Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენები თბილისში: ამერიკა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია


საქართველოს ტერიტორილი მთლიანობისა და სუვერენიტეტის უცვლელი მხარდაჭერა, საქართველოს წვლილის სათანადო დაფასება გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, საქართველოს გვერდში დგომა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელშესახები პროგრესის დაფასება და დახმარება დემოკრატიული განვითარების პროცესში - თავიანთი ქვეყნის ამგვარ ხედვასა და პოზიციებზე ილაპარაკეს 25 თებერვალს თბილისში აშშ-ის კონგრესმენებმა.

დღის თემა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:57 0:00
გადმოწერა

ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი სიმბოლურად დაემთხვა თარიღს (1921 წლის 25 თებერვალი), როდესაც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან რესპუბლიკელი კონგრესმენი ადრიან სმიტი და დემოკრატი კონგრესმენები დევიდ პრაისი და ჯერალდ კონოლი. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის განმარტებით, კონგრესმენებს სერიოზული შეკითხვები აქვთ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მედიაპლურალიზმის ჭრილში.

25 თებერვალს, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ამერიკელმა კონგრესმენებმა, მეუღლეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თბილისში მდებარე შენობა დაათვალიერეს და, მათ შორის, მოინახულეს 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურის, ნოე ჟორდანიას, ბარელიეფი. შაბათს არაერთხელ ითქვა, რომ სიმბოლურია ამერიკელი მეგობრების სტუმრობა იმ დღეს, როცა საქართველოში ოკუპაციასა და გასაბჭოებასთან თავგანწირული ბრძოლის მძიმე თარიღი აღინიშნება. როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა დელეგაციამ მტკიცე და უცვლელი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხების ჭრილში. როგორც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტერ როსკამმა აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე, საქართველო ურთულეს გარემოში ვითარდება:

აქ ვართ, რათა გადმოგცეთ ძალიან მკაფიო მესიჯი და ეს არის აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
პიტერ როსკომი

„აქ ვართ, რათა გადმოგცეთ ძალიან მკაფიო მესიჯი და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხითა და საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დემოკრატიის განვითარების გზაზე, მსოფლიოს ძალიან ბობოქარ რეგიონში. ვიცით, რომ არის ზეწოლა ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან ზუსტად თქვენს საზღვართან. არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს გადაწყვეტილება, რომ წინ წავიდეს, შეინარჩუნოს დემოკრატიული პრინციპები და ინტეგრირდეს დასავლური ტიპის დემოკრატიასთან. ჩვენ აქ ვართ - როგორც პარტნიორები, ჩვენ აქ ვართ - როგორც მეგობრები და ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა“.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, პიტერ როსკამის, მსგავსად, საქართველოს განვითარების სწორ მიმართულებებსა და ძალისხმევაზე ილაპარაკა დემოკრატმა კონგრესმენმა დეივიდ პრაისმაც. მისი თქმით, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ისიც, რაც არჩევნებს შორის პერიოდში ხდება - როცა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ ხალხის ნებისა და ოპოზიციის ხმის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობები. საგანგებოდ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში:

„ჩვენი ქვეყანა ძალიან, ძალიან აღტაცებულია თქვენი ქვეყნით - თქვენი მრავალწლიანი ბრძოლისთვის, ჩვენი სამხედრო ოპერაციების, ჩვენი საერთო ინტერესების მხარდაჭერისთვის - განსაკუთრებით ავღანეთში... 31 ქართველი დაიღუპა ამ კონფლიქტში და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მსხვერპლს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მისწრაფებას ევროპული და დასავლური ინტეგრაციისკენ. ვაფასებთ ერთობლივ ქმედებებს ამერიკელ და ნატოელ სამხედროებთან ერთად. შესანიშნავი მიღწევაა ევროპაში მიმოსვლისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რაც სულ მალე მოხდება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს მისწრაფებებს შეერთებულ შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს“.

კონგრესმენებს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა არაერთხელ გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. საგანგებოდ აღინიშნა, რომ დელაგაციაში შემავალი კონგრესმენების სახელს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეტად მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის კონგრესმა გასულ წელს დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა კონკრეტული მიმართულებები, რომელთა გარშემოც 25 თებერვლის შეხვედრაზე იმსჯელეს და რომელთა ჭრილშიც შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის დაეხმაროს და მხარში ამოუდგეს საქართველოს:

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება,

მათ, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორებს, გააჩნიათ ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენც გვაღელვებს
დავით ბაქრაძე

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. საქართველოს პარლამენტი, მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ეფექტიანობის გაზრდას. ამასთან დაკავშირებით ამერიკელ მეგობრებთან ვიმსჯელეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების კონკრეტულ შესაძლებლობებზე. შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“.

ის, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები - ყოველმხრივ უჭერს მხარს საქართველოს, აშკარა და მისასალმებელია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც. თუმცა, როგორც კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ამერიკელ კანონმდებლებს ნამდვილად არ ჰგონიათ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის:

„მათ, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორებს, გააჩნიათ ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენც გვაღელვებს - კერძოდ, ქართულ დემოკრატიასთან მიმართებაში. მათ შორის, ჩვენ გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი „რუსთავი 2“-ის საქმეზე და ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ კონგრესმენებს არ გააჩნიათ შეკითხვები ან კრიტიკა. პირიქით, მათ ჰქონდათ შეკითხვებიც და ჰქონდათ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ნამდვილად არ იქნება მთავრობისთვის სასიამოვნო მოსასმენი „რუსთავი 2“-ის შემთხვევასთან დაკავშირებით... და მათ ჰქონდათ ასევე საკუთარი კრიტიკული პოზიციები სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც“.

დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გარდა, კონგრესმენებმა საპარლამენტო ოპოზიციასთან საგარეო გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც ილაპარაკეს. 25 თებერვალს ამერიკელმა კონგრესმენებმა შეხვედრები გამართეს ასევე რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG