Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისმინეთ ჩვენი ხმა - ნუ გვისმენთ!“


კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 19 მარტს თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს მელიქიშვილის გამზირიდან მთავრობის კანცელარიამდე. აქციის ორგანიზატორებმა დაგმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტი და მთავრობისგან ეფექტიანი გამოძიების წარმოება მოითხოვეს.

სტვენითა და შეძახილებით ცდილობდნენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილენი ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას იმ პრობლემებისადმი, რომლებმაც განსაკუთრებული სიმძაფრით იჩინა თავი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სახით. „უკონტროლო მოსმენები დაკანონდა“, „ისმინე ჩვენი ხმა - ნუ გვისმენ!“ - ამგვარი შინაარსის ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გავლით თავი მოიყარეს მთავრობის კანცელარიის წინ და, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მოითხოვეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. და კიდევ:

მხოლოდ ადგილობრივი სამსახურები არ უნდა იძიებდნენ ამ დანაშაულს
ანა ნაცვლიშვილი

„ასევე ვითხოვთ სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას, მაგრამ გამოძიებას უნდა ჰქონდეს სპეციალური ფორმატი. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ადგილობრივი სამსახურები არ უნდა იძიებდნენ ამ დანაშაულს. მათ სჭირდებათ გამოცდილი, ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილი ექსპერტებისა თუ სპეცსამსახურების წარმომადგენელთა დახმარება იმისთვის, რომ უფრო მაღალი იყოს გამომძიებელთა გუნდის ექსპერტიზა და იმისთვის, რომ უფრო მაღალი იყოს საზოგადოების ნდობა“.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, უნდა შეიქმნას ასევე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს, რათა აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ეკა ჭითანავა ამბობს, სწორედ დაუსჯელობის სინდრომის გამო გრძელდება ფარული მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების პრაქტიკა.

ხელისუფლებას, უბრალოდ, არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ გამოიძიოს ეს შემთხვევები
ეკა ჭითანავა

„საჯარო პირები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ უთვალთვალებენ და აშანტაჟებენ, მათი პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას იყენებენ პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის და ამგვარი უამრავი შემთხვევა იყო - მაგალითად, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შემთხვევები. ჟურნალისტებიც საუბრობდნენ, პირდაპირ სახელსა და გვარებს ასახელებდნენ, რომ მათზე არის ზეწოლა, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ეს ფაქტები რჩება გამოუძიებელი. ყოველივე ეს გვაძლევს მყარი ეჭვის საფუძველს, რომ ხელისუფლებას, უბრალოდ, არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ გამოიძიოს ეს შემთხვევები“, უთხრა ეკა ჭითანავამ რადიო თავისუფლებას.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიტიკური ნების უქონლობის გარდა, პრობლემას ქმნის ასევე დეფექტური საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უკონტროლო და უკანონო მიყურადების საშუალებას იძლევა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის ნაუცბათევმა გამოყოფამ, რამაც ერთი მონსტრის ადგილზე ორის წარმოქმნის შესაძლებლობა გააჩინა:

ეჭვი ჩნდება, ხომ არ გაჟონა ამ ინფორმაციამ სწორედაც რომ უსაფრთხოების სამსახურიდან
ალეკო ცქიტიშვილი

„ახლა ვეღარ გაიგებ, რომელ უწყებას აქვს ფარული მიყურადების „გასაღები“, ასევე გაურკვეველია, სად იმყოფება ამ ჩანაწერების ბაზა. ამავე დროს, უსაფრთხოების სამსახური აღმოჩნდა სრულიად უსუსური და უმოქმედო ამ მთავარ გამოწვევაში, როდესაც გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები. ვხედავთ, რომ არანაირი რესურსი ახალ სამსახურს არ აქვს, რომ ცხელ კვალზე სწრაფად გამოიძიოს ეს დანაშაული, რომელიც უშუალოდ მისი გამოწვევაა. გარდა ამისა, ეჭვი ჩნდება, ხომ არ გაჟონა ამ ინფორმაციამ სწორედაც რომ უსაფრთხოების სამსახურიდან“.

ალეკო ცქიტიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლების გარდა, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ გაერთიანებული პროფესიული კავშირების წევრებიც. როგორც რადიო თავისუფლებას გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ უთხრა, ჭირი, სახელად ფარული მიყურადება და შანტაჟი, კარგადაა ცნობილი პროფკავშირებისათვის:

„ჩვენს აქტიურ წევრებს ბევრ საწარმოში ( როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულში) უსმენენ და უთვალთვალებენ უშიშროების ცენტრალური თუ ადგილობრივი სამსახურები. ადგილებზე დევნაა, თვალთვალი... მაგალითად, კაზრეთში, იგივე ხდება რკინიგზაში, ფოსტაში და კიდევ ბევრგან. როგორც პოლიტიკურ, ასევე სამოქალაქო და შრომითი ურთიერთობების საკითხში უნდა დამთავრდეს ასეთი რამ, სხვანაირად ჩვენს ქვეყანას განვითარება არ უწერია“.

აქციის მონაწილეთა შორის იყო ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით დაემუქრნენ:

გაასაჯაროონ, არაფრის არ მეშინია, კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გავხდი ამ მუქარების შემდეგ
ინგა გრიგოლია

„მე ვეუბნები, რომ გაასაჯაროონ, არაფრის არ მეშინია, კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გავხდი ამ მუქარების შემდეგ. საზოგადოების რეაქციას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ არა მარტო მოსმენებს, არამედ ჩვენ უნდა ვთქვათ ღიად: არ გვეშინია პირადი ცხოვრების გასაჯაროების, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ არ გვაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება“.

19 მარტს გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასა და შანტაჟს მხოლოდ საზოგადოების ადეკვატური რეაქცია თუ გააჩერებს:

„ამ კადრების გამოქვეყნება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ხალხი უნდოდათ დასჯის იარაღად გამოეყენებინათ. ჰგონიათ, რომ საქართველოს საზოგადოება შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი და ლინჩის წესს მოუწყობდა ერთმანეთს. ეს ყველაფერი არის კატასტროფა, საშინელება და მხოლოდ საზოგადოებას აქვს უნარი, რომ ეს შეაჩეროს. არავითარ შემთხვევაში საზოგადოება არ უნდა წავიდეს კომპრომისზე ტერორისტებთან და უნდა თქვას, რომ მე სხვისი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს დანაშაული, რომელიც ხდება სხვისი პირადი ცხოვრების გამოქვეყნებით“.

19 მარტს კამპანია, ლოზუნგით "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ", თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებშიც გაიმართა. 19 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტშიც იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, უახლოეს ხანებში კომიტეტი პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG