Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპლიკაციები, რომლებიც არ უნდა გამოგეტოვებინათ 2013 წელს


2013 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ სწორედ ამ წელს შევცვალე ჩემი გაჯეტი. ოღონდ არამარტო გაჯეტი, საერთოდ, ანდროიდს ვუღალატე და ჩემი ერთგული გალაქსი ნექსუსის ნაცვლად, აიფონ 5s ვიყიდე. ამან, რა თქმა უნდა, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაც შეცვალა. ვისაც დიდი ხანია უკვე სმარტფონი გაქვთ, ალბათ, მიხვდებით, თუ რას ნიშნავს, როცა საკუთარ გაჯეტზე იმდენად ხარ მიჯაჭვული, რომ თითქმის მთელი ცხოვრების ამ პატარა მოწყობილობაში მოქცევას ცდილობ. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მას შემდეგ, რაც ანდროიდიდან ეფლზე გადავედი, მნიშვნელოვნად შეიცვალა ის აპლიკაციებიც, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმარ. დღევანდელ პროგრამას სწორედ ამ აპლიკაციებს მივუძღვნი, ანუ მოგიყვებით იმ აპებზე, რომლებიც ეფლის ეპ სტორზეა ხელმისაწვდომი და რომლებიც ძალიან გაგიმარტივებდნენ ცხოვრებას 2013 წელს.

პირველი ასეთი აპლიკაციების სიაში Feedly-ა - ბრწყინვალე აპი, რომლის დაყენებაც მეგობარმა მირჩია მაშინვე, როგორც კი ჩემი ახალი აიფონი ვაჩვენე. ფიდლი რსს რიდერია, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი რიდერი, რაც კი ოდესმე გამომიყენებია. აპლიკაცია პირად ნიუს სტენდს გიქმნით. საჭიროა მხოლოდ შეიყვანოთ თქვენი საყვარელი საიტები, იუთუბ ჩენელები, ბლოგი და, მოკლედ, ნებისმიერი გვერდი, რომელსაც ხშირად სტუმრობთ ინტერნეტში. ამ გვერდებზე გამოჩენილ სიახლეებს აპლიკაცია ავტომატურად ახარისხებს, თქვენ მიერ მითითებული კატეგორიების მიხედვით ნიუს ფიდში ალაგებს და გიქმნით ერთგვარ პერსონალურ ჟურნალს, რომელშიც მხოლოდ ის საინფორმაციო ნიუსებია, რომლებიც გაინტერესებთ, მხოლოდ ის მუსიკა, რომელსაც უსმენთ, მხოლოდ ის სპორტული სიახლეები, რომლებიც გინდათ იცოდეთ და ა.შ. ფიდლის უპირატესობა სხვა რიდერებზე, ჩემი აზრით, მისი დიზაინიცაა, რომელიც მაქსიმალურად მარტივს ხდის დაფავორიტებული საიტების სერფინგს.

ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, რაც ნებისმიერ სმარტფონს აქვს, ჩემი აზრით, ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა, ანუ ბენეფიტი, რომელიც არ შეგიძლია რეალურად გქონდეს, შესაძლებელია ვირტუალური სივრცისგან მიიღო. მაგალითად, ხომ გინახავთ ფილმები, სადაც ძალიან მდიდარ და გავლენიან ტიპებს პერსონალური ასისტენტები ჰყავთ - აი, ისეთი ასისტენტები, რომლებიც ყველა ორგანიზაციულ პრობლემას მათ მაგივრად აგვარებენ, ყოველთვის ახსენებენ, თუ როდის რა უნდა გააკეთონ და ა.შ. სწორედ ასეთი ასისტენტი გაგიჩნდებათ მაშინვე, როგორც კი თქვენს აიფონში Omnifocus-ს დააყენებთ. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი გრაფიკი, ჩაიწეროთ შენიშვნები და მისდიოთ მნიშვნელოვან გეგმებს ისე, რომ არასდროს არაფერი გამოგეპაროთ. ომნიფოკუსი გიქმნით „To Do List“-ებს და ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ამ სიას აუცილებლად უნდა მიჰყვეთ. ასევე აპლიკაციის ყველაზე კარგი თვისება ისაა, რომ ნებისმიერ სიას, რომელსაც ადგენთ, ის ერთგვარი იერარქიით ალაგებს და შეგახსენებთ მხოლოდ მაშინ, როცა აუცილებლად გჭირდებათ ამის შეხსენება.

ჩემი ცხოვრება გაცილებით მარტივი გახადა „Mint”-მა მას შემდეგ, რაც ფინანსებზე მთელი ზრუნვა ამ აპლიკაციას ურცხვად შევაჩეჩე. ეს ყველაფერი ჩემს ბიუჯეტსაც დაეტყო და, საერთოდაც, თუკი შევძლებ და „მინტის“ მითითებებს არ გადავუხვევ, მგონი, 2014 წელს საკმაოდ კარგი დანაზოგითაც დავასრულებ. მართალია, ეს არც ისე ახალი აპლია, მაგრამ მე მისი გამოყენება სწორედ მაშინ დავიწყე, როცა ჩემი ძველი გაჯეტი ახლით შევცვალე. „მინტი“ პირადი ფინანსური მენეჯერია, რომელიც უმარტივესია მოხმარებისთვის და ავტომატურად გითვლით, თუ რა კატეგორიაში რამდენი ფულის დახარჯვის უფლება გაქვთ თვის განმავლობაში. აპლიკაცია ძალიან გამოადგება მათ, ვინც ცდილობს გარკვეული თანხა გადადოს, მაგალითად, ზაფხულისთვის ან, თუნდაც, მათ, ვინც ფიქრობს, რომ ნორმალური ხელფასი აქვს, მაგრამ თვიდან თვემდე მაინც არ ჰყოფნის. მოკლედ, თუკი გსურდათ, რომ გყოლოდათ ფინანსური მენეჯერი, რომელიც თქვენს ფინანსებს მოაწესრიგებდა, აუცილებლად გადმოწერეთ „მინტი“.

საერთოდ, როცა სმარტფონი გაქვს, ყოველთვის გსურს რაიმე თამაში გადმოწერო და თავისუფალ დროს ითამაშო ხოლმე. მოკლედ, ერთია სურვილი და მეორე ის, რომ როგორც კი ეპ სტორზე შედიხარ, იქ უამრავი თამაში გხვდება, რომელთანაგაც ბევრს ვერ ირჩევ, მერე გადმოწერას ელოდები და ა.შ. თუკი გსურთ, რომ თქვენი გეიმინგ სივრცე მარტივად მოაწესრიგოთ, მე გირჩევთ ცადოთ და გამოიყენოთ „Steam” - აპლიკაცი, რომელიც 2000-ზე მეტ თამაშს აერთიანებს. აპლიკაცია ჩატვირთულ თამაშებს ჟანრებისა და ინტერესების მიხედვით ალაგებს, გიხსნით პირად პროფილს და საშუალებას გაძლევთ არა მარტო ითამაშოთ, არამედ გარკვეული ინტერაქცია გქონდეთ ადამიანებთან, რომლებიც ამავე თამაშებით ერთობიან. სთიმი საშუალებს გაძლევთ გაიცნოთ მეტი ადამიანი, რომლებთანაც საერთო ინტერესი გაკავშირებთ ან შეუერთდეთ ჯგუფებს, შექმნათ კლანები და თამაშის დროსაც კი მისწეროთ საერთოდ უცნობ ტიპებს. პირადად მე თავიდან სთიმი მხოლოდ იმიტომ მომეწონა, რომ ინტერაქციის მსგავსი დონით, უბრალოდ, შეუძლებელია რომელიმე ტურში გაიჭედო ან მისია ვერ შეასრულო. აპლიკაციის დახმარებით აუცილებლად იპოვი ვინმეს, ვინც გამოცდილებას გაგიზიარებს. ოღონდ ეგოისტები თქვენც არ უნდა იყოთ და აუცილებლად უნდა გაუზიაროთ სხვებს თქვენი გამოცდილებაც.

აი, სულ ესაა იმ აპლიკაციების მოკლე სია, რომლების გამოყენებაც 2013 წელს დავიწყე და რომლებიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცნენ. ახლა კი უკვე კვირაა და ჩემი ომნიფოკუსი უკვე მახსენებს, რომ დროა მუშაობას მოვრჩე და ცოტა დავისვენო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG