Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 წელი რუსეთის მიერ აღიარებიდან


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მეშვიდე წლისთავს საზეიმო ვითარებაში შეხვდნენ. ოფიციალურ განცხადებებში სეპარატისტთა ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მოიპოვეს სახელმწიფოებრიობა, რისთვისაც ისინი წლების განმავლობაში იბრძოდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკების სადღესასწაულო პათოსის მიუხედავად, თბილისში ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ფარსია, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ რესპუბლიკების მიერ რუსეთთან დადებულმა მოკავშირეობის ხელშეკრულებებმა, რომელთა რატიფიცირებაც სწორედ აღიარების მეშვიდე წელს მოხდა. რა შანსები არსებობს რეინტეგრაციისთვის?

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან ორიოდ კვირაში გამოაცხადა. რუსეთის მიერ ამ რესპუბლიკების აღიარების პოლიტიკა წარუმატებელი გამოდგა და რუსეთის თანამოაზრეებად დამოუკიდებლობის მეშვიდე წლისთავზე რჩებიან ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ამ ქვეყნების რიგში 2011-2014 წლებში იყო ტუვალუც, რომელმაც გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების თაობაზე გასულ წელს უკან წაიღო. მიუხედავად იმისა, რომ 7 წლის განმავლობაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა აღიარეს, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ანექსიის ფაქტი გადაულახავი ბარიერის სახეს იღებს და ამ ეტაპზე პროცესების უკუქცევის არანაირი შანსი არ ჩანს. კახა გოგოლაშვილის აზრით, იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, დიდი და გლობალური ცვლილებები უნდა მოხდეს:

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

“აქ შეიძლება ორი ვითარება გამოიყოს. ერთი, მაგალითად, რუსეთის დასუსტება, აი, ამ ყირიმის, შემდგომი სანქციებით - დასუსტება იმდენად, რომ შესაძლებელი გახდება რუსეთის პრიორიტეტების რაღაცნაირი შეცვლა, მისი საგარეო პოლიტიკის, საგარეო ხედვების, პოლიტიკაზე ზემოქმედება და მისი შეცვლა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო აქტორების დახმარებით, რომლებიც დაინტერესებულები არიან და იქნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი სცენარი ეს არის, რომ ჩვენ დავთანხმდებით მთლიანად რუსეთის ყველა მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ როლთან საქართველოსი, ორიენტაციასთან და ასე შემდეგ“.

კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ მეორე ვარიანტის განვითარების შემთხვევაში, რუსეთი შესაძლოა საქართველოსთან დათმობებზე წავიდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, თუმცა ქვეყანა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო დამოუკიდებლობას დაკარგავს.

მდგომარეობის სირთულეს აღიარებს დევნილი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, რომელიც, ამის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ ოკუპაციას დასასრული ექნება - მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც აფხაზი ეთნოსიც ხვდება, რომ ფიზიკური ყოფნა-არყოფნის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. რაც შეხება ერთ-ერთ ბოლო სიახლეს, ოჩამჩირიდან ენგურის ხიდამდე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით სამუშაოებს რუსეთის სარკინიგზო ჯარების მეშვეობით და ამ სამუშაოების დაწყების შესაძლო კავშირს საქართველოში ნატოს საწვრთნელი და შემფასებელი ცენტრის გახსნასთან, გია გვაზავა ამბობს:

“რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს არის პროვოკაცია, პირველ რიგში, საწვრთნელი ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, ალბათ, გარკვეული ძალის ჩვენების, დემონსტრაციის მომენტი არის, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი გრძელვადიან პოლიტიკას ფიქრობს და ამ რკინიგზის აღდგენით ის ეცდება დაამყაროს კავშირი: რუსეთი, სომხეთი, ირანი“.

კარგი მაგალითი არის საფეხბურთო მატჩი, ბარსელონისა და სევილიის მატჩი, სადაც, მიუხედავად უზარმაზარი პროტესტისა და უზარმაზარი წნეხისა, ახალგაზრდების საკმაოდ დიდმა ჯგუფმა მოახერხა ფარულად გადასვლა საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ მატჩზე დასწრება, რაც დაახლოებით 10 წლის წინ იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი...
ალეკო კვახაძე

თავის მხრივ, მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან გერაძე ფიქრობს, რომ, მსოფლიოში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემისადმი ასეთ ვითარებაში შესუსტებული ყურადღების ფონზე, მხარეთა შორის ნდობის აღდგენის კუთხით პოზიტიური პროცესები მაინც შეინიშნება:

“პესიმიზმი მძლავრობს ხოლმე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი პროცესები თვითონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საკმაოდ საინტერესო იდეები არსებობს მხარეთა დაახლოების თვალსაზრისით, ნდობის აღდგენის თვალსაზრისით და, ვთქვათ, თუ ფორსირება არასაჭირო არ მოხდება ამპროცესებისა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით საერთაშორისო ძალისხმევებთან გარკვეულ შედეგს მოიტანს აუცილებლად“.

სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებრივი აქტიურობის ერთ კონკრეტულ ფაქტს იხსენებს, თავის მხრივ, კავკასიის საკითხების ექსპერტი ალეკო კვახაძე:

“კარგი მაგალითი არის საფეხბურთო მატჩი, ბარსელონისა და სევილიის მატჩი, სადაც, მიუხედავად უზარმაზარი პროტესტისა და უზარმაზარი წნეხისა, ახალგაზრდების საკმაოდ დიდმა ჯგუფმა მოახერხა ფარულად გადასვლა საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ მატჩზე დასწრება, რაც დაახლოებით 10 წლის წინ იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ასევე თვითონ აფხაზებიც აღიარებენ, რომ მათი სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი ნაწილი შემოდის არაოკუპირებული საქართველოდან და ასეთი მაგალითი კიდევ არის ბევრი“.

ალეკო კვახაძე ფიქრობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო პერსპექტივად აფხაზი და ოსი ხალხების საზოგადოებრივ-ეკონომიკური დაინტერესება იკვეთება და ქვეყნის ხელისუფლებამ სწორედ აქეთუნდა მიმართოს ძალისხმევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG