Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტისემიტიზმიც!


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხანუქის დღესასწაულზე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხანუქის დღესასწაულზე
ინციდენტით დასრულდა ებრაული დღესასწაულის - ხანუქის - აღნიშვნა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ორმა მოქალაქემ პლაკატები ჩამოხია და საგანგებოდ დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა. ებრაული დღესასწაულის აღნიშვნა ასევე გააპროტესტა რამდენიმე მართლმადიდებელმა მღვდელმა და მათმა მრევლმა. რა მოხდა 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე და როგორ უპასუხა ხელისუფლებამ რელიგიური შეუწყნარებლობის მორიგ გამოვლინებას?

4 დეკემბერს, ხანუქის ბოლო დღეს, სანთლის ანთების საპატიო მისია ადგილობრივმა ებრაულმა თემმა საქართველოს პრეზიდენტს დააკისრა. გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მთავარ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორი ერის 26 საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ამ მეგობრობას საოცარი ქართველი და ებრაელი ხალხები აძლიერებდნენ: დავით აღმაშენებელი, რომელიც ყოველ ებრაელსა და განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელს ხვდებოდა პატივისცემით; ილია ჭავჭავაძე, რომელიც საუბრობდა იმის თაობაზე, რომ თუ ვინმეს ქვეყანაზე აქვს უნარი გაიგოს სხვა ერის, სხვა სარწმუნოების ტკივილი, ეს აქვს სწორედ ქართველს, იმიტომ რომ ქართველმა ძალიან ბევრი განიცადა თავისი სარწმუნოებისა და თავისი ერისათვის“.

იუდაისტური რელიგიური დღესასწაული არის იესო ქრისტეს შეურაცხყოფა, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არ არის! ეს რომ ყოფილიყო სინაგოგაში, გასაგებია, რომ არაფერი არ იქნებოდა, ჩვენ არავის არ ვუვარდებით არსად, მაგრამ ეს მოხდა თავისუფლების მოედანზე...
დეკანოზი დავით ისაკაძე
თუმცა, ამ სიტყვების საწინააღმდეგოდ, შეკრებილ ხალხში ერია რამდენიმე მოქალაქე, რომელიც ხანუქის თავისუფლების მოედანზე აღნიშვნასა და პრეზიდენტის რიტუალში მონაწილეობას, ანუ სანთლის ანთებას, აპროტესტებდა:

„არა, არა! არ აანთო, არა! არა!“

სიტყვიერი გაპროტესტების გარდა, ადგილი ჰქონდა ასევე კონცერტის ჩაშლის მცდელობასაც. პლაკატების ჩამოხევისა და მოედანზე დამონტაჟებული ტრიბუნის დაზიანების გამო პოლიციამ ორი პირი დააკავა. მოგვიანებით, სწორედ მათ მხარდასაჭერად და ებრაული დღესასწაულის თბილისის მთავარ მოედანზე აღნიშვნის გასაპროტესტებლად, გამოვიდნენ ქუჩაში დეკანოზი დავით ისაკაძე და მისი მრევლის წევრები:

„იუდაისტური რელიგიური დღესასწაული არის იესო ქრისტეს შეურაცხყოფა, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არ არის! ეს რომ ყოფილიყო სინაგოგაში, გასაგებია, რომ არაფერი არ იქნებოდა, ჩვენ არავის არ ვუვარდებით არსად, მაგრამ ეს მოხდა თავისუფლების მოედანზე. ანუ იესო ქრისტე შეგვიგინეს პირდაპირ ჩვენთვის ძვირფას ადგილას, რომელსაც ქალაქის ცენტრი ჰქვია“.

დეკანოზ დავით ისაკაძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს საპატრიარქოს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს რელიგიური შეუწყნარებლობის მზარდ ტენდენციასთან. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის ლინა ღვინიანიძის თქმით, ცალკეული სასულიერო პირებისა და მათი მრევლის სამიზნეში ხვდებიან, როგორც წესი, უმცირესობების წარმომადგენლები.

უკვე წლების განმავლობაში ეკლესიის წიაღში ვრცელდება და განსაკუთრებით საეკლესიო პრესის მეშვეობით, სადაც უხვად არის საუბარი იმაზე, თუ რა შეთქმულებას აწყობენ ებრაელები მსოფლიოს წინააღმდეგ. ხდება სიონიზმისა და სატანიზმის გაიგივება... ასეთ ქმედებებს უნდა მოჰყვეს მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო პროტესტი...
ბექა მინდიაშვილი
„მთავარი მათი სათქმელი არის ის, რომ საჯარო სივრცე არ ეკუთვნით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური იდენტობა. ეს არის ძალიან საშიში, რადგანაც ყველა ჯგუფზე შეიძლება გავრცელდეს ასეთი ტიპის აგრესია და გახდეს შეუქცევადი ეს პროცესი. ასეთი ფაქტები მეორდება, სიმწვავე იზრდება და ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ადეკვატური და რელევანტური“, უთხრა ლინა ღვინიანიძემ რადიო თავისუფლებას.

ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს ბექა მინდიაშვილიც - ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს, თუმცა არც კანონის დარღვევა უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე. ბექა მინდიაშვილის თქმით, 4 დეკემბერს მომხდარმა ინციდენტმა სააშკარაოზე გამოიტანა ეკლესიის შიგნით მყარად ფესვგადგმული ანტისემიტიზმის არსებობა:

„უკვე წლების განმავლობაში ეკლესიის წიაღში ვრცელდება და განსაკუთრებით საეკლესიო პრესის მეშვეობით, სადაც უხვად არის საუბარი იმაზე, თუ რა შეთქმულებას აწყობენ ებრაელები მსოფლიოს წინააღმდეგ. ხდება სიონიზმისა და სატანიზმის გაიგივება... ასეთ ქმედებებს უნდა მოჰყვეს მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო პროტესტი. ანტისემიტიზმის თუ ნებისმიერი სხვა ფობიის (არმენოფობია, ისლამოფობია და ა.შ.) გამოვლინებას უნდა მოჰყვეს სამოქალაქო პასუხი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე კანონს არღვევს, ის აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 დეკემბერს დაკავებულ პირებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს. წვრილმანი ხულიგნობა სასჯელის სახით 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

4 დეკემბრის ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს საქართველოს ებრაული თემის აქტიური წარმომადგენელი, ცნობილი კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, თუმცა იგი იმასაც ამბობს, რომ არ ღირს მომხდარისათვის საერთაშორისო მასშტაბის მიცემა.

„ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა აჰყვეს არავინ, რადგან ასეთი რამეები ხდება. უნდა შევაფასოთ სწორად. ამ ამბავმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან ისტორიას, რომლის აღსანიშნავადაც ყველანი ვემზადებით. ეს არის რამდენიმე ადამიანის დაუფიქრებელი ნაბიჯი, პროვოკაცია, რაც ხდება ყველა ერსა და ქვეყანაში. მთავარია, რომ ის, რაც 4 დეკემბერს მოხდა, არ არის სახელმწიფო პოლიტიკა და ეს არ არის ხალხის ნება. ეს იყო გამოხდომა“, უთხრა ჯამლეტ ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG