Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე მიანიშნებს აფხაზეთში ჩატარებული უკანონო არჩევნები


“საპარლამენტო არჩევნები” სოხუმში
“საპარლამენტო არჩევნები” სოხუმში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამოცხადდა წინასწარი შედეგები ე. წ. საპარლამენტო არჩევნებისა, რომელსაც უკანონოდ მიიჩნევს როგორც თბილისი, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. წინასწარი შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვა ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც რუსეთის პოლიტიკის მიმართ გარკვეული წინააღმდეგობით გამოირჩეოდა. ანალიტიკოსების აზრით, პროცესები მიანიშნებს დაპირისპირების გამწვავებაზე პოლიტიკური ელიტის მომხრეებს შორის, თუმცა ეს ბევრს არაფერს შეცვლის საქართველოსთვის. ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ, რუსეთისა და აფხაზეთის წყაროების ცნობით, არაღიარებული რესპუბლიკებისა და რუსეთის გარდა, აფხაზეთში ე. წ. არჩევნებს მეთვალყურეობდნენ პარლამენტარები ბელორუსიიდან. თუმცა მინსკში ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

გადმოწერა

აფხაზეთში გამართული ე. წ. არჩევნები შემდგარად გამოაცხადა მოსკოვმა. როგორც დუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა აღნიშნა სოხუმში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, „არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა“, თუმცა ზატულინს, ცხადია, არ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ კენჭისყრას აბსოლუტურად უკანონოდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობა და შეუძლებელია, რომ პროცესი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში შეფასდეს. წერილობით განცხადებაში, რომელიც 12 მარტს გამოაქვეყნა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა მაია კოციანჩიჩმა, ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ ცნობს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ტექსტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს 12 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს, მეტყველებს ასევე პროცესის მეთვალყურეთა შემადგენლობაც, რომლის შესახებ აქტიურად იუწყება რუსულენოვანი მედია. ამ მონაცემებს ემთხვევა ინფორმაცია, რომელიც რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ მიაწოდა სოხუმელმა კორესპონდენტმა ელენა ზავოდსკაიამ:

დღეს აფხაზეთში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პროქართულად შეიძლება იყოს განწყობილი. ასეთი ძალა აფხაზეთში არ არსებობს და ვერც იარსებებს. თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოდგენილია დღეს აფხაზეთის პოლიტიკურ რეალობაში, მეტ-ნაკლებად ლოიალურია რუსეთის მიმართ...
ლევან გერაძე

„აფხაზეთში არჩევნების მონიტორინგს ახორციელებდა 39 საერთაშორისო მეთვალყურე. მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლები, პარლამენტარები ბელორუსიის რესპუბლიკიდან, ასევე წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთიდან, „არცახა“ (მთიანი ყარაბაღიდან), წარმომადგენლები დნესტრისპირეთიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“.

როგორც ვხედავთ, აფხაზეთის ე. წ. არჩევნებს მეთვალყურეობდნენ რუსეთი და მისი თანამოაზრეები ძირითადად იმავე რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებიდან თუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან. ამ ჩამონათვალში ბევრს გაუკვირდა აღმოჩენა ბელორუსიისა, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა პრინციპული პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებასთან დაკავშირებით.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ინფორმაცია გადამოწმდა ბელორუსიის საგარეო უწყებასა და პარლამენტში და, შედეგად, არ დადასტურდა მეთვალყურის რანგში თუნდაც ერთი ბელორუსი დეპუტატის მონაწილეობა აფხაზეთის ე. წ. საპარლამენტო არჩევნებში.

რაც შეეხება საერთო პოზიციას აფხაზეთის ე. წ. არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ უკანონო არჩევნების ჩატარება „წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას“. ტექსტში რამდენჯერმეა ხაზგასმული რუსეთის ფაქტორი:

„ე. წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და, ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაციის პარალელურად, აგრძელებს მათ ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით. ამავდროულად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს წართმეული აქვთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა კი იმყოფება მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის ქვეშ, უხეშად ირღვევა რა მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ფონზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, „ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე. წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“.

იმაზე, რომ აფხაზეთში ჩატარებული ე. წ. საპარლამენტო არჩევნები სრულიად უკანონოა, საქართველოში ყველა თანხმდება და ეს აქცენტი არაერთხელ დაისვა ბოლო დღეებში გაკეთებულ კომენტარებში ხელისუფლების, ოპოზიციისა თუ ექსპერტთა წრეების წარმომადგენელთა მხრიდან. კვირას ამ თემაზე საგანგებო განცხადებები გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტისა და რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციის სახელითაც.

12 მარტის არჩევნების აბსოლუტურ უკანონობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან გერაძეც, თუმცა, მისი თქმით, თბილისს მართებს, ყურადღებით ადევნოს თვალყური საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში - განვითარებულ მოვლენებს. ანალიტიკოსისთვის უმნიშვნელო არ არის ის ფაქტი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი, ხელისუფლებაში ბრუნდება, რადგან, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ანგარიშგასაწევია ნებისმიერი ის ძალა, რომელსაც გარკვეული ზეგავლენა აქვს საზოგადოებაზე აფხაზეთში. ანქვაბის დაბრუნება, მისი აზრით, იმის მანიშნებელია, რომ ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ალექსანდრე ანქვაბი
ალექსანდრე ანქვაბი

უკვე ცნობილია, რომ ალექსანდრე ანქვაბი იმ 12 დეპუტატს შორის მოხვდა, რომლებმაც 50 %-იანი ზღვარი პირველსავე ტურში გადალახეს და რომლებიც ნამდვილად შევლენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალ პარლამენტში. დანარჩენი 23 დეპუტატის ვინაობა 26 მარტისთვის დაგეგმილი ხელახალი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტის პოსტი ალექსანდრე ანქვაბმა, ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, 2014 წლის 1 ივნისს დატოვა, რის შემდეგაც ჩატარდა ე. წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ლევან გერაძე შეგვახსენებს, რომ ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთში წინააღმდეგობა შეხვდა რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალისთვის შეთავაზებულ იდენტურ დოკუმენტებს. საუბარია ე. წ. ხელშეკრულებაზე მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამ მხრივ რუსეთს აფხაზეთში გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუხდა. ასევე ალექსანდრე ანქვაბის სახელს უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგების სკანდალიც. თუმცა ლევან გერაძე შორს არის იმ აზრისგან, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მოიძებნება საქართველოს ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა:

„დღეს აფხაზეთში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პროქართულად შეიძლება იყოს განწყობილი. ასეთი ძალა აფხაზეთში არ არსებობს და ვერც იარსებებს. თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოდგენილია დღეს აფხაზეთის პოლიტიკურ რეალობაში, მეტ-ნაკლებად ლოიალურია რუსეთის მიმართ. უბრალოდ, მათ უკან დგანან სხვადასხვა წრეები რუსეთის ფედერაციაში“.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე ოტობაია-ორსანტიისა და ნაბაკევი-ხურჩის საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, რაც, ბევრის აზრით, სოხუმმა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცია, ლევან გერაძის თქმით, ეს პროცესი შეუქცევადი არ არის და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მუშაობის შედეგად, შესაძლოა, თავად აფხაზებმაც აღიარონ, რომ გზების ჩაკეტვა არც მათთვის არის ხელსაყრელი. სხვათა შორის, ხსენებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები 2013 წლის მაისში, ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, გაიხსნა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG