Accessibility links

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭისყრაში დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას, მიუხედავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგობისა. ახალ ზომებს ხმა მისცა წარმომადგენელთა პალატის 419-მა წევრმა სამის წინააღმდეგ. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ მკაცრ სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00
Direct link

რუსი ოფიციალური პირები მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურნენ აშშ-ის ახალი სანქციების შემოღების გეგმას. სანქციების მიზეზებს შორის არის მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით და მოსკოვის სავარაუდო ჩარევა აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, 26 ივლისს გამოაცხადა, რომ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც 25 ივლისს დაამტკიცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, არის ნაბიჯი ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობაში „ნორმალიზაციის პერსპექტივის მოსპობის მიმართულებით“. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ცნობით, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ, როგორც მოსკოვს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, ასეთი ნაბიჯები არ ჩაივლის საპასუხო ზომების გარეშე.

ამასობაში, შესაძლო საპასუხო მოქმედებაზე განცხადება გააკეთა ევროკავშირმაც. ბრიუსელის შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ რუსეთის მიმართ აშშ-ის ახალი სანქციები, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ევროკავშირისთვისაც, კერძოდ, მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. საქმე ის არის, რომ ახალი სანქციები - თუ ძალაში შევიდა - ითვალისწინებს დამსჯელ ზომებს ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც მონაწილეობს რუსეთის ენერგორესურსების საექსპორტო მილსადენების განვითარებაში, შეკეთებასა თუ მოდერნიზებაში. შესაბამისად, სანქციები, შესაძლოა, შეეხოს ევროპაში ენერგორესურსების საექსპორტო ინფრასტრუქტურას და გავლენა მოახდინოს პროექტებზე, რომლებსაც ევროკავშირი საჭიროდ მიიჩნევს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისათვის - მაგალითად, ბალტიის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მეშვეობით. ეს არგუმენტები მოყვანილია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც 26 ივლისს გავრცელდა.

მაგრამ დავუბრუნდეთ რუსეთის რეაქციას. ამ ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში, საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა, ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში სატელეფონო საუბრისას განმარტა, როგორ აფასებს ახალი სანქციების დაწესების გეგმას: „ეს არის მისწრაფება, რთულ მდგომარეობაში ჩააყენონ დონალდ ტრამპი, ხელი შეუშალონ მის გეგმას, მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, გააუქმონ შეთანხმებები, რომლებსაც ჰამბურგში მიაღწიეს ტრამპმა და პუტინმა. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი მოსკოვთან შეერთებული შტატების ურთიერთობის გაუარესების მიმართულებით“, - ასე ფიქრობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო კომიტეტის თავმჯდომარე.

ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს დამსჯელ ზომებს რუსეთის ეკონომიკისა და პუტინთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ. ამავე კანონპროექტით, აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაძნელდება რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედი სანქციების შეჩერება ან გაუქმება.

ახალი სანქციების ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 25 ივლისის კენჭისყრის დროს გამოხატეს როგორც დემოკრატმა, ისე პრეზიდენტ ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა,მართლაც ზრდის ზეწოლას დონალდ ტრამპზე. შეერთებულ შტატებში უკვე ბევრჯერ გამოუთქვამთ ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გუნდის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონტაქტები ჰქონდათ რუსეთთან, რომელიც არჩევნებში ჩაერია დონალდ ტრამპის გამარჯვების ხელშესაწყობად. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო და კონგრესი ცალ-ცალკე აწარმოებენ გამოძიებას რუსეთის სავარაუდო ჩარევასა და მოსკოვთან ტრამპის გუნდის შესაძლო კავშირზე ინფორმაციის მოსაპოვებლად.

თუკი ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტს სენატიც მიემხრობა, ის, დაახლოებით, ერთი კვირის ვადაში შეიძლება გადაეგზავნოს თეთრ სახლს დასამტკიცებლად, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, როდის გაიმართება კენჭისყრა სენატში.

როგორც ვარაუდობენ, კონგრესის ორივე პალატაში საკმარისი ხმები მოგროვდება, რათა დაიძლიოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო ვეტო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG