Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ჩასვლას ევროპაში


მთავრობამ პარლამენტში ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.
მთავრობამ პარლამენტში ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივას წინ ვერაფერი დაუდგება და საქართველოს მოქალაქეები უკვე მომავალი წლიდან შეძლებენ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში. ამ საკითხთან დაკავშირებით 21 ოქტომბერს პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატები უსმენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგი გიგიაძეს. მოლდავეთის მაგალითის გათვალისწინებით, გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა გაზრდის საქართველოს მოქალაქის პასპორტით დაინტერესებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამ შეიძლება იმოქმედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე?

ევროკომისიის მეოთხე ანგარიში 2015 წლის 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს და სწორედ მისმა შინაარსმა უნდა გადაწყვიტოს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის ბედი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმედოვნებს, რომ ევროკომისია დადებითად შეაფასებს ქართული მხარის მიერ გაკეთებულ მასშტაბურ საქმეს და პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება. გავიხსენოთ, რომ უვიზო მიმოსვლის ნებართვას საქართველო გაზაფხულზეც ელოდებოდა, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტის ფარგლებში, თუმცა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის (მესამე) ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მიერ შესრულებული სამუშაო არასრულყოფილად ჩაითვალა და გამოიკვეთა სფეროები, რომლებთან მიმართებითაც თბილისმა მეტი მუშაობის რეკომენდაცია მიიღო.ეს სფეროები კორუფციას, ტრეფიკინგს, ნარკოტიკებსა და თავშესაფარს უკავშირდება. შედეგების შესამოწმებლად ევროკომისიის შემფასებელთა მისია სექტემბრის ბოლოს სტუმრობდა თბილისს, ხოლო 20 ოქტომბერს ევროკომისიას თბილისიდან გაეგზავნა განახლებული პროგრესის ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს შესრულებულ სამუშაოს. გიგი გიგიაძეს დიდი იმედი აქვს, რომ წლის ბოლოს ტექნიკურ ეტაპთან დაკავშირებით ევროკომისიას პრეტენზიები აღარ ექნება და ჯერი უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიდგება:

„ჩვენ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რამდენი ხანი შეიძლება ამას დასჭირდეს. უბრალოდ, გვაქვს ყველაზე უფრო ახალი მაგალითი: მოლდოვას შემთხვევაში ამას დასჭირდა, დაახლოებით, 5 თვე. ანუ ტექნიკური ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ, უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე, დაახლოებით, 5 თვე გავიდა, რის შემდეგაც ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტის შეთანხმებული პოზიციის შეჯერების შემდეგ, თითოეულმა ქვეყანამ დაადასტურა თანხმობა. საქმე ის გახლავთ, რომ თავიდანვე, როდესაც საქართველოსთვის შეთავაზებულ იქნა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, სწორედ წინაპირობა გახლდათ ის, რომ, ტექნიკური პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ დააყოვნებდა, რისი იმედიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს“.

სავიზო ლიბერალიზაციის მიღებისთანავე, რამდენიმე თვეში, ძალიან დიდი რაოდენობით განაცხადი გაკეთდა დნესტრისპირეთის რეგიონიდან და ძალიან დიდი რაოდენობის ხალხმა მოითხოვა მოლდოვის პასპორტის მიღება, რაც პირდაპირ ცხადყოფს, რა მნიშვნელობა აქვს ამას სწორედ პოლიტიკური განზომილებისთვის, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოცემულ ეტაპზე...
გიგი გიგიაძე

თუკი საგარეო უწყების ლოგიკითა და მოლდავეთის მაგალითით ვიხელმძღვანელებთ, საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობა, სავარაუდოდ, უკვე მაის-ივნისისთვის უნდა შეძლონ. პოზიტიური სიგნალები მოდის ბრიუსელიდან, თუმცა ევროკავშირის ლიდერები დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ. ასე მაგალითად, 21 ივლისს, როცა თბილისს სტუმრობდა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ის და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს მოქალაქეების სურვილს მიიღონ უვიზო მიმოსვლის უფლება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში, რაკი, მისი აზრით, საქართველო მზად არის ამისთვის. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ, თუკი ყველაფერი ამავე ტემპით განვითარდება, ამ სურვილის ასრულება შესაძლებელი იქნება 2015 წლის ბოლოსთვის, ევროკომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. თუმცა იქვე ითქვა, რომ უვიზო რეჟიმის მიმართულებით წინ წასაწევად „მეტი რეფორმაა“ საჭირო.

გიგი გიგიაძის თქმით, სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განზომილებაც აქვს, რადგან ეს სიკეთე გავრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, შესაბამისად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსაც გაუჩნდებათ შანსი აიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი და უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 21 ოქტომბერს პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ამ მხრივ იმედისმომცემია მოლდავეთის მაგალითი:

„სავიზო ლიბერალიზაციის მიღებისთანავე, რამდენიმე თვეში, ძალიან დიდი რაოდენობით განაცხადი გაკეთდა დნესტრისპირეთის რეგიონიდან და ძალიან დიდი რაოდენობის ხალხმა მოითხოვა მოლდოვის პასპორტის მიღება, რაც პირდაპირ ცხადყოფს, რა მნიშვნელობა აქვს ამას სწორედ პოლიტიკური განზომილებისთვის, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოცემულ ეტაპზე. ეს იქნება ნამდვილად უდიდესი წამახალისებელი ფაქტორი იმისათვის, რომ (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა) ხალხმა მიიღოს საქართველოს პასპორტები და იმოგზაუროს ევროპაში. ჩვენ, რასაკვირველია, ველოდებით, რომ ეს ასეც მოხდება“.

არის ევროკავშირის რამდენიმე ალბათ, სამი ან ოთხი – ქვეყანა, რომლებიც ჩამოყალიბებული არ არიან ამ საკითხზე და ჯერჯერობით მერყევ პოზიციაზე იმყოფებიან, თუ რამდენად უნდა დაუჭირონ საქართველოს მხარი უვიზო მიმოსვლის საკითხში...
ვანო ჩხიკვაძე

მცირედი დეტალების გარდა, სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები პრაქტიკულად შესრულებულია და ამ მხრივ ევროკომისიის დეკემბერში გამოსაქვეყნებელი დასკვნა, დიდი ალბათობით, დადებითი იქნება, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. თუმცა მას საქმე გადაწყვეტილად ნამდვილად არ მიაჩნია და პრობლემებს ის პოლიტიკური მხარდაჭერის ეტაპზე მოელის:

„არის ევროკავშირის რამდენიმე - ალბათ, სამი ან ოთხი – ქვეყანა, რომლებიც ჩამოყალიბებული არ არიან ამ საკითხზე და ჯერჯერობით მერყევ პოზიციაზე იმყოფებიან, თუ რამდენად უნდა დაუჭირონ საქართველოს მხარი უვიზო მიმოსვლის საკითხში. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნებს ძალიან დიდი ზეგავლენის ბერკეტები აქვთ (მე, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ ამ ქვეყნების დასახელებისგან). ამ საკითხს განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ამ ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურები და შინაგან საქმეთა სამინისტროები“.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მერყეობის სავარაუდო მიზეზებს შორის ვანო ჩხიკვაძე ასახელებს, მაგალითად, საქართველოს მოქალაქეებისა თუ ეთნიკური ქართველების ჯგუფების დანაშაულებრივ საქმიანობას ამ ქვეყნებში და, ზოგადად, მიგრანტთა კრიზისს ევროპაში. თუმცა არსებობს სხვა თავსატეხიც, რადგანაც სავიზო ლიბერალიზაციის ჭრილში ევროკავშირი ერთ პაკეტში განიხილავს საქართველოსა და უკრაინას. ვანო ჩხიკვაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი უნდა იმუშაოს (მათ შორის, უკრაინასთანაც) იმისათვის, რომ უკრაინისთვის უარის თქმის აუცილებლობამ არ იმოქმედოს საქართველოს პერსპექტივაზე და თანაც ისე, რომ ამან უხერხულობა არ შექმნას ორ ქვეყანას შორის.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატულ იმედებს არამართებულად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. ჯერ ერთი, მას მოჭარბებული მოლოდინის გაჩენა დიდი იმედგაცრუების საწინდრად მიაჩნია და, მეორეც, მისი აზრით, დიდი ოპტიმიზმისთვის საფუძველი არ არსებობს და აქ გასათვალისწინებელია შიდა პოლიტიკური ფაქტორიც:

„მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად მიდის საქართველოში პოლიტიკური პროცესები, რამდენად სწორად მიდის იგივე დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში და არსებობს ცალკეული კითხვის ნიშნები, რომლებიც შეიძლება გაუჩნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით“.

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

21 ოქტომბერს პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაში, რომელზეც სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივები იხილებოდა, არ მონაწილეობდნენ ოპოზიციის - და, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის “ - წარმომადგენლები. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის იგნორირების ფაქტი საგანგებოდ აღნიშნეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. მაგალითად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის შთაბეჭდილებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველომ სანატრელ მიზანს ვერ მიაღწიოს. ამ თემაზე საუბარი სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა და, როგორც „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, ლევან ბერძენიშვილმა განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა:

„ვიცით, გვაქვს ინფორმაცია, და განსაკუთრებით ეს "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება, ცდილობენ უცხოეთში ხელი შეუშალონ ამ პროცესს - თითქოსდა, საქართველო ამას არ იმსახურებს. ფაქტობრივად, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვიან, თორემ მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს დიპლომატიური პასპორტები აქვთ და ევროპაში ისედაც უვიზოდ მოგზაურობენ“.

ასეთ მიდგომას „საბჭოური სტილის დეზინფორმაციასა“ და ცილისწამებას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მტრის ხატის შექმნას ცდილობს და მტრად გთვლის, როცა მის ქმედებებს კრიტიკულად აფასებ საერთაშორისო ასპარეზზე.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ საერთაშორისო არენაზე, რომ გვინდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ ასევე ყოველთვის ვამბობთ იმის შესახებ, რაც ხელს უშლის ამ ინტეგრაციას და უშლის კონკრეტული ქმედებები, რასაც ეს ხელისუფლება ახორციელებს... რა ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რა მდგომარეობაა მედიაში, რა მდგომარეობაა პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით, ამას, რა თქმა უნდა, ყურადღებას მიაქცევენ ევროპელი პოლიტიკოსები“, – აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG