარი - დაუჯდებათ, ფინანსურ წყაროდ კი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორცილებულ შემოწირულებას ასახელებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამომრჩეველთა სიაში ჯერ კიდევ არსებობს უზუსტობები, მაგრამ ამაზე მეტად პრობლემატურია ზოგადად ამომრჩეველთა სიის მიმართ საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება, რაც უნდობლობაში გამოიხატება. ნინო ლომჯარია მიესალმება ალტერნატიულ სამუშაოებს სიების დაზუსტებასთან მიმართებით, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ყველა დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ უზუსტობების შესახებ სახელმწიფო კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია.

” აუცილებელია, რომ მათ მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები ოპერატიულად მივაწოდოთ კომისიას, რომელიც უნდა დავავალდებულოთ, რომ გაიზიაროს და გამოასწოროს ეს ხარვეზები”,- ამბობს ნინო ლომჯარია.

ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას, თავის მხრივ, პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნებაც” გეგმავს, თუმცა როდის დაიწყება პროცესი, ცნობილი არ არის. სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია სიების დაზუსტების პროცესს 1 აგვისტოს დაასრულებს. კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო და პოლიტიკურ სუბიექტს სთხოვს, მათ მიერ მოპოვებული სიებთან დაკავშირებული ინფორმაცია 15 ივლისამდე მიაწოდონ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG