Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამაგალითო, მაგრამ თავისუფალი არჩევნები


8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას რამდენიმე ათეული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. კენჭისყრის მსვლელობისას გამოვლენილი მრავალი დარღვევის მიუხედავად, ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა და დარღვევებს გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე.

გადმოწერა

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას 91 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. სწორედ მათ მიერ დაწერილი 200-მდე საჩივარი უნდა განიხილოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომლის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაწეული მუშაობისათვის. ამ ორგანიზაციებს შორის იყო ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), რომელიც არჩევნებს 23-წევრიანი დელეგაციით აკვირდებოდა. სადამკვირვებლო მისიამ ქვეყნის 10 რეგიონში 80-მდე საარჩევნო უბანი მოინახულა. მისი ანგარიშის მიხედვით, არჩევნების დღე, რომელიც მშვიდ გარემოში დაიწყო, ძალადობის ცალკეული შემთხვევებით დასრულდა.

„კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინათ და ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში მშვიდად და ორგანიზებულად წარიმართა, თუმცა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი შეჩერდა ან შეწყდა უმართავი და, ზოგიერთ შემთხვევაში, აგრესიული ჯგუფების გამო. ძალადობას არც ერთ არჩევნებზე ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამ პროცესებმა არაერთი ამომრჩევლისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ დღის პირველ ნახევარში დემოკრატიისთვის გაწეულ შრომას ჩრდილი მიაყენა, თუმცა, ერთი შეხედვით, ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია“.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს თბილისისა და 9 რეგიონის 61 საარჩევნო ოლქში 500-მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის წარმომადგენლის, ლელა ტალიურის, თქმით, ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე დაფიქსირდა საყურადღებო დარღვევები. ამასთან, ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, ხარვეზებით წარიმართა ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი:

„ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ იყო სამაგალითო არჩევნები. ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხი გაუმჯობესდა 2013, 2014 წლების არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება მშვიდობიანად ჩატარებას, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა ძირითადად მშვიდობიანად და ამომრჩეველს ჰქონდა ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა და ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნებისმიერ არჩევნებზე. რაც შეეხება პრობლემებს, ისინი შეიქმნა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების ეტაპზე“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და აქტივისტებს შორის, საარჩევნო უბნებისა და დოკუმენტაციის დაზიანებას, ზეწოლას დამკვირვებლებზე, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორი წარმომადგენლის ფიზიკურ შეურაცხყოფას. განსაკუთრებით უხეშ დარღვევებს ჰქონდა ადგილი მარნეულის #48 უბანზე, სადაც ჩაიშალა ხმის მიცემის პროცესი იმის გამო, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას: საარჩევნო უბანზე ქვებით ჩაამსხვრიეს ფანჯრები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. ასევე დაარბიეს ზუგდიდის #108 უბანი. საფრთხე შეექმნა უბანზე მყოფი პირების უსაფრთხოებას, მათ შორის, საიას დამკვირვებელს, რომელმაც ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის, 2 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ ინციდენტი. უბნის გარე პერიმეტრზე ქუთაისის 90-ე უბანზე მომხდარი დაპირისპირება მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშიც, რომლის ერთ-ერთი ავტორი, ეკა გიგაური, ამბობს, რომ ორგანიზაციის მიერ მივლენილმა დამკვირვებლებმა, ჯამში, 10 საჩივარი დაწერეს.

„აუცილებლად უნდა გაუქმდეს შედეგები რამდენიმე უბანზე, კერძოდ, ზუგდიდის ორ უბანზე, რომლებიც დაარბიეს და, ასევე, მარნეულის 48-ე უბანზე. მიუხედავად იმისა, რომ ყუთი არ გაუტაციათ, არჩევნების მიმდინარეობა იმდენად შეფერხდა, რომ სწორი იქნება, თუკი ამ უბნის შედეგები გაუქმდება და ხელახლა ჩატარდება კენჭისყრა. ასევე მნიშვნელოვანია გამოძიების ჩატარება და დამნაშავეთა დროული დასჯა“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

ეკა გიგაურის თქმით, ჯამში, 3 700-ზე მეტი უბნიდან მხოლოდ ხუთ უბანზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევები, თუმცა არჩევნებმა ასევე გამოავლინა მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები, რომელთა გადაწყვეტა საჭიროებს სისტემურ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის დახვეწა, საუბნო და საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების წევრების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების გადახედვა და უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG