Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული კვირა


გასულ კვირაში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტი, მაიკ პენსი, და მისი მეუღლე, კარენ პენსი, სტუმრობდნენ. ამავე კვირაში დაიწყო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. წინა წლებთან შედარებით, სწავლება ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა მონაწილეობს.

გასულ კვირაში მსოფლიოს მედია ყურადღებით აკვირდებოდა თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის, შეხვედრებსა და მთავარ გზავნილებს, რომელიც მან საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგომ გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას და არასოდეს შეეგუება თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში რუსული ტანკების დგომას. ვაშინგტონი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი - სწორედ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პენსმა 1 აგვისტოს თბილისში. მისი თქმით, საქართველო ერთ დღეს აუცილებლად იზეიმებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაიკ პენსმა გარკვევით თქვა, რომ თუკი რუსეთს ამერიკასთან კარგი ურთიერთობის დამყარება უნდა, მან აუცილებლად უნდა შეცვალოს თავისი დესტრუქციული პოლიტიკა:

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, ამერიკის შეერთებული შტატები დაუპირისპირდება ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ დროს გამოხატულ ნებისმიერ განზრახვას, რომელიც ძირს უთხრის ამ უცვლელ პრინციპს. პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები. დღეს აქ ჩემი მიზანია, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ეს მესიჯი“.

მაიკ პენსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად იდგება თავისუფლებისმოყვარე ქვეყნების გვერდით და ეს საქმითაც დამტკიცდება:

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატოს წევრი და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობასთან, რათა გავაფართოოთ სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გაწევრიანდეს ნატოში. საქართველომ მიაღწია უმნიშვნელოვანეს პროგრესს არა მხოლოდ დამოუკიდებლობის 25- წლიანი ისტორიის განმავლობაში, არამედ უმნიშვნელოვანესი პროგრესი გამოვლინდა ბოლო ხუთი წლის მანძილზე და ეს, ჩვენი რწმენით, გააძლიერებს საქართველოს განაცხადს ნატოს წევრობისთვის“.

1 აგვისტოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეხვდნენ. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, გაერთიანება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, განაცხადა რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრების“ ეთერში, მნიშვნელოვან შანსს სათანადოდ გამოყენება ესაჭიროება:

ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე მე ვისაუბრე ეკონომიკის თემებზე, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა თუ არ იქნება ძლიერი ეკონომიკურად, ჩვენი მოქალაქეები თუ არ იქნებიან იმის ძალიან მკაფიო მაგალითის მომსწრე, რომ მათი კეთილდღეობა უკეთესდება ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობით, მაშინ ეს ვერ იქნება გრძელვადიანი. ვისაუბრეთ ასევე დემოკრატიის თემებზე, იმაზე, რომ ქვეყანაში არის ბევრი პრობლემა, სერიოზული პრობლემა, თუმცა ქვეყანა წინ მიდის და საჭიროა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წინ სიარული. ამიტომ არის საჭირო საკონსტიტუციო საკითხებზე და საარჩევნო საკითხებზე მეტი და უკეთესი კონსენსუსი“.

ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა აშშ-ის მეორე ლედიმ, კარენ პენსმაც. მისი ინტერესის სფეროში მოექცა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრიკამარა“, სადაც უკვე წლებია პაციენტებს არტთერაპიით მკურნალობენ. კარენ პენსი ეწვია ასევე მხატვარ ოლესია თავაძის ნამუშევრების გამოფენას და ის ნახატები დაათვალიერა, რომლებიც ამერიკელ პოეტ რობერტ ფროსტის პოეზიით არის შთაგონებული.

ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში კარენ პენსმა აღნიშნა, რომ არტთერაპია არ არის, უბრალოდ, თამაში მასალით, მხოლოდ ხატვა და გართობა და რომ მის მთავარ მიზანს - ადამიანებისდახმარებას, ცხოვრებაშიდაბრუნებას - „კამარამ“ და ნათია ფანჯიკიძემ შესანიშნავად გაართვეს თავი:

ეს შესანიშნავი იყო - ჩვენ ხუთი ნამუშევარი ვნახეთ და მათ ავტორებს ველაპარაკეთ. ყოველი მათგანი ნათია ფანჯიკიძის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრკამარისარტთერაპიის პროგრამის მონაწილეა. ეს ადამიანები ებრძოდნენ დეპრესიას და სწორედ არტთერაპიის მეშვეობითადარჩნენ. იმის ხილვა, თუ რა გზა გაიარეს მათ თავიანთი ნამუშევრების შექმნით, ნამდვილად ძალიან გასაოცარია“.

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი მრავალეროვნულსწავლების -ღირსეული პარტნიორი 2017-ის ფონზე მიმდინარეობდა. 31 ივლისს სწავლებაში მონაწილე ამერიკული ჯავშანტექნიკის კოლონა ფოთიდან ვაზიანის პოლიგონზე ჩავიდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ,,ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას. სწავლებაში 2 800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში პირველადაა ჩართული ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ და გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე ამერიკული ტანკები - „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები - „ბრედლი“ და C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ნატოს ეგიდით მოქმედ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, კიდევ ერთიართველი სამხედრო დაიღუპა - ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრი, 25 წლის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე შვიდი წელიწადია მსახურობს. 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი სამხედრო. მომხდარის შესახებ საზოგადოებას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აცნობა:

გუშინ საღამოს ავღანეთის რესპუბლიკაში ბატალიონის ოცეულის ფარგლებში ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი. გვყავს ასევე სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ორი მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მესამე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ბაგრამის ჰოსპიტალში ყველაფერი კეთდება, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ამ მძიმე წუთებში ვდგავართ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდით და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას“.

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ საქართველოს კონტინგენტი სხვა ქვეყნის მიწაზე ებრძვის დიდ ბოროტებას, რათა ამ ბოროტებამ ჩვენს მიწამდე, ჩვენს სახლებამდე ვერ მოაღწიოს. საერთაშორისო ინტერესების სამსახური საქართველოს სამსახურს ნიშნავს:

„21- საუკუნის იმ ჭირს, რასაც ტერორიზმი ჰქვია, არ შეიძლება ებრძოდეს მთელი მსოფლიო და ჩვენ ვიდგეთ განზე.ხშირად საუბრობენ, რომ ამით ჩვენ შეიძლება ნატოს წევრობას ვყიდულობთ... არ არის ეს ასე მარტივად და დღეს ასეთი ჟესტებით ვერავის ვერც მოვატყუებთ და ვერავის ვერ მოისყიდი... ავღანეთის გამო არც მიგვიღებენ და არც არ მიგვიღებენ ნატოში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ჩვენ ვდგავართ ამ სახელმწიფოების გვერდით, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ყველგან აღინიშნება საქართველოს ეს როლი ტერორიზმთან ბრძოლაში და საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დგომა საქართველოსი ყველგან არის შეფასებული“.

გასულ კვირაში ოთხი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია გაერთიანდა და ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას მოუწოდა პრაიმერის გზით აირჩიონ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის საერთო კანდიდატები. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნების“ დამარცხება - ასე ფიქრობს ოთხი პოლიტიკური ძალა: "ახალი საქართველო", "ახალი ერთობა საქართველოსთვის", „ევროპელი დემოკრატები" და პოლიტიკური გაერთიანება "სამოქალქო ალიანსი თავისუფლებისთვის“.

ვიწრო პარტიული ინტერესების დავიწყებისა და გაერთიანებისაკენ მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიასა და მერობის კანდიდატს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც:

პირველ ტურში გაიმარჯვებს კალაძე, თუ მის თამაშს ავყვებით. კალაძის თამაშს არ უნდა ავყვეთ, უნდა გავერთიანდეთ, ამისთვის დრო არის. მივმართავ ზალიკოსაც, მივმართავ ელენესაც, მივმართავ ალეკოსაც,- სამივე ღირსეული ადამიანია, - გავერთიანდეთ, გამოვავლინოთ, ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში. ალბათ, ჩვენც გვეყოლება კანდიდატი”.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კი სამწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი ანგარიში ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. თბილისის მერის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან ხელშეშლის მიუხედავად, „დღედაღამ მუშაობის შედეგად“, მერიამ ქალაქისთვის მრავალი საკეთილდღეო საქმე გააკეთა, მათ შორის საგზაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თუ ქალაქისთვის ახალი ტურისტული ხიბლის შემატების თვალსაზრისით.

2014 წლიდან მოყოლებული, დედაქალაქში განხორციელდა მასშტაბური სამუშაოები, მათ შორის შემოწმდა ქალაქში არსებული ყველა ხიდი და აშენდა ერთი ახალი ხიდი. ოპონენტების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გაკეთდა შინდის-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, აშენდა ასევე სამება-მახათის დამაკავშირებელი გზა. თბილისის მერმა ილაპარაკა 13 ივნისის სტიქიის შესახებ და აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე დაიხარჯა 90 მლნ ლარი, განახლდა ავტობუსების ბაზა, მოეწყო ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა და სხვა:

ჩვენ დღე და ღამე მუშაობით უამრავი საქმე გავაკეთეთ. როცა ჩვენ მერიაში მოვედით, კარგად გახსოვთ, ბიუჯეტი დაგვხვდა პრაქტიკულად განიავებული. მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, 4 მლნ კვადრატულ მეტრზე მეტი გზა გაკეთდა თბილისში. საამაყო პროექტი ამ თვალსაზრისით არის პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია. 12 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში.სულ რაღაც 10 დღის წინ გაიხსნა ახალი ავტობაზა და ყველა ავტობუსი, რომელიც ჩვენ შევიძინეთკომპანიამან“-ისგან, 143-ვე ავტობუსი, ექსპლუატაციაშია და სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდა. საამაყო და მნიშვნელოვანი პროექტიაახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი შენობის აღდგენა-რესტავრაცია მოხდა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამასთან, გავაჩინეთ ქალაქში ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი და ჩვენი თანამოქალაქე დადის“.

დავით ნარმანიას თქმით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან, სარეკრეაციო სივრცის სახით, დედაქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. მისივე სიტყვებით, მუშავდება და ქალაქს ძალიან მალე ექნება განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა, თუმცა განაშენიანების გენერალური გეგმის არარსებობა და მისი დამუშავების პროცესში დაინტერესებული პროფესიონალების აზრის გაუთვალისწინებლობა მიაჩნია ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილს, „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელს, მერიის სამწლიანი მუშაობის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად:

თუნდაც ის, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, როგორიც არის გენგეგმა, როგორიც არის თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფცია, ამ თემებზე სხვადასხვა ჯგუფებს შორის კოორდინაცია არ ყოფილა და ეს დოკუმენტები არ დაედო საფუძვლად იმ დიდი დოკუმენტის შექმნას, რასაც ჰქვია თბილისის გენერალური გეგმა, ისევე როგორც თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები თავის დროზე არ იყო გათვალისწინებული და ამის ყველაზეკარგიმაგალითი არის k2 კოეფიციენტების შეზღუდვა, რასაც საპროექტო ჯგუფი დიდი ხანია ითხოვდა და ძალიან დაგვიანებით მოხდა მისი შემოღება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბრძანებულებაში, რომელსაც ბატონი ნარმანია აწერს ხელს, პირდაპირ წერია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს კოეფიციენტი ისევ გაიყიდება“.

გასულ კვირაში ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკში, 2 აგვისტოს სამხედრო საწყობში გაჩენილი ხანძრისა და აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა და ორი რუსი ტურისტი დაიღუპა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გუდაუთაში სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად სამხედროების მხრიდან სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულება დაასახელა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG